19
Mar
2019

მთაში წასულ მასწავლებელს, შესაძლოა, მიწის ნაკვეთი და სხვა ქონება გადაეცეს

19 Mar 2019

პარლამენტში, მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგების პრობლემებზე მსჯელობისას, რამდენიმე ინიციატივა გაჟღერთდა. edu.aris.ge-ის ინფორმაციით, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილია მასწავლებლების გადამზადება, რომლებიც, შემდეგ, რამდენიმე საგანს ერთად ასწავლიან.

ნუკრი ქანთარიას თქმით კი, მალე, განხორციელდება იდეა – მთაში სამუშაოდ წასულ პედაგოგს, სარგებლობაში გადაეცეს გარკვეული ქონება, რომელიც შემდეგ მისი საკუთრება გახდება.

„განათლების სამინისტროში უკვე არის აზრი, რომ მთაში წასულ მასწავლებელს ჰქონდეს გადამზადება რამდენიმე საგანში. მასწავლებელი ასწავლის არა ერთ საგანს, არამედ, რამდენიმე საგანს. მაგალითად, გეოგრაფიას, ისტორიას. . . ასეთი მიმართულება ისედაც არის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში, რომ ასე ერთობლივად, რამდენიმე საგნის სწავლებას თავის პრიორიტეტი აქვს. ასევე მომხრე ვარ იმის, რომ მასწავლებელს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა სკოლაში ჰქონდეს სრული დატვირთვა თუ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ერთი საათის ჩატარებისთვის, თუ მაგალითად ბარში არის 20 ლარი, მთაში იყოს – 30 ლარი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ნუკრი ქანთარიას თქმით, სამინისტროში უკვე ჰქონდა საუბარი, რომ სოფლად და მთაში წასული პედაგოგები წაახალისონ.

„ასეთ ვარიანტზეც გვქონდა მსჯელობა, რომ მასწავლებელი სოფლად და მაღალმთიან რეგიონში თუ ჩავა, მას მივცეთ კარმიდამო, ნაკვეთი და პირუტყვი, რომ ასე თუ ისე, ჰქონდეს ეს ყველაფერი და რამდენიმე წლის მერე გადავიდეს პირად საკუთრებაში, ეს ინიციატივა იყო, გვქონდა საუბარი ამაზე და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს საქმეში გადავა“.

განხილვა