24
Apr
2019

InSight-მა მარსზე პირველი „მიწისძვრა“ დააფიქსირა

24 Apr 2019

NASA-ს როვერმა InSight მარსზე პირველი სეისმოლოგიური მოვლენა დააფიქსირა. ამის შესახებ BBC წერს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სეისმოსიგნალი, რომელის დაფიქსირებაც მარსზე გახდა შესაძლებელი. აქამდე, მიწისძვრა მხოლოდ დედამიწასა და მთვარეზე იყო შემჩნეული.

მარსის „მიწისძვრა“ InSight-ის სეისმოგრაფმა SEIS-მა გაზომა, რომელიც პლანეტის ზედაპირზეა დამაგრებული. მისმა სენსორებმა „მიწისძვრა“ 6 აპრილს დააფიქსირეს, InSight-ის მისიის 128-ე დღეს. 6 აპრილამდე და მის შემდეგ, SEIS-მა 3 სეისმური მოვლენა ჩაიწერა (14 მარტს, 10 აპრილს და 11 აპრილს). თუმცა, ეს სიგნალები 6 აპრილის მონაცემებთან შედარებით ძალიან სუსტი იყო. შედარებისთვის, 6 აპრილს, მარსზე დაფიქსირებული „მიწისძვრის“ სიმძლავრის რყევები დედამიწაზე ყოველდღიურად ხდება, ოკეანისა თუ ქარის გავლენით.

მეცნიერთა ცნობით, სეისმოლოგიური მოვლენის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც პლანეტის სიღრმეში მიმდინარე პროცესები, ასევე, ასტეროიდის ჩავარდნა. ასევე, მეცნიერთა თქმით, ეს სუსტი რყევები Apollo-ს სენსორების მიერ, მთვარეზე დაფიქსირებული მიწისძვრის მონაცემების მსგავსია.

წარმოგიდგენთ სეისმოლოგიური მოვლენის აუდიო ვერსიას, რომელსაც NASA ავრცელებს. ის სამი ნაწილისგან შედგება – მარსის ქარი, მიწისძვრა და რობოტის კიდურის მოძრაობა (ფოტოს გადაღებისას).

InSight მარსზე 2018 წლის ნოემბერში დაეშვა, რათა კაცობრიობას მარსის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია მიეღო. ამ დროის განმავლობაში, ის მარსის სტრუქტურასა და კლიმატს იკვლევდა.

განხილვა