3
Feb
2020

რატომ გვირჩევნია, ჩვენი ურთიერთობების შიდა წრე მცირე იყოს და როგორ შევქმნათ ის?

3 Feb 2020

როცა საქმე პროფესიულ თუ მეგობრულ სანაცნობო წრეს ეხება, ფიქრობთ, რომ რაც უფრო დიდი იქნება ის, მით უკეთესია, ხომ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა კი, ამ სტატიაში, გვინდა, გირჩიოთ, რომ თქვენი რესურსი ფრთხილად შერჩეული სანდო შიდა წრის შექმნაზე სჯობს, დახარჯოთ. წრის, რომელიც მცირე რაოდენობის ადამიანთა ჯგუფისგან შედგება – ერთმანეთს საერთო რწმენები და ღირებულებები რომ აკავშირებთ.

დღესდღეობით, დროის უქონლობას ყველა ვუჩივით. არ ვიცით, ერთმანეთს როგორ შევუთავსოთ სამსახური, ოჯახი და ჩვენი „თავისუფალი“ დრო, რომელსაც ჩვენი აზრით, საჭირო კონტაქტების დაგროვებას ვახმართ – ე.წ. ნეთვორქინგ ღონისძიებებზე. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი ასეთი შრომატევადი სულაც არ უნდა იყოს და არც სტიქიურად უნდა ჩაებათ სანაცნობო წრის გაფართოების ამ ფერხულში.

„მნიშვნელოვანია, პირობითად, ხუთი ადამიანი შემოიკრიბოთ თქვენს შიდა წრეში, რომლებიც თქვენზე საფუძვლიან გავლენას მოახდენენ“, – ამბობს დარაჰ ბრუშტაინი, Network Under 40-ის დამფუძნებელი. ადამიანები თქვენს შიდა წრეზე დაყრდნობით შეგაფასებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაღალი სტატუსის მქონე, გავლენიანი ადამიანების ძიებას მიჰყვეთ, საზოგადოების აღიარება რომ მოიპოვოთ. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს საახლობლოში ჭკვიანი ადამიანები იყვნენ და ჯანსაღი ურთიერთობებით, საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად გახდომაში დაგეხმარონ.

თქვენს შიდა წრეში შემავალ თითოეულ ადამიანის საკუთარი შიდა წრე ეყოლება და სწორედ ასე შეიქმნება თქვენი მყარი და ჯანმრთელი კავშირებით შექმნილი სოციალური კაპიტალი.

როგორ შევქმნათ ჩვენი შიდა წრე?

პირველ რიგში, საკუთარი თავის შეფასებით დაიწყეთ. შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში ურთიერთობების კონტროლი, თუ ამ შესაძლებლობას სხვას უთმობთ? ნებისმიერი შეკრება, რომელსაც აქამდე ესწრებოდით, დაფიქრდით, მასში თანამონაწილეობა რაიმე ნიშნით ღირებულებას გაძლევდათ?

შეიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, არაფერს გააკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის, რაიმე მხრივ, ეს აქტივობა სარფიანი არაა. მოიშორეთ ადამიანები, ვალდებულებები თუ ის აქტივობები, რომლებიც არაფერს ღირებულს არ გაძლევთ.

მეორე რიგში, თქვენი ჩვევები და აქტივობები შეაფასეთ. გასულ კვირას რით დაკავდით? ღირდა თქვენი დრო ამისთვის? რას დაუთმობთ თქვენს დროს მომავალ კვირას? რაზე იტყვით სრულიად უარს? თანხვედრაშია თქვენი ღირებულებები და ქმედებები ერთმანეთთან? – თუ ბოლო კითხვაზე მიხვდით, რომ პასუხი უარყოფითია, შეწყვიტეთ იმის კეთება, რითაც ბოლო დროს კავდებოდით. და ეს უნდა გააკეთოთ იმის მიუხედავად, თქვენი გადაწყვეტილება მეგობრებსა და კოლეგებთან უხერხულ და არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ, თუ არა.

და სულ ბოლოს, სხვები შეაფასეთ. ვისთან ინაწილებთ თქვენს დროს და ვისთან აღარ გინდათ ამის გაკეთება? ყველა ურთიერთობას გრძელვადიანი პერსპექტივიდან შეხედეთ და დარწმუნდით, რომ ის ორმხრივად სასარგებლოა. თქვენი ნაბიჯები სოციალური კაპიტალის მშენებლობის პროცესში, რეციპროკული უნდა იყოს – როგორც თქვენ მოგიწევთ ღირებულისა და დასამახსოვრებელის გაცემა, ასევე, გახსოვდეთ, რომ რეციპიენტის როლში თქვენც უნდა აღმოჩნდეთ.

დაიწყეთ საკუთარ თავზე, როგორც თქვენი გარემოს არქიტექტორზე ფიქრი. რაც უფრო ცოტა და ნამდვილი ადამიანია თქვენს ახლო წრეში, მით უფრო მარტივია მათს სურვილებსა და საჭიროებებში გარკვევა და მიღება და პირიქით, სხვებისთვის თქვენის გაზიარება და მათ მიერ მიღება. ასე შექმნით ურთიერთობების მყარ საძირკველს, რომელსაც საზოგადოების მრავალფეროვანი ნაწილისგან შემდგარ კონტაქტებსაც დააშენებთ და იქნებით კმაყოფილი თქვენი გარშემომყოფებთან ურთიერთობით. მიიღებთ იმას, რაც გინდათ და რაც გჭირდებათ.

წყარო: HBR



განხილვა