in

5 პრაქტიკა ინკლუზიური ჰიბრიდული სამუშაო გარემოს შესაქმნელად

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ერთი დიდი ცვლილება გველის, რომელიც ჰიბრიდულ მუშაობას შეეხება. იმისათვის, რომ დამსაქმებლებმა უზრუნველყონ თანასწორობა, მაქსიმალური პროდუქტიულობა და შეინარჩუნონ კულტურული თანმიმდევრულობა ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში, მათ უნდა გაითვალისწინონ ინკლუზიის ეს ხუთი პრაქტიკული ასპექტი:

pasha-statiebi
pasha-statiebi

რეკრუტირება და დისტანციური ადაპტაცია

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დასაქმების საკითხები ფიზიკურიდან ვირტუალურ რეჟიმზე გადაიყვანა. შედეგად, ბევრი თანამშრომელი არც კი შეხვედრია თავის უფროსს მუშაობის უშუალოდ ოფისიდან დაწყებამდე. ამ პრაქტიკის წარმატებით დანერგვას გარკვეული უპირატესობები აქვს: პირველ რიგში, ის ამცირებს ტერიტორიული დისტანციით გამოწვეულ ბარიერებს; ასევე, ის განსხვავებული გამოცდილებისა და მოლოდინების გაზიარება/გათვალისწინების შესაძლებლობას იძლევა.

უფრო თანმიმდევრული პროცესის შესაქმნელად კი, შეგვიძლია ვისწავლოთ ის, რაც პანდემიამ ნათლად დაგვანახა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სახლიდან მომუშავე ადამიანების ინფორმირება. მაგალითად, უნივერსიტეტებმა, რომლებმაც ონლაინ სწავლება გადაწყვიტეს, აღმოაჩინეს, რომ გრძელი ლექციების დაყოფა დაახლოებით 15-წუთიან სეგმენტებად საუკეთესოდ მუშაობს. ფირმებს შეუძლიათ შექმნან მოკლე ვიდეოების კატალოგი, რომელიც საქმიანობის ყველა ასპექტს აღწერს — მაგალითად, ერთგვარი გაიდი ტექნოლოგიების დაყენების და პროცესებში ნავიგაციისთვის. შემდეგ დამსაქმებელს შეუძლია, ახალი მონაწილეები სპეციალურ სესიაზე შეკრიბოს, სადაც ამ ვიდეო კატალოგებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმით ინდივიდუალური საჭიროებების თანმიმდევრულ ადაპტაციას ჩაეყრება საფუძველი.

სამსახურში წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია სწორი მომზადება და პროფესიული ტრენინგი. ამასთან, დისტანციურად მუშაობა ტექნიკურ შესაძლებლობებს მზარდ მნიშვნელობას ანიჭებს — მათთვის, ვინც ნაკლებად ფლობს ტექნიკურ უნარებს, იმპროვიზებული სახლის ოფისის შექმნა უფრო რთული აღმოჩნდა. ამან ძალიან ბევრი დეტალის საჭიროება გამოაჩინა, რაც ოფისში ყოფნისას ერთი შეხედვით ბუნებრივი და თავისთავადი იყო. მანამდე თუ IT პროფესიონალი ზრუნავდა ტექნიკურ საჭიროებებზე, ახლა მათი მიმართულებით იმატა კითხვებმა: „როგორ გავაკეთო?“ „რატომ არ მუშაობს?“ და ა. შ. ამიტომაც, ყველა კომპანია მზად უნდა იყოს ონლაინ მომუშავე IT თანამშრომლის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, ტრენინგები შეიძლება არათანმიმდევრული იყოს და მენეჯერების თუ თანამშრომლების საჭიროებების მიხედვით განსხვავდებოდეს. ამასთან, შესაძლებელია ე. წ. მეგობრების სისტემის დანერგვა — ანუ, დააწყვილონ ახალბედები უფრო გამოცდილ თანამშრომლებთან, რათა ყოველდღიურ არაფორმალურ კითხვებზე მიიღონ პასუხები.

ერთად მუშაობა

შესაძლოა, ფიზიკურმა დაშორებამ ფსიქოლოგიური დისტანციაც გამოიწვიოს — მით უმეტეს მაშინ, როცა ოფისში მუშაობისას ბევრად ადვილია კოლეგებს შორის კავშირის უზრუნველყოფა. ერთი შეხედვა ხშირად საკმარისია იმის სათქმელად, რომ მაგალითად, „ბუღალტერს ცუდი დღე აქვს“. ოფისში კომუნიკაცია უშუალო ურთიერთობებს უზრუნველყოფს და საქმის ხარისხზეც შესაბამისი გავლენა აქვს — როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. მთლიანობაში, ეს არაფორმალური კომუნიკაციები უფრო მეტად უწყობს ხელს ორგანიზაციის კულტურასა და ფუნქციონირებას, ვიდრე საკომუნიკაციო მედია, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა და მყისიერი შეტყობინებები.

ამისათვის ერთ-ერთი გამოსავალია ვირტუალური ოფისის კარის გაღება. ხილული ნიშნების გარეშე, თუ რამდენად დაკავებულია კოლეგა, ადამიანებმა შეიძლება იყოყმანონ დაკავშირებაზე. შესაბამისად, დისტანციურად მუშაობისას შეგიძლიათ „სანდო სტატუსის ზოლი“ გამოიყენოთ, რათა კოლეგებს ან დაკავებულობა აცნობოთ, ან პირიქით.

კონფლიქტის მოგვარება

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად მუშაობის ერთ-ერთი უპირატესობა ხშირი კონფლიქტის თავიდან არიდებაა, მას ინტერპერსონალური კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია. როდესაც ვინმე უკვე თავს მარგინალიზებულად გრძნობს, მისთვის უფრო რთულია კომუნიკაციის პრობლემებზე საუბარი, რაც გუნდური მუშაობის ხარისხს ამცირებს — განსაკუთრებით რთული ან შემოქმედებითი ამოცანების შესრულებისას, სადაც ალტერნატივები და დისკუსია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გარემოს შექმნა, სადაც ყველას ხმა ისმის, მოითხოვს ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, რათა თანამშრომლებს ღიად საუბარი შეეძლოთ ინტერპერსონალური კონფლიქტის დროს. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა იმის ჩვენებაა, თუ როგორ გამოიყურება ჯანსაღი კონფლიქტი. სხვა სიტყვებით, თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ, რომ კრიტიკის მიღება ყველანაირი პიროვნული განსჯის გარეშე შეიძლება.

გუნდის ერთიანობა

ასევე, ეკონომიკური გაურკვევლობის დროს თანამშრომლები უფრო ხშირად ჯგუფდებიან — როგორც წესი, გარკვეული მსგავსების მიხედვით. შესაძლოა, ეს დადებით მოვლენად გეჩვენებოდეთ, მაგრამ პირიქით, კომპანიის „შიდა დანაწევრებას“ უწყობს ხელს.

ამ ჯგუფების დაშლის ერთ-ერთი ეფქტური გზა ინფორმაციის დიფუზიური ნაკადის უზრუნველყოფაა, ორგანიზაციაში „სუსტი კავშირების“ გამოვლენით. კავშირების სიძლიერე დროის, ინტენსივობისა და სიახლოვის დონეზეა დამოკიდებული. ძლიერს იმ ურთიერთობებს უწოდებენ, როცა ერთი და იმავე კოლეგები გამუდმებით პირად თუ საქმიან კავშირს ამყარებენ ერთმანეთთან. თუმცა სუსტი კავშირები, როგორიცაა უბრალოდ ნაცნობები ან შემთხვევითი კონტაქტები, არ უნდა იყოს უგულებელყოფილი, რადგან ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელებისთვის.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თანამშრომლების პირადი ან კოლექტიური წარუმატებლობა რაიმე სიტუაციას არ მიეწერება; ხოლო დისტანციურად დასაქმებულის — მის ხასიათს.

შეთავაზებები

პოსტპანდემიურ სამყაროში, შესაძლოა, აუხსნელი ხარვეზები დავინახოთ ოფისიდან და დისტანციურად მომუშავე ადამიანებს შორის. ამ თვალსაზრისით, პროდუქტიულობა ფართოდ განსხვავდება სხვადასხვა გარემოში — მაგალითად, ზოგიერთი ჩვენგანი მეტად პროდუქტიულია ახლომდებარე ყავის კაფედან მუშაობისას, ზოგიერთს კი ოფისში მცენარეების არსებობა ახალისებს.

ჰიბრიდულ სამუშაო სამყაროში სახლის გარემო დიდ როლს შეასრულებს პროდუქტიულობის თვალსაზრისით. უბრალოდ, როდესაც სივრცეში ერთად მომუშავე ადამიანების რაოდენობა იზრდება და ერთ ადამიანზე კვადრატული მეტრის რაოდენობა მცირდება, მოსალოდნელია პროდუქტიულობის შემცირება. ასევე, ის იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა Wi-Fi-ის გადატვირთვა და, შესაბამისად, მისი შენელება.

ჰიბრიდულ სამყაროში ასევე ბუნებრივია დაჯილდოების მექანიზმების შეცვლა. თვისებები, რომლებიც აქამდე ღირებულად აღიქმებოდა, შესაძლოა, ვირტუალურ სამყაროში სულაც არ იყოს ეფექტური. წახალისების მექანიზმების არსებობა ერთ-ერთი ეფექტური გზაა იმის შესამოწმებლად, თუ ვინ რას იღებს და რატომ. თქვენი კომპანიის ჰიბრიდული სამუშაო გეგმებისა და პოლიტიკის შემუშავებისას, გაითვალისწინეთ უთანასწორობა, რომელიც ჰიბრიდულმა მუშაობამ შეიძლება შექმნას ან გაამწვავოს.

 

წყარო: HBR



Audi RS 3 LMS უკვე მესამედ გახდა წლის საუკეთესო მოდელი

საინტერესო პოდკასტი | როგორ გადმოინაცვლა ჯანმრთელობაზე ზრუნვამ ჩვენს გაჯეტებში?