in

ნახეთ: შვეულმფრენმა “Ingenuity” მარსზე პირველი ფერადი ფოტო გადაიღო!

მან ერთი თვის განმავლობაში 5 ფრენა უნდა განახორციელოს

veon
veon

NASA-ს მიერ მარსმავალ Perseverance-თან ერთად მარსზე გაშვებულმა მცირე ზომის შვეულმფრენმა Ingenuity წითელ პლანეტაზე პირველი ფერადი ფოტო გადაიღო. მასზე ჯეზეროს კრატერში მიმოფანტული ქვები და როვერის ორი ბორბალი ჩანს.

კადრი, რომელიც სააგენტომ გამოაქვეყნა,1.8 კილოგრამის წონის შვეულმფრენზე დამონტაჟებულ კამერას ეკუთვნის. ეს 3 აპრილს მას შემდეგ მოხდა, რაც Persy-მ საფრენი აპარატი წითელი პლანეტის ზედაპირზე დაუშვა და რამდენიმე მეტრით მოშორდა, რათა მზის ენერგიაზე მომუშავე შვეულმფრენის ელემენტები დატენილიყო.

როგორც მეცნიერები იუწყებიან, მომდევნო დღეებში Persy შვეულმფრენს უფრო დიდი მანძილით დაშორდება და ისეთ ადგილზე განთავსდება, საიდანაც მისი ფრენის დაფიქსირება იქნება შესაძლებელი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მოწყობილობა პირველად 11 აპრილს აფრინდება და ასეთ მდგომარეობას 30 წამის განმავლობაში შეინარჩუნებს. მთავარ მიზანს კი იმის დამტკიცება წარმოადგენს, რომ მარსზე საძიებო რეჟიმის გააქტიურება შესაძლებელია…

რა თქმა უნდა, თუ Ingenuity წარმატებით განახორციელებს ერთ თვიან გეგმას – ანუ, ამ პერიოდში 5 ფრენას შეასრულებს, მარსზე განხორციელებული მომავალი მისიები შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ შვეულმფრენს მოიცავდეს, როგორც კვლევის ნაწილს.

მართალია, აღნიშნულ შვეულმფრენს არ გააჩნია რაიმე სამეცნიერო ინსტრუმენტი, მაგრამ ის ფრენის დროს მკვეთრი ფოტოების გადაღებას შეძლებს. თავის მხრივ, ამ მოქმედებას როვერი MastCam-Z-ის მეშვეობით დააფიქსირებს და აუდიოს ჩაწერასაც ეცდება, თუმცა ამ მხრივ, მეცნიერები გარანტიას ვერ იძლევიან.

შეგახსენებთ, რომ მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში $2.7 მილიარდი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა.

“ცხენების დოღი, ეძღვნება ედგარ პრადოს” – დედიკას გალერეა მიშა გოგრიჭიანის გამოფენას მასპინძლობს

როგორ ვუშველოთ “გადაწვას” მუშაობით?