ინოლა გურგულიას სიმღერები და მელოდიები ბევრმა ზეპირადაც კი იცის. მისი შემოქმედება თანამედროვე ქართული კულტურული მეხსიერების ისეთი ბუნებრივი ნაწილია, რომ ხშირად არც კი ვფიქრდებით, ვინ იყო რეალურად ამ საოცარი კომპოზიციის ავტორი. მიუხედავად საყოველთაო სიყვარულისა, ფართო აუდიტორიამ ინოლა გურგულიას პიროვნების შესახებ საკმაოდ ცოტა რამ იცის. სწორედ ამიტომ, თიბისი კონცეპტმა გადაწყვიტა, ამ გამორჩეული არტისტის შემოქმედებისთვის ახალი სიცოცხლე მიეცა და მასშტაბური პროექტის – „გაზაფხული კვლავ მოვა“ – ფარგლებში, კომპოზიტორი, პოეტი და მომღერალი სრულიად ახალი, თანამედროვე პერსპექტივიდან დაგვანახოს.
კამპანია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. უკვე გამოიცა ინოლას 100 საარქივო ჩანაწერისგან შემდგარი ვინილების ნაკრები და გაიმართა მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი. პარალელურად, მომზადდა ემოციური ვიდეორგოლების სერია, სადაც არტისტს მისი ოჯახის წევრები და სხვადასხვა თაობის ხელოვანები იხსენებენ (ნიკოლოზ რაჭველი, ნანული აბესაძე, კირა ანდრონიკაშვილი, რეზო კიკნაძე, მაკა აროშიძე) ყველასათვის საყვარელმა სიმღერამ „საქანელა“ კი სრულიად ახლებური სიცოცხლე შეიძინა.
M: რატომ გადაწყვიტა თიბისი კონცეპტმა პროექტის „გაზაფხული კვლავ მოვა“ ფარგლებში, ინოლა გურგულიას შემოქმედების გასაცოცხლებლად აქცენტი სწორედ ანიმაციურ მედიუმზე გაეკეთებინა?
სოფო კიკვაძე: ანიმაცია მართლაც უნიკალური მედიუმია, რომელიც დროსა და თაობებს შორის საზღვრებს აქრობს. ჩვენი მიზანი იყო, ინოლა გურგულიას შემოქმედებისთვის ისეთი ახალი ვიზუალური ენა შეგვექმნა, რომელიც მის ემოციას, პოეტურობასა და სიღრმეს თანამედროვე აუდიტორიამდე ბუნებრივად მიიტანდა. ანიმაციის საშუალებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ მისი სიმღერების ილუსტრირება, არამედ იმ სამყაროს გაცოცხლებაც, რომელსაც მისი ტექსტები და მუსიკა ქმნის. ამ გზით შევძელით, კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე ფორმატში ისე გადაგვეთარგმნა, რომ მისი ავთენტურობა სრულად შეგვენარჩუნებინა.
M: რა მთავარი მისია ჰქონდა თიბისი კონცეპტისთვის 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრების გამოცემასა და ზოგადად, ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებას?
სოფო კიკვაძე: პროექტის მთავარი მიზანი ინოლა გურგულიას უნიკალური შემოქმედებითი მემკვიდრეობის გადარჩენა და მისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა იყო. 100 საარქივო ჩანაწერის ვინილზე გამოცემა მხოლოდ მუსიკალური პროდუქტის შექმნას არ ემსახურებოდა – ეს იყო კულტურული არქივის მომავლისთვის შენახვის მცდელობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ჩანაწერები ხელმისაწვდომი გამხდარიყო არა მხოლოდ კოლექციონერებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც. თიბისი კონცეპტისთვის კულტურის მხარდაჭერა სწორედ ისეთი ღირებულებების შენარჩუნებას ნიშნავს, რომლებიც საზოგადოებას აერთიანებს და მომავალ თაობებს შთააგონებს.
M: როგორ მოახერხეთ, რომ საარქივო ფოტოებსა და ოჯახურ მოგონებებზე დაყრდნობით ინოლას პირადი სივრცე, მისი ოთახი და საყვარელი ნივთები ანიმაციაში ასე ცოცხლად გადმოგეცათ?
ანა ჩუბინიძე: ამ პროცესში ყველაზე დიდი დახმარება ინოლა გურგულიას შვილებმა – იამ და დათომ გაგვიწიეს. მათ ისეთი უნიკალური, მხოლოდ ინოლასთვის დამახასიათებელი დეტალები გაიხსენეს, რომლებმაც ანიმაციას ნამდვილი ჯადოსნურობა შესძინა. ყველაფერი, რასაც ვიდეორგოლში ხედავთ, ხელით არის შექმნილი – ჯერ გამოძერწილი და შემდეგ მოხატული.
ვეცადეთ, მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავით ფოტოებში ასახულ რეალობასთან, თუმცა, ამავდროულად, ხელით შექმნილი ვიზუალის სითბო და ხიბლი შეგვენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, ასეთი გამორჩეული ადამიანის საოცარი ცხოვრების 2 წუთში ჩატევა ურთულესი ამოცანაა, მაგრამ სხვადასხვა ასაკის გამოხატვით ვცადეთ, მისი განვლილი წლები სრულად გადმოგვეცა – ფილმში ჩანს ინოლას ბავშვობა სამეგრელოში, თინეიჯერობისა და ზრდასრულობის წლები თბილისის ბინაში, ასევე მისი ახლო და საყვარელი ადამიანები.
M: მარიამ, როგორ ტრანსფორმირდა ინოლა გურგულიას პირადი ჩანაწერები და ავტობიოგრაფიული ტექსტები იმ სცენარად, რომელიც ანიმაციის კონცეპტუალურ საფუძვლად იქცა?
მარიამ კოღიტო ჩარგაზია: კამპანიის კრეატიულ კონცეფციაზე მუშაობისას ერთი ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ – მიუხედავად იმისა, რომ ინოლა გურგულია ყველა ქართველისთვის საყვარელი და გამორჩეული არტისტია და მისი სიმღერები თითქმის ყველამ ზეპირად ვიცით, თავად მის ცხოვრებაზე ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს.
გადავწყვიტეთ, რომ ამ კამპანიით სწორედ მის ცხოვრებაზე მოგვეყოლა და ინოლას ხასიათი ანიმაციური ფორმით გადმოგვეცა. ოჯახის წევრებთან საუბრისას მის ქარიზმატულ, საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებაზე ბევრი რამ გავიგეთ. მოვუსმინეთ უამრავ ისტორიას და კიდევ უფრო ღრმად გავეცანით მის შემოქმედებას – სიმღერებს, ლექსებს, ჩანაწერებს.
მივხვდით, რომ ინოლას ისტორიასა და პიროვნებას ყველაზე უკეთ თავად მისივე შემოქმედება გადმოსცემდა. ამიტომ, გავაერთიანეთ მისი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სიმღერები, ახალაღმოჩენილი ჩანაწერები, ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფიული ტექსტი და სწორედ ამ ყველაფერზე ავაწყვეთ სცენარი, რომელიც ინოლას ცხოვრების საკვანძო ეტაპებს მოიცავს.
M: ანა, რა იყო შენთვის, როგორც მხატვრისთვის, ყველაზე დიდი შემოქმედებითი გამოწვევა ინოლა გურგულიას შინაგანი სამყაროსა და ტექსტების ანიმაციურ სახეებად ქცევის პროცესში?
ანა ჩუბინიძე: ბავშვობაში ინოლას სიმღერები დედამ შემაყვარა. ახლა კი, როცა გავიზარდე, მისი ტექსტები სულ სხვანაირად მესმის და ხშირად მატირებს კიდეც. ამიტომ, ამ პროექტზე მუშაობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაც იყო და საამაყო საქმეც. ფილმის ფერთა გამით დაწყებული, თითოეული დეტალი ინოლას სიმღერების შთაგონებით შეიქმნა, რათა მაქსიმალურად ახლოს ვყოფილიყავით მის შინაგან სამყაროსთან. პერსონაჟებისთვის მინიმალისტური ნაკვთები შევარჩიეთ – ეს მაყურებლის წარმოსახვას მეტ თავისუფლებას უტოვებს და აქცენტს პირდაპირ განწყობასა და შეგრძნობებზე აკეთებს.
როდესაც თოჯინური ანიმაცია გუნდთან ერთად იქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრი ერთსა და იმავე საერთო ხედვას იზიარებდეს. საბედნიეროდ, ინოლას სიმღერების სიყვარულმა სწრაფად გაგვაერთიანა. კონცეფციაზე შეთანხმების შემდეგ დავიწყეთ თოჯინებისა და დეკორაციების ხელით შექმნა, რაც დღე-ღამე დაუღალავ შრომას მოითხოვდა. ბოლოს კი, ყველაფერი ფოტოკამერის წინ აეწყო და ჩვენმა ანიმატორმა, ანა ხოფერიამ, ამ ხელით შექმნილ სამყაროს სული შთაბერა.
აუცილებლად მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო „ჯიბის სტუდიის“ თითოეულ წევრს ასეთი თავგანწირვისთვის – ანასტასია კვანჭახაძეს, ელენე გობეჯიშვილს, მარიამ კირვალიძეს, გიორგი და დავით ჩეკურიშვილებს, ანა ხოფერიას, თუნა კირვალიძეს, თიკო გობეჯიშვილს, ბეკო ლეჟავას, ვანო ბიწაძეს, მარიამ თოფურიძეს, ნიტა ტაბატაძესა და ევა საბიაშვილს.
M: რა მთავარ სათქმელსა და ემოციურ აქცენტებზე ააგეთ ანიმაციის ნარატივი, რათა მაყურებლისთვის ზუსტად მიგენიშნებინათ მისი შემოქმედების სიღრმეზე?
მარიამ კოღიტო ჩარგაზია: გვინდოდა, ანიმაციას პირველ რიგში სწორედ მისი ხასიათი დაეჭირა – ის სილაღე, სიხალასე და ქარიზმა, რაც ინოლას ასე გამოარჩევდა. მისი სიყვარული ადამიანების, ოჯახისა და მეგობრების მიმართ, ბუნებისადმი დამოკიდებულება, განუზომელი ნიჭი და ცოტაოდენი კაეშანიც.
სწორედ ეს ხასიათი ქმნის მის შემოქმედებას და გვსურდა გვეჩვენებინა, ვინ დგას ამ შთამბეჭდავი ნამუშევრების უკან; როგორ ახერხებდა ეს ახალგაზრდა ქალი იმ პერიოდის საქართველოში ამდენი ღიმილის, ბედნიერებისა და ოპტიმიზმის შემოტანას – იმის, რაც დღესაც ასე ძალიან გვჭირდება. თან ამას ისე აკეთებდა, რომ დღესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მის შემოქმედებაში საკუთარი თავი იპოვოს. მის უნიკალურ ხმას ყველასთვის სრულიად განსხვავებული, მაგრამ ძალიან ძვირფასი ემოცია მოაქვს.
M: სოფო, თქვენი დაკვირვებით, როგორ პასუხობს ეს თანამედროვე კონტენტი დღევანდელი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა აუდიტორიის ინტერესებს?
სოფო კიკვაძე: თანამედროვე აუდიტორია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ნებისმიერ კონტენტს ემოციური კავშირისა და ავთენტურობის მიხედვით აფასებენ. სწორედ ამიტომ, პროექტში ვცადეთ, კლასიკური კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვე ფორმებით – ანიმაციის, ციფრული გამოცდილებებისა და ვიზუალური თხრობის საშუალებით წარმოგვედგინა. შედეგად, ახალგაზრდები ინოლა გურგულიას შემოქმედებას აღიქვამენ ცოცხალ, ემოციურ გამოცდილებად. ვფიქრობთ, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ყველაზე ეფექტური გზაც სწორედ ეს არის – როდესაც ის ახალ თაობასთან საერთო ენას პოულობს.
M: როგორ ფიქრობ, რამდენად დაეხმარება თქვენ მიერ შექმნილი ვიზუალური სამყარო მაყურებელს, რომ ინოლა გურგულიას მუსიკა და სიტყვები ახლებურად აღიქვას?
ანა ჩუბინიძე: რთულია წინასწარ თქმა, ზუსტად რა ემოციას გამოიწვევს ეს ვიდეო, მაგრამ მუშაობის პროცესში გუნდის თითოეულმა წევრმა იმდენი სიყვარული და ენერგია ჩავდეთ, რომ დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ამას აუცილებლად იგრძნობს. ჩვენთვის მთავარი იყო, გადმოგვეცა ინოლას სილაღე და თავისუფლება, რაც უამრავი ახალგაზრდა გოგოსთვის შეიძლება ძალიან შთამაგონებელი აღმოჩნდეს. ჩვენი სტუდიის წევრთა უმრავლესობა გოგოები ვართ და ძალიან კარგად ვგრძნობთ, როგორ ასხივებდა ინოლა წლების წინ იმ თავისუფლებას, რაც დღესაც ხშირად გვაკლია. იმედი მაქვს, ეს ანიმაცია პატარა, მაგრამ ძალიან დადებითი ცვლილებების მიზეზი გახდება.
მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო თიბისისა და Windfor’s-ის გუნდებს ამ პროექტის იდეისა და განხორციელებისთვის. განსაკუთრებით იმისთვის, რომ ინოლას ცხოვრების თოჯინური ანიმაციით გაცოცხლება გადაწყვიტეს და ეს საქმე ჩვენ მოგვანდეს. მჯერა, ეს ნამუშევარი საქართველოში ამ დარგის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
M: თქვენი გუნდისთვის როგორი იყო ეს გამოცდილება?
მარიამ კოღიტო ჩარგაზია: ანიმაციის შესაქმნელად „ჯიბის სტუდიასთან“ და ანა ჩუბინიძესთან ვითანამშრომლეთ. ეს იყო ძალიან საინტერესო, თუმცა საკმაოდ შრომატევადი პროცესი. შევქმენით 2-წუთიანი თოჯინური ანიმაცია და ინოლას თოჯინა სხვადასხვა ასაკში. ასევე, დეტალურად გავაცოცხლეთ გარემო: სამეგრელოს ოდა, რომელიც მისი სახლის ზუსტი ასლია და იმ პერიოდის თბილისის ბინა, სადაც ინოლას ნივთები სრული სიზუსტით გადმოვიტანეთ.
ამ კამპანიაზე მუშაობა Windfor’s-ის გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ინოლა გურგულიას შემოქმედება თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია და ნამდვილად გვეამაყება, რომ მისი მემკვიდრეობა ასეთი ფორმით გავაცოცხლეთ.
თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე
მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა – მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.
კრედიტები:
დამდგმელი მხატვარი და რეჟისორი – ანა ჩუბინიძე
ანიმატორი – ანა ხოფერია
დეკორაციები – თიკო გობეჯიშვილი და ელენე გობეჯიშვილი
პროექტ მენეჯერი – ევა საბიაშვილი
რეკვიზიტები – მარიამ კირვალიძე
დეკორაციები – ელენე გობეჯიშვილი
[R]











