in

ოცნების სამსახური


#
InsidePMG 

 

ალბათ, ყველას გვინახავს ჰოლივუდის ფილმებში სამსახურები თანამედროვე ოფისებით, კომფორტული გარემოთი, განსატვირთი სივრცეებითა და პარალელურად, აქტიური და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ჯგუფებით. სწორედ ასეთ სამსახურზე ვოცნებობდი მე და 2 წლის წინ აღმოვჩნდი „ფილიპ მორისში“…

ჩემი ისტორია აქ ასე იწყება . . .

დაახლოებით, ნახევარი წლის განმავლობაში ვეძებდი სამსახურს, ბევრი სხვადასხვა გასაუბრება და ეტაპი გავიარე, იყო შემოთავაზებებიც, მაგრამ არც ერთი არ იყო ის, რაც გულით მინდოდა. სამსახურის ძიების პერიოდში გავიგე ვაკანსიის შესახებ, რომელიც თავიდანვე საინტერესო ჩანდა.  გავაგზავნე ჩემი რეზიუმე, თუმცა, გამოხმაურების დიდი იმედი არ მქონდა. მალევე დამირეკა უცხო ნომერმა ჩემთვის ერთ-ერთ ძალიან მძიმე დღეს (გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეს) და დამიბარეს გასაუბრებაზე. წამებში გადავხარშე ყველაფერი, ვყოყმანობდი წასვლაზე რადგან მეშინოდა მძიმე ემოციური ფონით შექმნილ განწყობას წარუმატებლობა არ მოეტანა . . . რა ვქნა ?! ვუთხრა უარი, თუ დავთანხმდე?! – ეს ყველაფერი საოცარი სისწრაფით დამიტრიალდა გონებაში და  ბოლოს გადავწყვიტე, შანსი ხელიდან არ გამეშვა, რადგან არის მომენტები, როდესაც განსაკუთრებულ მწუხარებას სიხარული ენაცვლება.

სიმართლე რომ ვთქვა, ასეთი მშვიდი და ლაღი გასაუბრება პირველი იყო ჩემს ცხოვრებაში. კომფორტული გარემო და გამსაუბრებლის (რომელიც მოგვიანებით ჩემი უფროსი გახდა) კარგი დამოკიდებულება ახლობლურ განწყობას ქმნიდა, რამაც კიდევ უფრო გამიმძაფრა ამ კომპანიაში მოხვედრის სურვილი. ამის შემდეგ იყო ტესტირება, საკმაოდ რთული, რამაც ისევ ააფორიაქა დამშვიდებული და დაიმედებული გონება. თუმცა, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე მე შემარჩიეს. ალბათ, რთული წარმოსადგენი არ იქნება ჩემი სიხარული, რამაც კიდევ ერთხელ გამახსენა ჩემი საყვარელი სიმღერის ფრაზა „If You Never Try, You’ll Never Know” – ასე რომ, ცდა ყოველთვის ღირს.

საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა დასაწყისში. ისეთ საქმესთან მქონდა შეხება, რაც აქამდე არასოდეს მიკეთებია. ერთი მხრივ, ამდენი სიახლის ერთად ათვისება საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან კარგი კოლექტივი სხვადასხვა ტრენინგებითა და აქტივობებით ძალიან სახალისო გარემოს ქმნიდა – ორივე ერთად კი ჩემთვის უზარმაზარ მოტივაციას.

ბევრი სხვადასხვა საინტერესო და განახლებადი პროექტი მიმდინარეობს ჩვენთან. ერთ-ერთ მათგანში მივიღე მონაწილეობა და ამირჩიეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში  – „TEAMACTIVATOR“. უცებ მოვხვდი ისეთ აქტიურ გარემოში, რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩემს ხასიათთან. ამ პროექტში ჩვენი მთავარი მოვალეობა არის თანამშრომლების გახარება, გახალისება, მოტივაციის შექმნა და კიდევ უფრო ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება – მიღებული დადებითი უკუკავშირები კი ძალიან დიდი ენერგიით მავსებს.

ამ ჯგუფში გაწევრიანებიდან ცოტა ხანში, დამენიშნა ერთი მოულოდნელი შეხვედრა ჩემს უფროსებთან. თავიდან, ცოტა დამაბნია შეხვედრის მიზნის ბუნდოვანებამ და სულმოუთქმელად ველოდი ამ დღეს. მომხდარმა კი მოლოდინს გადააჭარბა – შემომთავაზეს P&C მენეჯერის ასისტენტობა, ჩემი ძირითადი საქმიანობის პარალელურად. არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ზედმეტი ფიქრის გარეშე, უბედნიერესი დავთანხმდი შემოთავაზებას – ამ კომპანიაში ხომ ყოველი ახალი შეთავაზება ახალ შანსს გაძლევს კარიერულ გზაზე.

დღეს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი თავი ვიპოვე, ვაკეთებ იმას რაც მომწონს, უკვე ძალიან მიყვარს. მინდა სამომავლოდ მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა რასაც ეს გარემო შემომთავაზებს.

საკუთარი გამოცდილებიდან თუ დაკვირვებიდან გამომდინარე, ვიტყვი რომ, ეს არის ადგილი სადაც:

ყველაფერი გიფასდება!

ყველაფერს ხედავენ!

არაფერი იკარგება!

შესაძლებელია, რაღაც საკითხებს მეტი დრო, მოთმინება და ენერგია დასჭირდეს, მაგრამ აუცილებლად გამოვა.

მე მოვხვდი ჩემი ოცნების სამსახურში.

ნატა ბადოევა – Sales and P&C Assistant, Philip Morris Georgia

 

წინამდებარე სტატიაში გადმოცემული მოსაზრებები  ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და არ გამოხატავს „ფილიპ მორის საქართველოს“ შეხედულებებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოში Ariston-ის ოფიციალური წარმომადგენელი „ცელსიუსი“ იქნება

ბიზნეს აღრიცხვის პროგრამა „ბალანსი“