საქართველოში სამოსის ბევრი დიზაინერი მოღვაწეობს, თუმცა საბავშვო ხაზის მასიური წარმოება ამ დრომდე არ ხდებოდა. სწორედ ამიტომ, დიზაინერმა ლიკა გოგლიძემ შექმნა ბრენდი – INKY GOLD – საბავშვო სამოსის ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ ქართველების, უცხოელების ინტერესის ობიექტიც გახდა.
ბრენდის ისტორიის შესახებ MARKETER-ს INKY GOLD-ის დამფუძნებელი ლიკა გოგლიძე და მენეჯერი ანუკი მჭედლიშვილი ესაუბრნენ.
M: რატომ გადაწყვიტეთ საბავშვო სამოსის ბრენდის შექმნა?
ლიკა: იტალიაში ფეშენ დიზაინს ვსწავლობდი და მაშინ გამიჩნდა იდეა საქართველოში ამ მიმართულებით მემუშავა. როცა აქ დავბრუნდი, საბავშვო სამოსის მხრივ არაფერი იყო განვითარებული. გადავწყვიტე ამ მიმართულებით მემუშავა. ჩამოვაყალიბე გუნდი და ჩვენ შესახებ სოციალური ქსელით მომხმარებელს, მათ შორს უცხოელებს ინფორმაცია მივაწოდეთ. ონლაინ მაღაზიით შეკვეთას სხვადასხვა ქვეყნიდან ვიღებდით. ქართული ბაზარზეც რომ გაჩნდა ინტერესი ჩვენი სამოსისადმი, მაღაზია გავხსენით.
რადგან განსხვავებული ბიზნესია, შოუ-რუმებში ვიღებდით მონაწილეობას, რომ გაგვეგო საბავშვო ასაკისთვის მომხმარებელს რა აინტერესებს. თინეიჯერები საკუთარი სურვილით ირჩევენ მოდელებს. ბავშვების სამოსის დიზაინს მშობლები გვიკვეთავენ.
ანუკი: თავიდან ონლაინ მაღაზია გვქონდა, რომელიც ძირითადად უცხოელებზე იყო გათვლილი. ჩვენი ტანსაცმელი საქართველოში იკერება. ერთი წლის განმავლობაში ძირითადად შოუ-რუმებზე გვქონდა აქცენტი გაკეთებული-საბავშვო სამოსის ტენდენციას ვიკვლევდით. საქართველოში მაისში წერეთლის გამოფენაზე შოუ-რუმი მოვაწყვეთ. ძალიან დიდი დაინტერესება გვქონდა, ბევრი სამოსი გაგვეყიდა და აქედან წამოვიდა მაღაზიის გახსნის იდეა, რადგან მომხმარებლის დაინტერესება დავინახეთ.
M: უცხოელი მომხმარებლისგან დაინტერესება დღესაც არსებობს?
ლიკა: დღემდე გრძელდება მათი მოთხოვნა. საზღვარგარეთაც ვაგზავნით პროდუქციას და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გაფართოებასაც ვგეგმავთ. გვინდა რომ ჩვენი ნაწარმი საზღვარგარეთ გავიტანოთ.
M: რამდენი ადამიანია გაერთიანებული კომპანიაში?
ლიკა: თავიდან მე ვაკეთებდი ყველაფერს. ახლა გაფართოვდა ჯგუფი და 5 ადამიანი ვართ გაერთიანებული. მე დიზაინს ვაკონტროლებ. ბევრი რამ აუთსორსზე გვაქვს -ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სპეციალისტებთან.
M: რა საფასო პოლიტიკას ატარებთ და რატომ?
ლიკა: საფასო პოლიტიკა საშუალო მომხმარებელზე გვაქვს გათვლილი, რადგან ლიმიტირებულ პროდუქციას ვუშვებთ. ამ სტრატეგიას შევინარჩუნებთ.
ანუკი: ფასები დაახლოებით 80 ლარიდან იწყება. საშუალო მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული. ნაჭერი ჩამოგვაქვს უცხოეთიდან, შესაბამისდ, ძალიან კარგი ხარისხი გვაქვს.
მცირე ასაკიდან 17 წლამდე მოზარდებზე ვართ ორიენტირებული. ვმუშაობთ ექსკლუზიურ მოდელებზეც. რადგან თინეიჯერული ასაკი ძალიან პრეტენზიულია, მათ განსხვავებულ მოდელებს და გამოსასვლელ სამოსს ვთავაზობთ.
ამ ეტაპზე ჩვენს ბრენდს სოციალური ქსელით ვარეკლამებთ. ჯერ კიდევ სტარტ აპი ვართ.
M: რას გულისხმობს სახელი “INKY GOLD “და ლოგოს ავტორი ვინ არის?
ლიკა: სახელი მე მოვიფიქრე. ორი სხვადასხვა წიგნიდან ავიღე პერსონაჟების სახელები და გავაერთიანე. ლოგო საზღვარგარეთ შეიქმნა გრაფიკოს-დიზაინერის მიერ.
M: სამომავლო გეგმებს რას უკავშირებთ?
ლიკა: სამომავლოდ დედიკოების ხაზიც გვინდა გავაკეთოთ, რადგან უკვე ეს მოთხოვნაც არსებობს.
ანუკი: ასევე, ბრენდის საზღვარგარეთ გატანას ვგეგმავთ, თუმცა ჯერ საქართველოში ვაპირებთ ადგილის დამკვიდრებას.