5
სექ
2018

სადამდე მიგვიყვანს უძილობა?!

5 სექ 2018

წლების განმავლობაში, მეცნიერები ჩვენთვის ძილის მნიშვნელობის ახსნას ცდილობენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ, საბოლოოდ, ფატალურ შედეგს იწვევს. ძილის დარღვევით, ადამიანი იმატებს წონაში, უფუჭდება კანი, იზრდება მისი ავადმყოფობის სიხშირე და ა.შ.

statiebi-bog
statiebi-bog

თუმცა, ძილის ნაკლებობის ტვინზე ზემოქმედება მხოლოდ ფიზიკური ნიშნებით არ გამოიხატება, უძილობა ადამიანის ქცევაზეც აისახება:

თუ აღმოაჩენთ, რომ ხშირად კამათობთ და კონფლიქტის ეპიცენტრში ექცევით, ე.ი. ძილი გაკლიათ. ძილის ნაკლებობა ნეგატიურად მოქმედებს ხასიათზე, იწვევს დეპრესიისადმი მიდრეკილებას და გაზრდილ მგრძნობელობას. მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ძილის დარღვევის შედეგად, ადამიანს იმპულსების კონტროლის უნარი უქვეითდება. შესაბამისად, ზრდილობიანი პასუხის წარმოების პროცესი ურთულდება და დაუფიქრებლად იწყებს ლაპარაკს.

ძილის ნაკლებობა ზემოქმედებას ახდენს ტვინის უნარზე, მიიღოს და დაამუშაოს ინფორმაცია. ამას ემატება ემოციური რეგულაციის არარსებობა, რაც საბოლოოდ, არასწორ განსჯასა და მცდარი გადაწყვეტილებების მიღებას იწვევს. 2009 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დასვენებულ ინდივიდებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების შესაძლებლობა 4.3 %-ია, ხოლო ძილის დანაკლისის მქონე ადამიანებში – 2.4%.

კარგ კოორდინაციის უნარს დიდი რაოდენობით მენტალური პროცესინგი სჭირდება – ტვინმა, სენსორული ინფორმაციის დახმარებით, ზუსტად უნდა განსაზღვროს, სივრცის რა ნაწილში იმყოფებით, შემდეგ მიღებული ცოდნა გააგზავნოს სხეულის ნაწილებში და მოახდინოს ადამიანის სტაბილიზაცია – გამოიწვიოს მოძრაობა და რეაქცია. როდესაც გეძინებათ, ტვინი ამ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. სუსტი კონცენტრაციის გამო, ქვეითდება მოტორული ფუნქციები. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, უძილობა ისეთივე ზეგავლენას ახდენს კოგნიტურ და მოტორულ ქცევაზე, როგორსაც ალკოჰოლით ინტოქსიკაცია.

უძილობა ართულებს ინფორმაციის გაანალიზებისა და დამახსოვრების პროცესს. თუ ძილი გაკლიათ, თანამოსაუბრეს ნათქვამს ხშირად ამეორებინებთ, თქვენი გონება, საუბრის მომენტში, სხვაგან დაქროდა. იძულებული ხართ, ყველაფერი ჩაინიშნოთ – გამახსოვრდებათ მხოლოდ ის, რაც ფურცელზეა დაწერილი. ასევე აღმოაჩენთ, რომ დიდი დრო გჭირდებათ პრეზენტაციის ტექსტის დასამახსოვრებლად და გიწევთ ერთი და იმავე აბზაცის რამდენჯერმე წაკითხვა.

ძილის ნაკლებობას ახასიათებს მეხსიერების დაქვეითება, მუდმივი შეგრძნება იმისა, რომ რაღაც დაგავიწყდათ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და რაოდენობაზე უარყოფითად აისახება.

იმპულსების კონტროლის დაქვეითება გაიძულებთ, ჩვეულებრივზე მეტი ფული დახარჯოთ. როდესაც დაღლილი ხართ, ენერგიის ნაკლებობას განიცდით. შესაბამისად, ვერ ასრულებთ მარტივ ამოცანას – გეზარებათ ლანჩის მომზადება, ეძებთ ისეთ მარტივ შესაძლებლობებს, როგორებიცაა სახლში მიტანისა თუ დასუფთავების სერვისი. შედეგად უფრო მეტს ხარჯავთ კაფეტერიაში და პარალელურად, საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ ენერგია და ჯანმრთელობა ზედმეტ ფულად დანახარჯად ღირს.  გაზრდილი ხარჯებისთვის ფულის საშოვნელად ზედმეტი მუშაობა გიწევთ. საბოლოოდ კი ისევ ძილს იკლებთ.

უძილობის დროს ხელიდან უშვებთ კარგ შესაძლებლობებს. როდესაც ფიზიკური ლიმიტი ამოწურული გაქვთ, უარს ამბობთ კომფორტის ზონის დატოვებაზე, დამატებით სამუშაოსა და ახალ კარიერულ შესაძლებლობაზე. არა და, ქვეცნობიერად ხვდებით, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლიათ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ძილი არ არის ნებაყოფლობითი – აუცილებელია ორგანიზმის „გათიშვა“ და ბუნებრივი საათის მოთხოვნილების დაცვა. ამიტომ, ძილის გაფრთხილება ყველაზე გონივრული რამაა, რაც კი შეგიძლიათ საკუთარი თავისათვის გააკეთოთ.



განხილვა