in

როგორ იყენებენ ჩატბოტებს მარკეტინგული მიზნებისთვის?

თუკი ერთხელ მაინც გამოგიყენებიათ მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის ონლაინ ჩატის სერვისი, შესაძლოა გქონიათ განცდა, რომ ის, ვისაც ესაუბრებით, შესაძლოა რობოტი იყოს. პრინციპში, მათ უფრო ბოტებს ვუწოდებთ, თუმცა არანაკლებ უცნაურ შეგრძნებას ტოვებს, როდესაც ციფრულ მექანიზმს ვესაუბრებით.

მოგწონთ თუ არა ისინი, ჩატბოტები განაგრძობენ ცხოვრებას და ბოლო წლებში, საკმაოდ პოპულარულებიც გახდნენ. ეს მანქანური სწავლისა და ენის დამუშავების ტექნოლოგიური მიღწევების გამოა. დღევანდელი ჩატბოტები უფრო ჭკვიანი, უფრო მგრძნობიარეები არიან და მეტი სარგებელიც მოაქვთ. ამ სტატიაში ინოვაციურ ჩატბოტებს მიმოვიხილავთ.

ჩატბოტები ციფრული მოსაუბრეები არიან, რომლებიც ადამიანის მსგავსად ესაუბრებიან მომხმარებლებს, წერილობით ან ზეპირსიტყვიერად. მათ, როგორც წესი, მომხმარებლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და ავტომატიზაციისთვის იყენებენ.

ჩატბოტის ტექნოლოგიის ცენტრში დგას ბუნებრივი ენის დამუშავება ან NLP. ეს იგივე ტექნოლოგიაა, რომელიც საფუძველს უქმნის ხმის ამომცნობ სისტემებს, რომლებსაც იყენებენ ვირტუალური ასისტენტები, მაგალითად, Google Now, Apple-ის Siri და Microsoft-ის Cortana.

ჩატბოტები ამუშავებენ მომხმარებლის მიერ წარდგენილ ტექსტს, პასუხამდე ალგორითმების რთულ სერიას გადიან, ინტერპრეტაციას უკეთებენ და განსაზღვრავენ მომხმარებლის ნათქვამს, გამოაქვთ დასკვნები და ამ ინფორმაციის საფუძველზე აგენერირებენ პასუხს. თანამედროვე ჩატბოტები საუბრის საკმაოდ ავთენტურ გამოცდილებას ქმნიან. ზოგჯერ რთულიც კია იმის დადგენა, ბოტია თუ ადამიანი.

ვნახოთ, როგორ იყენებენ ჩეთბოტებს მარკეტინგისთვის, უკეთესი მომხმარებლის მომსახურების უზრუნველსაყოფად, გაყიდვების ზრდისთვის და ა.შ.

Endurance-ის ჩატბოტი დემენციის მქონე პაციენტებს ეხმარება. ექიმებსა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ გადახედონ ბოტიდან აღებულ საკომუნიკაციო ჟურნალებს, რათა დაადგინონ მეხსიერების ფუნქციის პოტენციური დეგრადაცია და კომუნიკაციური დაბრკოლებები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებაზე.

Casper-ის ჩატბოტი იძილობის პრობლემის მქონე ადამიანებს ღამის გათენებაში ეხმარება. ინსომნიის პაციენტებისთვის კარგადაა ნაცნობი მარტოობის განცდა, როცა ღამის რაღაც დროს დანარჩენ სამყაროსგან მოწყვეტილად გრძნობენ თავს. ბოტი, სახელწოდებით Insomnobot 3000 ციფრული თანაშემწეა, რომელიც მიზნად ისახავს გაამხნევოს უძილობისას ადამიანი და მშვიდად დაძინებაში დაეხმაროს.

Disney-ის ჩატბოტი დანაშაულის აღმოფხვრას გამოგონილი პერსონაჟებით ცდილობს. ჩატბოტი ანიმაციური ფილმიდან Zootopia არის აღებული. შეგიძლიათ იმეგობროთ ლეიტენანტ ჯუდი ჰოპსთან ერთად დანაშაულის გასახსნელად, ფილმის ჯიუტ, გრძელყურებიან მთავარ გმირთან. ბავშვებს შეუძლიათ დაეხმარონ ლეიტენანტ ჰოპსს საიდუმლოებების გამოძიებაში, ბოტთან ურთიერთობით.

Marvel-ის ჩატბოტი, გალაქტიკის მცველებთან ერთად, თაყვანისმცემლებს საყვარელ კომიქსებში ჩაძირვას რეალური სიუჟეტების საშუალებით სთავაზობს. ჩატბოტის დახმარებით, მომხმარებლები გალაქტიკის მცველების პერსონაჟებთან საუბრობენ. ჩატბოტის დანიშნულება კომიქსებისა და ბილეთების გაყიდვაა.

UNICEF მარგინალიზებულ კომუნებს ეხმარება. ორგანიზაცია იყენებს ჩეთბოტებს განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებთან საკომუნიკაციოდ, რათა თავიანთი თემების ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებზე ისაუბრონ. ბოტი, სახელად U-Report, გამოკითხვების საშუალებით აგროვებს მონაცემებს ფართო მასშტაბით. U-Report რეგულარულად აგზავნის მომზადებულ გამოკითხვებს მთელ რიგ გადაუდებელ სოციალურ საკითხებზე და მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ პოზიცია. შემდეგ კი, UNICEF ამ გამოხმაურებას პოტენციური პოლიტიკის რეკომენდაციებისთვის იყენებს.

Roof Ai ლიდების ავტომატური გენერირებისთვის გამოიყენება. თუ თქვენ მუშაობთ მარკეტინგში, ალბათ უკვე იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ლიდების გენერირება. ლიდების გენერირების შემდეგ, ყველაზე რთული მათი განაწილება და სტატუსების მინიჭებაა. Roof Ai ჩატბოტი ეხმარება უძრავი ქონების სფეროს მარკეტერებს პოტენციურ მომხმარებლებთან ინტერაქციის ავტომატიზაციაში და ლიდებს სოციალური მედიის საშუალებით აგროვებს. ბოტი აიდენტიფიცირებს პოტენციურ ლიდებს Facebook-ის საშუალებით, შემდეგ კი თითქმის მყისიერად პასუხობს მეგობრული, დამხმარე და სასაუბრო ტონით, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურ ადამიანს.

NBC მომხმარებლებს ყოველდღიურ სიახლეებში გზამკვლევობას უწევს, რათა არასაჭირო ინფორმაცია გაუფილტროს. NBC Politics Bot-მა მომხმარებლებს საშუალება მისცა ჩართულიყვნენ Facebook-ის საშუალებით. ბოტი არჩევდა ახალი ამბების თემებს, რომლებიც საინტერესო შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა აუდიტორიისთვის.

 

წყარო: wordstream

საქართველოს ბანკის ციფრულ მიმართულებას ლევან გომშიაშვილი ჩაიბარებს

ახალ ფილმში ტომ ჰენქსის ახალგაზრდა ვერსია ითამაშებს — AI-ის კიდევ ერთი ტექნოლოგია