31
Oct
2018

ინოვაციური ბანაკი ბათუმში

31 Oct 2018

2-5 ნოემბერს, ბათუმში ინოვაციური ბანაკი გაიმართება. 16-დან 21 წლამდე ახალგაზრდები სამი დღის განმავლობაში მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გარშემო მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. 111 განაცხადიდან, ბანაკში დასწრება 30 მონაწილეს შეეძლება, მათ შორის არიან ახალგაზრდები აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან. ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტენქოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც GITA-ს პროექტების მენეჯერმა, მარიამ შარანგიამ მარკეტერთან ინოვაციური ბანაკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარიამ შარანგია, GITA, პროექტების მენეჯერი: “ინოვაციური ბანაკი 2-დან 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამი დღის განმავლობაში იქნება სესიები, პრაქტიკული დავალებები და გუნდური სამუშაოები. ძირითადი სამუშაო თემებია: მეწარმეობა, პროფესიული განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები. სფეროს პროფესიონალები ბანაკის მონაწილეებს თეორიულ და პრაქტიკულ რჩევებს მისცემენ.

ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ბანაკში მხოლოდ ბათუმელები არ მონაწილეობენ. შერჩეული 30-დან 19 ბავშვი ბათუმის გარშემო სოფლებიდანაა. ესაა აჭარის ინოვაციური ბანაკი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდანაც მაღალია ჩართულობა. ბანაკს, ჩვენი და ბათუმის მთავრობის მხარდაჭერით, ინოვაციების ხელშემწყობი ფონდი უკეთებს ორგანიზებას.

ბანაკის მიზანია, საქართველოს დიდ ქალაქებში სტარტაპერებისა და ინოვატორების კომუნა განავითაროს. იმ დროისთვის, როცა ამ ქალაქებში ტექნოპარკები და ჰაბები გაიხსნება, უკვე მზად იყოს საზოგადოება, ჰქონდეთ გარკვეული მოლოდინები და ბანაკის ფარგლებში გაჩენილი იდეებისთვის განხორციელების პირობები შეიქმნას.”

განხილვა