არქიტექტურული ფორუმისა (Architectural Forum) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი ორგანიზებით, 21-25 მაისს, ღონისძიება ”ინოვაცია არქიტექტურაში 2016” გაიმართება.
აღნიშნული ტიპის ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდება. ღონისძიების მიზანი არქიტექტურის თანამედროვე, ინოვაციური ტენდენციების პოპულარიზაცია და აღნიშნული მიმართულებით, ქართველი სპეციალისტების ცოდნისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. მნიშვნელოვანია ქართველი არქიტექტორების მიერ ინოვაციების დანერგვა არქიტექტურაში და შედეგად, პროცესების გაუმჯობესება.
დიდი ყურადღება დაეთმობა არქიტექტურულ ვორქშოპს, რომლის ფარგლებშიც დარეგისტრირებული გუნდები მიიღებენ კონკრეტულ თანხას ინსტალაციის შესაქმენლად. ქალაქ თბილისში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, წლევანდელი ვორქშოპის თემა შეეხება ურბანულ საკითხებს.
ვორქშოპის შესახებ ინფორმაცია იხილეთ : Workshop IA 2016
ვორქშოპის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ინსტალაციების შექმნის პროცესში გამოიყენონ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით შექმნილი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში განთავსებული უახლესი ტექნოლოგიები, როგორებიცაა: ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხები სხვადასხვა ტიპის ზედაპირების დასამუშავებლად, 3D პრინტერები, 3D სკანერები და სხვა. ამ დანადგარების მეშვეობით, ისინი შეძლებენ საკუთარი პროექტების მატერიალიზაციასა და რეალურ პროტოტიპად გარდაქმნას.
ვორქშოპს უხელმძღვანელებს არქიტექტურული კვლევითი ორგანიზაციის “Appareil” დაფუძნებელი, ლონდონის არქიტექტურული ასოციაციის კურსდამთავრებული და კატალონიის არქიტექტორთა კოლეჯის სრულუფლებიანი წევრი – Edouard Cabay. მისი პრაქტიკული საგანმანათლებლო მოღვაწეობა არქიტექტურული კვლევის სფეროში უკავჭირდება ისეთ ქალაქებს როგორიცაა: ტოკიო, ბრიუსელი, ბარსელონა და ლონდონი.
21 მაისს დაგეგმილია საჯარო დისკუსია, სადაც Edouard Cabay და სხვა ქართველი არქიტექტორები გამართავენ დისკუსიას მსოფლიოს მასშტაბით არსებულ არქიტექტურულ თუ ურბანულ პრობლემებზე.
პირველად საქართველოში ვიდეომასალის სახით მოხდება თბილისის მნიშვნელოვანი თანამედროვე არქიტექტურული ობიექტების ასახვა დრონით, რომელსაც წარმოგვიდგენს ბევრისთვის კარგად ცნობილი Robbie RG commercial. სრული ვიდეომასალა გაეშვება 21 მაისს პროექტის გახსნაზე.