მიუხედავად იმისა, რომ ჩაის ტრადიციები ბევრ ქვეყანაშია და ეს ჩვენი რუბრიკის წინა სტატიებმაც დაგვანახვა, შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანელები განსაკუთრებით ამაყობენ “ჩაის მოყვარული ხალხის” წოდებით.
ბრიტანელები ჩაის ცერემონიებს დღესასწაულებსა და განსაკუთრებულ დღეებში აწყობენ. ეს შეიძლება იყოს ქორწილი, დაბადების დღე ან ახალი წელიც კი. ზოგიერთ სასტუმროში ჩაის ცერემონიები აქვთ სპეციალური სტუმრებისათვის, ხოლო ტურისტები, როცა ინგლისში მიდიან, წინასწარ ეცნობიან ამ კულტურას, რათა ადგილზე ჩასულებმა მიიღონ ჩაის დალევის ბრიტანული გამოცდილება.
ჩაის დალევა ტრადიციად
ინგლისური ისტორია გვამცნობს, რომ დედოფალმა ანამ ინგლისური ჩაის ცერემონიის საპატიო ტრადიციები 1665 წელს წამოიწყო. ეს ის წელია, როცა ინგლისმა დაიწყო ჩაის იმპორტი აზიის ქვეყნებიდან. ამის შემდეგ ჩაის დალევამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გახდა ჩვეულება ინგლისის ბევრ სახლში 1700 წლისთვის. მარტო ლონდონს იმ დროს ჰქონდა ასობით მაღაზია, რითაც საზეიმო ფორმას აძლევდა მას ინგლისურ კულტურაში.
ჩაის მოდის შემოღება
მე-19 საუკუნეში ბედფორდის ჰერცოგინიის მიერ დაწესებულ ამ ტრადიციას ბრიტანელები დღემდე სიამოვნებით იცავენ. მაშინ შუადღეს ძალიან მსუბუქად სადილობდნენ და ჰერცოგონია სადილის მერე ჩაის მიირთმევდა ხოლმე. გარკვეული დროის შემდეგ მან მეგობრების მოწვევა დაიწყო და ჩაის დალევა ამ დროს მოდაში შემოვიდა.
ეს არ იყო უბრალოდ ჩაის დალევა, არამედ მან თან მოიტანა არტეფაქტების, ჭურჭლისა და დესერტების მოდის შემოღებაც, რომელიც ჩაის უხდებოდა. ჩაის დამზადების განუყოფელ ნაწილად ჩაის საწურები, რძის ქილები, შემწვარი ნაღები და ვერცხლის ჩაიდნები იქცა და დღემდე ითვლება ინგლისური ჩაის მიღების აუცილებელ კომპონენტებად.
დღესაც, ისევე როგორც მე-19 საუკუნეში, ხშირად იწვევენ შუადღის ჩაიზე ახლობლებსა და მეგობრებს, ასევე მიღებულია ჩაის დალევა სამსახურშიც. უფრო ელიტარულ ჩაი მიღებებზე რძე, შაქარი და ლიმონი ყოველთვის ყველა გემოვნებით არის მოწოდებული. ჩაი მზადდება ხუთი კარდინალური წესის მიხედვით, რომლებიც, როგორც წესი, ბრიტანულია. ესენია: ძლიერი შავი ჩაი, აფრიკული და ცეილონის ჩაის ნარევი.
ჩაი საუზმედ
სტანდარტული დილის ჩაი ბრიტანეთში შემდეგნაირად გამოიყურება: მას აუცილებლად ახლავს რძე და სხვა დანამატები. იგი, ასევე, ცნობილია, როგორც მშენებლების ჩაი, რადგან ეს ადრე იყო სასმელი, რომელსაც მუშები დილის შესვენებებზე მიირთმევდნენ.
დილის ჩაის უმეტესად პირდაპირ ფინჯანშივე, შავი ჩაის პაკეტით ადუღებენ და მიირთმევენ მსუბუქ სენდვიჩთან ან ნამცხვართან ერთად. ამ გზით ბრიტანელთა დიდი უმეტესობა იწყებს თავის დღეს.
იცოდით, რომ:
- ბრიტანელები სიტყვით “ჩაი” მხოლოდ სასმელს არ აღნიშნავენ, არამედ იმ საკვებსაც, რომელიც შეიძლება მოუხდეს ჩაის სუფრას;
- ბრიტანეთში არსებობს ტერმინი “დაბალი” და “მაღალი” ჩაი. დაბალ ჩაის მიირთმევდნენ დაბალ სკამებზე და დივანზე დაბალი მაგიდებით , ხოლო მაღალ ჩაის მიირთმევდნენ მაღალ სკამებზე მაგიდის გარშემო;
- 1 საშუალო ბრიტანელი ყოველწლიურად სვამს 876 ფინჯან ჩაის, რაც საკმარისია ორი აბაზანის შესავსებად;
- ფინჯანი ჩაი ბრიტანული კულტურის მშობლიური გახდა და მიუხედავად იმისა, რომ „მშენებლის ჩაი“ ბრიტანელებისთვის ნომერ პირველი არჩევანია, მწვანე, მცენარეული და ხილის ნარევები ბოლო წლებში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა;
- სასმლის გარდა ჩაის ზოგჯერ სხვა დანიშნულებითაც იყენებენ. მაგალითად, ამბობენ, რომ ცივი ჩაი კარგად აშუშებს მზის დამწვრობას.
მიუხედავად იმისა, რომ დღესღეობით, გადატვირთული რეჟიმისა და შეცვლილი ცხოვრების ტემპის გამო, შესაძლოა რიგითი ინგლისელი სისტემატურად ვეღარ ატარებდეს ჩაის ცერემონიებს, ერთი რამ ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ჩაის კულტურა საკმაოდ მაღალ ფასეულობებზე დგას. ნამდვილი ინგლისური ჩაის სერვირების განუყოფელი ნაწილია რამდენიმესაფეხურიანი სადგამი ტკბილეულის გასაწყობად და სპეციალურად ჩაისთვის გამოყოფილი კომპლექტის ჭურჭელი. თუკი ოდესმე ჩაის ინგლისურ ყაიდაზე მომზადება დაგჭირდებათ, ერთი რჩევაც გაითვალისწინეთ – არასოდეს გამოიყენოთ ერთი და იგივე კოვზი რამდენიმე ფინჯანი ჩაის მოსარევად, ეს ბრიტანელებისთვის შეურაცხმყოფელად ითვლება, ხოლო თუ თქვენთან სტუმრად სხვადასხვა ადამიანი იმყოფება, აუცილებლად გამოჰკითხეთ დაწვრილებით, როგორი ჩაი მოსწონს მას და ნუ შესთავაზებთ ყველას ერთნაირ ვერსიას. ბრიტანელებისა და განსაკუთრებით, ინგლისელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი მომზადებული ჩაით ყველა გარშემომყოფი კმაყოფილი დარჩეს.
რუბრიკის წარმდგენია მანნა.