ჯერ Google-მა, ახლა კი Apple-მა განაცხადა ახალი ინკლუზიური ფუნქციების შესახებ, მათ შორისაა Eye Tracking, Music Haptics, Vocal Shortcuts, Vehicle Motion Cues და მრავალი სხვა. ასე Apple თავის ძალაუფლებას ხელოვნურ ინტელექტსა თუ მანქანურ სწავლებას აერთიანებს, რათა კვლავ გააგრძელოს იმ ვალდებულების ერთგულება, რაც წლების წინ ჩვენ წინაშე აიღო, შექმნას პროდუქტები ყველასთვის.
„გვწამს ინოვაციების ტრანსფორმაციული ძალის, რომელიც ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, თითქმის 40 წელია, Apple-ისთვის უპირატესია ინკლუზიური დიზაინი, ვაგრძელებთ ტექნოლოგიების საზღვრების რღვევას და ეს ახალი ფუნქციები ასახავს ჩვენს ვალდებულებას, მივაწოდოთ საუკეთესო გამოცდილება ყველა მომხმარებელს. ახალი ფუნქციები მრავალი მომხმარებლის ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას, შესთავაზებს მათ ახალ გზებს კომუნიკაციისთვის, მოწყობილობების კონტროლისა და სამყაროში ნავიგაციისთვის“, — აცხადებს სარა ჰერლინგერი, Apple-იდან.
Eye Tracking
ფიზიკური შეზღუდვების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, iPad-სა და iPhone-ზე ნავიგაცია მხოლოდ თვალებით მოახერხონ. iPadOS და iOS აპლიკაციებშიც თავისუფლად მუშაობს და დამატებით არც არაფერს მოითხოვს. ახალი ფუნქციით მომხმარებლები Dwell Control-ის თითოეული ელემენტის გააქტიურებას შეძლებენ და დამატებით ფუნქციებზეც მიიღებენ წვდომას, იქნება ეს ფიზიკური ღილაკები, ჟესტები თუ სხვა რამ.
Music Haptics
ამ ფუნქციით Apple სიმღერებს გახდის ყველასთვის ხელმისაწვდომს, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის შეიქმნა და მათ საშუალებას აძლევს, Apple Music-ის კატალოგში არსებულ ყველა სიმღერაზე მიიღონ წვდომა.
Vocal Shortcuts
მანქანურ სწავლებას იყენებს, რათა მომხმარებელთა მეტყველება ამოიცნოს, დაიმახსოვროს და შემდგომში საჭიროებისამებრ გამოიყენოს. შექმნილია მეტყველების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის — „Speech Accessibility Project იმისათვის შეიქმნა, რომ დაეხმაროს კომპანიებსა და უნივერსიტეტებს, აქციონ მეტყველების ამოცნობა მეტად ძლიერ და ეფექტურ პროცესად”.
Vehicle Motion Cues
როგორც ვიგებთ, ახალი გამოცდილებაა iPhone-ისა და iPad-ისთვის, რომელიც მოძრავი მანქანების მგზავრებს ე. წ. მოძრაობის ავადმყოფობას გაუმარტივებს. ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ სენსორული კონფლიქტითაა გამოწვეული იმას შორის, რასაც ადამიანი ხედავს და რასაც განიცდის. Vehicle Motion Cues კი მომხმარებლებს ეკრანის კიდეზე მანქანის მოძრაობის ცვლილებებს აღუწერს, რაც სენსორული კონფლიქტის შემცირებას შეუწყობს ხელს. iPhone-სა და iPad-ში ჩაშენებული სენსორებით Vehicle Motion Cues ამოიცნობს, როდის იმყოფება მომხმარებელი მოძრავ მანქანაში და შესაბამისად დაიწყებს რეაგირებას.
CarPlay: Voice Control, Color Filters & Sound Recognition
ხმის კონტროლის ფუნქციით მომხმარებლებს, როგორც სახელი გვეუბნება, აპლიკაციების ხმით კონტროლი შეეძლებათ. ხმის ამოცნობის ხელსაწყო კი სმენის პრობლემების მქონე ადამიანებს გაფრთხილებას მისცემს მანქანის ხმების შესახებ, ხოლო ფერთა სიბრმავის მქონე ადამიანებს ფერად ფილტრებს შესთავაზებენ, რომელიც CarPlay-ის ინტერფეისის ვიზუალურ აღქმას გაამარტივებს.
VisionOS Live Captions
აქ უკვე Live Captions-ის ფუნქციაზე საუბრობენ, რომელიც, სმენის პრობლემების მქონე ადამიანების ჩათვლით, ყველას მისცემს საშუალებას, მიმდინარე დიალოგში რეალურ დროში სუბტიტრების საშუალებით ჩაერთონ.
„Apple Vision Pro უდავოდ ყველაზე ხელმისაწვდომი ტექნოლოგიაა მათ შორის, რაც გამომიყენებია. როგორც ადამიანი, რომელიც ხელებისა და სიარულის უნარის გარეშე დაიბადა, ვიცი, რომ მსოფლიო ჩემნაირი ადამიანების გათვალისწინებით არ შექმნილა, ამიტომ, შესანიშნავი იყო visionOS-ს ნახვა. ეს ადასტურებს ინკლუზიური დიზაინის ძალისა და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას“, — აცხადებს რაიან ჰადსონ-პერალტა, Equal Accessibility LLC-ის თანადამფუძნებელი.
ეფლის განცხადებით, აღნიშნული ფუნქციები წლის ბოლოს ჩაეშვება.