#Inside PMG
ვაცნობიერებ, რომ უბრალოდ შენობის სანახავად ამ რისკზე წასვლა არცთუ ისე კარგი იდეა იყო. და მაინც, იქნებ ღირდა? პასუხს მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ გავიგებ. ამ წუთებში კი ისღა დამრჩენია, გავიაზრო, როგორ მოვედი აქამდე. . .
ვზივარ მესამეჯერ გამოძახებულ Uber-ში, პირველმა ორმა მითითებული მისამართი უსაფრთხოდ არ ჩათვალა და შეკვეთა გამიუქმა. მივემართები იოჰანესბურგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობის სანახავად, რომელიც საკმაოდ სახიფათო უბანში მდებარეობს. Uber-ის მძღოლს მადლობას ვუხდი მგზავრობის დადასტურებისთვის და ვაფრთხილებ, რომ თუკი გზად რამე საეჭვო შენიშნა ან არ მოეწონა, შეუძლია, ნებისმიერ დროს მოტრიალდეს. ამის გაგონებაზე სახე ოდნავ უწყნარდება, თუმცა სუნთქვაზე ვატყობ, მაინც ღელავს და მეც მაღელვებს. ამ მომენტში ვაცნობიერებ, რომ უბრალოდ შენობის სანახავად ამ რისკზე წასვლა არცთუ ისე კარგი იდეა იყო. და მაინც, იქნებ ღირდა? პასუხს მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ გავიგებ. ამ წუთებში კი ისღა დამრჩენია გავიაზრო, როგორ მოვედი აქამდე…
ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატების ფორმულა სიმარტივეში იმალებოდა, ეს სიმარტივე კი საკუთარ თავზე ყოველდღიურ შრომას გულისხმობდა – შრომას, ცოტა გამართლებასთან ერთად. ანუ, ჩემი წარმატების ფორმულა ასე ჟღერდა: ისახავ მიზანს და ყოველდღიურ ქმედებებს მის მისაღწევად მიმართავ. მიაღწიე იმას, რაც გსურდა? ისახავ ახალ მიზანს და იმავე გეგმას მიჰყვები. იმისთვის, რომ გზაში ხელი არ ჩაიქნიო და არ დანებდე, აუცილებელია რეალურად მისაღწევი ამოცანების დასახვა და მუდმივი სწრაფვა მათ მისაღწევად.
რაც შეეხება ბედნიერებას – ბედნიერების ფორმულა არ არსებობს. მეტიც, მიზანმიმართულობა და თანმიმდევრულობა მას საერთოდ არ უხდება. წარმატების მკაცრად განსაზღვრული ფორმულისგან განსხვავებით, ბედნიერებას ირაციონალური გადაწყვეტილებების შედეგად მივაგენი და მგზავრობის დროს სწორედ ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა შემახსენა თავი.
იმის მიუხედავად, რომ 5 წლის ასაკიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სრულიად ახალი და განსხვავებული პროფესიებით ვინტერესდებოდი (ვეტ-ექიმობით, არქეოლოგობით, გამომძიებლობით…), 18 წლის ასაკში მივხვდი, აქედან არაფერი გამოვიდოდა და უსაფრთხოების მიზნით, ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩავაბარე – როდესმე ჩამოვყალიბდები და ეს განათლება ბევრ სფეროს მოერგება-მეთქი.
3 წელზე მეტი გავატარე ლონდონში, სადაც სწავლის პარალელურად, სტაჟირებას გავდიოდი, სწავლის დასრულების შემდეგ კი მარტივად მივიღე თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება. ჩემი მეგობრები, რომლებმაც ჩემზე ადრე დაასრულეს სწავლა, მაფრთხილებდნენ, რომ მალე ვინანებდი ჩემს არჩევანს. მათ გაფრთხილებას ოჯახის წევრებიც უერთდებოდნენ და ერთხმად მიბიძგებდნენ დარჩენისაკენ. თუმცა, დაბრუნების გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და ვიცოდი, ვერაფერი გადამაფიქრებინებდა. ვგრძნობდი, ეს იყო ის, რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა.
საქართველოში დაბრუნებიდან 6 თვეში შევიტანე განაცხადი „ფილიპ მორის საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაზე. გამიმართლა და პირდაპირ შტატში ჩამსვეს. ასე დაიწყო ჩემი და „ფილიპ მორისის“ თავგადასავალი.
„ფილიპ მორისში“ მიწევდა ყოველწლიური კითხვარის შევსება, რომელიც ერთგვარ „კარიერული სურვილების“ ფორმას წარმოადგენს. პირველივე წელს გამოვთქვი მზადყოფნა საერთაშორისო დავალებების მისაღებად და ქვეყნების ასარჩევ ველში უპირატესობა სამ ქვეყანას მივანიჭე:
- დიდი ბრიტანეთი – სტუდენტობის პერიოდში შეჩვევის და მეგობრების გამო
- ისრაელი – იქ მცხოვრები ოჯახის წევრების და ხანგრძლივი ზღვის სეზონის გამო
- სამხრეთ აფრიკა – დღემდე არ ვიცი, რა მიზეზით, აქ არც ნაცნობი მყავდა, არც ბევრი ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, უბრალოდ მახსოვდა, რომ ძალიან ლამაზი იყო
ამ კითხვარის შევსების შემდეგ ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდა. 2 წელი გაყიდვების განყოფილებაში ვმუშაობდი, შემდეგი 2 წელი მარკეტინგის დეპარტამენტში გადავინაცვლე და, პარალელურად, 4 წლის განმავლობაში მოსულ ყოველწლიურ გამოკითხვაში პასუხებს უცვლელად ვიმეორებდი, ამ ქმედებას კი 2 მიზეზით ვხსნიდი:
- მარტივად რომ ვთქვათ, პირველი მიზეზი იყო სიზარმაცე
- მეეჭვებოდა, რომ ვინმე ამ ფორმას სერიოზულად წაიკითხავდა ან ოდესმე განიხილავდა
თუმცა, ჩემი მოლოდინები რადიკალურად შეიცვალა, როდესაც HR-ისგან სატელეფონო ზარი მივიღე:
„ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სამხრეთ აფრიკიდან და ვგეგმავთ, რომ ერთი წლით გაემგზავროთ საერთაშორისო დავალებაზე, რადგან ამ პოზიციისთვის შესაფერისი კანდიდატურა ხართ. ჩავნიშნოთ გასაუბრება?“
საკმაოდ შოკირებულმა, თუმცა თავდაჯერებულმა ვუთხარი – „კი“! გავიარე გასაუბრება, გადავედი ქეიფ თაუნში საცხოვრებლად და დავიწყე ახალ სფეროში – მომხმარებელთა ზრუნვის განყოფილებაში მუშაობა.
რამდენიმე თვეში, იოჰანესბურგში, მორიგი სამუშაო ვიზიტის დროს გადავწყვიტე, რომ ვიზიტი გამეხანგრძლივებინა და რამდენიმე დღით დავრჩენილიყავი ამ ქალაქში. სწორედ აქ მდებარეობს ის სახელგანთქმული შენობა, რომლის სანახავადაც მივემართები.
Ponte Tower, როგორც მას ადგილობრივები ეძახიან, თავისი ისტორიით სამხრეთ აფრიკის უკანასკნელი 40 წლის ისტორიას გვიყვება. შენობის ბოლო სართულებიდან იშლება იოჰანესბურგის ერთ-ერთი საუკეთესო ხედი. ის არაერთი ფილმისა და წიგნის შთაგონების წყაროა… თუმცა, ჩემთვის შთაგონების წყაროდ არა Ponte Tower, არამედ მისკენ მიმავალი გზა იქცა. წამებში გავიაზრე, რომ ყველა ირაციონალური და მხოლოდ გრძნობებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ჩემი ბედნიერებით სრულდებოდა, თუნდაც წლების დაგვიანებით. სწორედ ამიტომ, პირადი გამოცდილებით, გირჩევთ:
იყავით თანმიმდევრული და შრომისმოყვარე თქვენი მიზნების მისაღწევად!
ყველა სხვა შემთხვევაში, იყავით ირაციონალური, მიენდეთ ემოციებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასდროს უსმინოთ სხვებს!
მხოლოდ თქვენს გრძნობებს აქვს ძალა, ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე დაგაყენონ. იქნება ეს ლონდონში მიღებული მაღალანაზღაურებადი სამსახურის შემოთავაზების მიტოვება და საქართველოში სტაჟირების ძიებისთვის დაბრუნება, ევროპაში საერთაშორისო დავალებაზე უარის თქმა და სრულიად უცხო კონტინენტზე გადასახლება, თუ სხვა. ის ცხოვრებისეული გაკვეთილები, ადამიანები, ემოციები და თავგადასავლები, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში შეხვდებით, დამოკიდებულია თქვენს ყოველდღიურ არჩევანზე, თუნდაც ისეთ მარტივზე, როგორიც ყოველწლიური სამსახურეობრივი ფორმის შევსებაა.
სწორედ ამიტომ, არასდროს შეუშინდეთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველთვის უსმინეთ თქვენს გრძნობებს.
თამთა მიხელაშვილი – Customer Care Senior Executive at Philip Morris Georgia
წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს.
[პარტნიორის კონტენტი]