12
Dec
2019

გამომცემლობამ “რუსთაველი 850” უნიკალური ინგლისურენოვანი ვეფხისტყაოსანი გამოსცა

12 Dec 2019

“საქართველოში საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ვეფხისტყაოსანს შეხვდები. ის უბრალოდ ყველგან და ყველაფერშია.”

ალბათ, არაფერი დამამახსოვრდა ახალი, უნიკალური ინგლისურენოვანი ვეფხისტყაოსნის პრეზენტაციიდან ისე, როგორც ეს სიტყვები. მით უფრო, რომ ზემოთ ნახსენები ფრაზა უცხოელმა სტუმარმა თქვა.

ყველგან და ყველაფერში რომაა, ცხადზე ცხადია. XII საუკუნეში შექმნილი შედევრი საუკუნეებია, უდიდეს სიამაყედ გასდევს ქართველი ერის არსებობას. არასდროს ძველდება – მეტიც, რაც დრო გადის, უფრო მეტ ახსნას და გაგებას იძენს იგი. ესეც ალბათ იმიტომ, რომ რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ, ერთგვარი უსასრულობასავითაა..

სულ ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს ბანკის უძველეს ფილიალში სწორედ ამ საგანძურის კიდევ ერთი, ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი მარჯორი უორდროპისეულ თარგმანსა და წერეთლისეულ ილუსტრაციებს აერთიანებს.

ეს სწორედ ის თარგმანია, რომელიც პირველად, 1912 წელს, მარჯორის ძმამ, ოლივერ უორდროპმა გამოსცა. ზემოხსენებული წერეთლისეული ილუსტრაციები კი საქართველოსთვის ცალკე საგანძურს წარმოადგენს, რომლებმაც წლების განმავლობაში საკამოდ დიდი ისტორია განვლო – მათი საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა.

2019 წლის ინგლისურენოვანი გამოცემის ავტორი გამომცემლობა “რუსთაველი 850-ია”. წიგნი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში გამოვიდა.

საინტერესოა, რომ თარგმანის პრეზენტაცია სწორედ იმ სივრცეში გაიმართა, რომელშიც მარჯორი და ოლივერ უორდროპი შეხვედრებზე ხშირად დადიოდნენ. საღამოზე მოსულმა სიტყვით გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოება ერთგვარად წარსულში დაგვაბრუნეს და ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკკენზიც იყო.

საღამო წინანდლის ღვინოს დაგემოვნებით დასრულდა, რომელიც, ვფიქრობ, ქართველებისთვის ცალკე საგანძურს წარმოადგენს.

და მაინც, ეს საღამო ალბათ იმის დადასტურება იყო, რომ ვეფხისტყაოსანს ხანგრძლივი სიცოცხლე უწერია, ვინ იცის, იქნებ სამუდამოც..

 

წიგნის შეძენის მსურველები ეწვიეთ ბმულს. 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა