#InsidePMG
ყველაზე საინტერესო თავგადასავალი სწორედ მაშინ იწყება, როცა ამას საერთოდ არ ელოდებით.
გასაუბრების დაწყებას ველოდები სახლიდან. მაშინ სრულიად ახალი გამოცდილება იყო ჩემთვის დისტანციური მუშაობაც, დისტანციური გასაუბრებაც და ის რეალობაც, რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვეოდით ყველა.
ყველაზე რთული კი პირველი ნაბიჯებია – არ იცი, ვინ დაგხვდება ეკრანის მეორე მხარეს, როგორი განწყობით, რა მოლოდინით.
პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ შესაძლოა ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყოს, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. თუმცა ვგრძნობდი, რომ მზად ვიყავი ამისთვის, სურვილი ახალი დასაწყისისა კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ფიქრებისა და ემოციების დალაგება მიჭირდა.
და რა ხდება მაშინ, როდესაც შენ ახალი რეალობის ნაწილი ხდები?
სამსახურის დაწყების პირველივე დღეებიდან ფიქრობ, რომ ზუსტად იქ ხარ, რაზეც ოდესმე გიოცნებია.
გხვდება ახალი გარემო, ხალხი, გამოწვევები, მიზნები, თუმცა მალევე იაზრებ, რომ შენ ერთ დიდ ოჯახში ხარ, რომელიც გელოდებოდა და მზადაა გაგიზიაროს გამოცდილება, დაგეხმაროს ნებისმიერ მომენტში, შეგმატოს საკუთარი თავის რწმენა, გაგამხნევოს და ყველა დაბრკოლებას შენთან ერთად გაუმკლავდეს.
მე ვიგრძენი სიახლის დასაწყისი, რადგანაც თავად ვიყავი ამ სიახლის ნაწილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ყოველთვის გუნდია, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დებენ შრომას იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგი გარემო შეიქმნას. ჩემი გუნდი სწორედ ასეთი აღმოჩნდა: მათთან მუშაობა არ გღლის, არ გბეზრდება – პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტად გინდა დაიხარჯო, გინდა მეტი გააკეთო იმისთვის, რომ მეტი შექმნათ ერთად. მე ყოველდღე ვიზრდები და ვხვდები, რომ იმაზე მეტი ცოდნა მაქვს, ვიდრე გუშინ.
ეს თავგადასავალი 6 თვის წინ დაიწყო, მაგრამ, თითქოს, ბევრად მეტი დროა გასული. ალბათ, იმიტომ, რომ ყოველი დღე სავსეა ისტორიებით, ადამიანებით, გამოწვევებით. უყურებ შენს განვლილ გზას და ბედნიერი ხარ, რომ შენი წვლილი შეგაქვს ისტორიის შექმნაში, რაც კიდევ უფრო გაძლიერებს სამომავლოდ.
სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ გასაუბრებიდან დღემდე უფრო და უფრო მიყვარდება კომპანია და დარწმუნებული ვარ, ეს ასე გაგრძელდება.
ლიკა როსტაშვილი – Digital Executive, „ფილიპ მორის საქართველო“
წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს.
[პარტნიორის კონტენტი]