in

ბუმბული, ღუზა და მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი

 

#InsidePMG

ხშირად ამბობენ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. თუმცა, თუკი გონებაში ჩვენი ცხოვრების მინი-მაკეტს წარმოვიდგენთ და შორიდან დავაკვირდებით, ყველა მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დავინახავთ. ამგვარად, შეიძლება, ყველაზე მოულოდნელი რამეც კი, სრულიად ლოგიკური აღმოჩნდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის გაბმისას ჩვენ არაფერი გვეთქმის. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ის ბუმბულიც, რომელიც მზად არის, ჯაჭვს ფარფატით ყველგან თან გაჰყვეს და ღუზაც, რომლის წყალობითაც ჯაჭვი სწორედ იქ ჩაეშვება, სადაც საჭიროა.

ჩემი კარიერა „ბუმბულის პრინციპით“ დაიწყო – მოულოდნელი, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი ზარით ახლობლისგან, მაშინ, როდესაც ეს ძალიან მჭირდებოდა.

შანსი ხელიდან არ გამიშვია. გასაუბრებაც და გამოსაცდელი პერიოდიც მაქსიმალური მონდომებით გავიარე და ამიყვანეს. ასე ჩავები იმ კარიერულ ჯაჭვში, რომელმაც ერთი პროფილის სხვადასხვა კომპანიაში ბევრი წლის განმავლობაში მამოგზაურა.

ამ კომპანიებში მუშაობამ ბევრი რამ მომცა, თუმცა, მთავარი მონაპოვარი ადამიანებია. ისინი, ვის გარეშეც, დღეს ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. მათმა უმრავლესობამ, კი, სწორედ ჩემს წინა სამსახურში მოიყარა თავი. შედეგად, სამსახური გახდა სახლი და მისი დატოვება დროსთან ერთად რთულდებოდა.

მაგრამ ცვლილება აუცილებელი იყო, რადგან, სამწუხაროდ, ჩემს საქმიანობას და ოცნებებს გადაკვეთის წერტილიც კი არ აკავშირებდა.

ასე დაიწყო ახალი სამსახურის ძიების რთული პროცესი, რომელიც ხანგრძლივი და იმედგაცრუებებით სავსე აღმოჩნდა.

ამ დროს, საქმეში ისევ მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი ჩაება და სახლივით სამსახურში შეძენილი, ოჯახის წევრივით მეგობრის და იმ დროს უკვე ყოფილი კოლეგის რეკომენდაციით, ჩემი რეზიუმე „ფილიპ მორის საქართველოში“ მოხვდა.

ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ ამიყვანდნენ. უბრალოდ, მინდოდა, გასაუბრებას კარგად ჩაევლო, რის შემდეგაც, მე და „ფილიპ მორისი“, სასიამოვნო ნოტაზე დავემშვიდობებოდით ერთმანეთს.

გასაუბრებამ არათუ კარგად, არამედ ძალიან კარგად ჩაიარა და მეც კმაყოფილმა დავტოვე იქაურობა. თუმცა, დამშვიდობება ხანმოკლე აღმოჩდა. გასაუბრებიდან მეორე დღეს, ჩემმა ინტერვიუერმა და მომავალმა მენეჯერმა, ფორმალური მხარის გასავლელად დამიბარა.

ასე დაირღვა მრავალწლიანი ციკლი და აღმოვჩნდი სრულიად ახალ გარემოში, სადაც ყველაფერი ახალი იყო.

მუშაობა კომერციული დაგეგმარების დეპარტამენტში დავიწყე, ორ თანამშრომელთან ერთად, რომლებიც ჩემსავით ახლები იყვნენ, პროექტზე, რომელიც ჩვენსავით ახალი იყო.

ახალ თანამშრომლებთან ტანდემი მალევე შედგა და პროექტმაც ასევე მალე გაამართლა. სხვანაირად ვერც იქნება, როცა საქმეს მაღალი კლასის პროფესიონალების გუნდი უძღვება. გუნდი, რომელიც ჩვენ – ახალ თანამშრომლებს ყველანაირ კომფორტს გვიქმნიდა, ზრუნავდა და გვიფრთხილდებოდა.

მუდმივი ცვლილებების და ინოვაციების კომპანიაში, მალევე, ახალი ინიციატივა გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, კროს-ფუნქციურ ჯგუფებში მუშაობის საშუალება ეძლეოდათ. პროექტის ხელმძღვანელი მარკეტინგის მენეჯერი იყო.

პირველად ვიგრძენი, როგორ მიუახლოვდა ჩემი საქმიანობა და ოცნებები ერთმანეთს. ჰორიზონტზე, გადაკვეთის წერტილიც კი გამოჩნდა. ეს არ იყო კარიერული ცვლილების შემოთავაზება ან გარანტია. ეს იყო შანსი, ძირითადი საქმიანობის პარალელურად მეკეთებინა ის, რისი კეთებაც ყოველთვის მინდოდა.

ჯგუფში მოსახვედრად, შესარჩევი პროცესის გავლა იყო საჭირო. მალევე მივხვდი, რომ ჩემი სამთვიანი გამოცდილება, იმდენს ვერაფერს იტყოდა, რამდენსაც სწორად დანახული და კარგად შეფუთული იდეა.

იდეაც მალევე დაიბადა, მის შეფუთვაზეც ბევრი ვიმუშავე და შედეგების გამოცხადებისას, 12 ადამიანის სახელს შორის, ჩემი სახელიც ამოვიკითხე, თანაც, ჩემთვის ყველაზე სასურველ „კომუნიკაციის გუნდის“ შემადგენლობაში.

აქედან დაიწყო ახალი თავგადასავალი. გამოცდილ თანაგუნდელებთან ერთად შევუდექით საქმიანობას. სხვადასხვა სახის ინიციატივები, ღონისძიებები, პროექტები – ერთი წლის მანძილზე, გუნდს მუშაობა ერთი წამითაც არ შეუწყვეტია. ასევე ერთი წამით არ განელებულა ჩემი ენთუზიაზმი.

ერთი წლის შემდეგ კი, ერთ ჩვეულებრივ დილას, მარკეტინგის მენეჯერმა უშუალოდ მის გუნდში გადასვლა შემომთავაზა. ეს სწორედ ის მომენტი იყო, როცა ჩემთვის დიდი ხნის ნანატრი გადაკვეთის წერტილი შედგა.

ასე მოვხვდი „ფილიპ მორის საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტში, შესანიშნავ ადამიანებთან ერთად, სადაც დღემდე გრძელდება აღმოჩენები, არ წყდება სწავლის პროცესი და რაც მთავარია, არ ნელდება ენთუზიაზმი.

გრძელდება ჩემი კროს-ფუნქციური საქმიანობაც. ამჯერად, People&Culture ინიციატივის ფარგლებში, თანაგუნდელებთან ერთად, თანამშრომლებზე ზრუნვა და გუნდურობის მხარდაჭერა მევალება, რაც პანდემიის დროს, განსაკუთრებით აქტუალურია.

„ფილიპ მორისში“ მე მაქვს საშუალება ვაკეთო ის, რაც მიყვარს და ვიყო დიდი ცვლილების ნაწილი.

ამიტომ, არ იდარდოთ, თუკი ბუმბულად ყოფნა იმაზე დიდხანს მოგიწიათ, ვიდრე გეგმავდით. აუცილებლად, იპოვით იმ ადგილს, რომელიც ღუზის ჩაშვების მიზეზს მოგცემთ.

ლიკა ბიგანიშვილი – Commercial Executive, „ფილიპ მორის საქართველო“

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავსფილიპ მორის საქართველოსშეხედულებებს

[პარტნიორის კონტენტი]

„ზოომარტი“ ექსკლუზიურად Wolt-ზე!

როგორ გავიგოთ, კომპანია საკმარისად აფასებს თუ არა თანამშრომლებს?