28
Jan
2019

ინფლუენსერებს სარეკლამო პოსტებზე მიღებული საჩუქრის, ან ფულადი ანაზღაურების მითითება მოუწევთ

28 Jan 2019

დიდ ბრიტანეთში მიღებული კანონის თანახმად, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა ისჯება ჯარიმით, ან ორ წლამდე პატიმრობით. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანომ – კონკურენციისა და ბაზრის მართვის დეპარტამენტმა – CMA, ბრიტანელი ბლოგერები და პოპვარსკვლავები აიძულა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების საფუძველი მიეთითებინათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახლა ცნობილ ადამიანებს მოუწევთ ზუსტად მიუთითონ, გადაუხადა თუ არა მათ ფული, ან აჩუქა თუ არა მათ რამე დამკვეთმა, გამოქვეყნებული სარეკლამო პოსტის სანაცვლოდ.

CMA-ს მოთხოვნას უკვე დათანხმდა რამდენიმე ბრიტანელი სოცმედია ვარსკვლავი, თუ ბლოგერი. მათ შორის, მომღერალი რიტა ორა, მოდელი ალექსა ჩანგი, ასევე ვლოგერი ზოელა.

CMA-ს ცნობით, ცნობილი ადამიანების მიერ გამოქვეყნებული პოსტებით ესა თუ ის ბრენდი მოგებას ნახულობს და ცნობადობას ზრდის. თუ სელებრითები მარეგულირებლის ახალ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, არ არის გამორიცხული, რომ საქმე სასამართლომდე მივიდეს, რაც შესაძლოა ჯარიმით, ან ორწლიანი პატიმრობით დასრულდეს.

ჯერჯერობით, უცნობია, როგორ აისახება ეს მოვლენა მსოფლიოში გავრცელებულ ინფლუენსერ მარკეტინგზე, რომელსაც სხვადასხვა ბრენდი ასე აქტიურად მიმართავს. თუმცა, მსგავსი რეგულაცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ბრიტანელ ინფლუენსერებს ეხებათ.

განხილვა