ორი თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ტანსაცმლის შოურუმი და სამკერვალო სტუდია „ინსპირაცია“ გამოჩნდა. აღნიშნული საქმიანობა 35 წლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა – მარიამ კალანდაძე-ჭყონიამ დაიწყო. „ინსპირაციაში“ თავისუფალი სტილის (ე.წ. Street Style) ტანისამოსისა თუ კლასიკური ტანსაცმლის შეძენა და შეკერვაა შესაძლებელი. მარიამის თქმით, მომხმარებელი, რომელსაც მოწონს „ინსპირაციას“ ტანისამოსი, არის პიროვნულად თავისუფალი, ან მისი ჩაცმისას იგრძნობს ამას.
მას შემდეგ, რაც დავამთავრე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პიარის მიმართულებით, სულ მიტრიალებდა ფიქრი, მქონოდა საკუთარი ბიზნესი. მაინტერესებდა, როგორ გამოვიყენებდი გამოცდილებასა და ცოდნას, რომელიც მივიღე წლების განმავლობაში, როგორ გავუმკლავდებოდი ყველაფერს, როცა საკუთარი საქმის პირისპირ, მარტო დავრჩებოდი. თუმცა, წლების განმავლობაში ეს ვერ მოვახერხე. ვმუშაობდი რადიოწამყვანად და ამასთან, ვარ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პიარის სამსახურის თანამშრომელი. ბიბლიოთეკაში 13 წელია ვმუშაობ და ახლა გადავწყვიტე, საკუთარი ბიზნესი შევქმნა, მაგრამ საკმაოდ რთული ნაბიჯი აღმოჩნდა“.

„ინსპირაციის“ ამბავი ასე დაიწყო – მარიამმა საკუთარ თავს ორი კითხვა დაუსვა – „რა მიყვარს? რა უყვარს ხალხს?“ პასუხმა კი ტანსაცმლამდე მიიყვანა. მარიამის შემდეგი ნაბიჯები ჭრა-კერვისა და ბაზრის შესწავლას, სამკერვალო ბიზნესის სპეციფიკაში გარკვევას მოიცავდა:
შევისწავლე ქსოვილები, ვუყურე ძალიან ბევრ ვიდეოს, თუ როგორ ააწყვეს სამკერვალო ბიზნესი სხვებმა, გავიარე ჭრა-კერვის კურსები, შევისწავლე აქაური ბაზარი, როგორც ქსოვილების, ისე ტანისამოსის, აქსესუარების მიმართულებით. ურთიერთობა დავამყარე იტალიისა და თურქეთის ქარხნებთან. შემდგომ კი, შევიმუშავე ბიზნესგეგმა“.
M: რა გამოწვევებისა თუ სირთულეების გადალახვა მოგიწიათ, როცა „ინსპირაცია“ პირველ ნაბიჯებს დგამდა?
სტარტაპერობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ალბათ თავიდან ყველა ასეა. ჩნდები დიდ კონკურენტუნარიან ბაზარზე და მათთან შედარებით შენ ხარ პატარა და წინ დიდი გზა გაქვს გასავლელი. ბევრჯერ, უთენია გამღვიძებია და მიფიქრია, რომ ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე. შემშინებია, მაგრამ როცა ხედავ მადლიერ მომხმარებელს და რომ შენი გაყიდვები დაბალანსებულად მიედინება, ან ვინმე გეტყვის ყოჩაღ რა კარგია – ეს გაძლიერებს. სირთულე იყო ისიც, რომ ჩემს ახლობლებთან, მეგობრებთან, თანამშრომელთან, ნათესავებთან, რომელთაც ჩვენი შექმნილი ტანისამოსი მოსწონდათ, ფულზე მიწევდა საუბარი. ამ მიმართულებით გამიჭირდა, მომიწია საკუთარ თავთან ბრძოლა. მეუხერხულებოდა მათგან ფულის აღება და მინდოდა, ან მეჩუქებინა, ან თანხა შემემცირებინა, რაც ბიზნესის კუთხით არასწორია.
M: რა შთააგონებს „ინსპირაციას“ და როგორ იქმნება მისი პროდუქცია?
თითოეული ტანისამოსი იქმნება ნახატივით და ის ასახავს ინდივიდს, პიროვნებას. შთაგონების გარეშე, ვერ იქმნება ტანსაცმელი და ჩვენი ინსპირაცია არის პიროვნული თავისუფლება, რაც აისახება ტანსაცმელში.
M: რა გამოარჩევს თქვენს ბრენდს ბაზარზე? რატომ უნდა აირჩიოს ის მომხმარებელმა?
ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს, როგორც საკუთარი ხედვით, ისე მომხმარებლის გემოვნებით. მართალია ბაზარზე უამრავი სავაჭრო ცენტრი თუ ონლაინ მაღაზიაა, მაგრამ „ინსპირაცია“ სთავაზობს მომხმარებელს განსხვავებულს, კომფორტულს, ხარისხიანს, მომხმარებელზე მორგებულ და მისი ხედვით შექმნილ ტანისამოსს. ხშირად დაგვისვამს კითხვები: ვინ არის კარგი მკერავი? სად შევიკეროთ? დღესაც, კარგი სამკერვალო რომ გავიკითხოთ, ცოტა თუ გაუწევს ვინმეს რეკომენდაციას. ინდივიდუალური კერვის დროს, ჩვენ მომხმარებლებს ვურჩევთ ნაჭერს, დეტალურად ვაკვირდებით, თუ რისი შეკერვა სურს, ვუტარებთ ინდივიდუალურ ინტერვიუს და „ინსპირაციას“ გუნდს შეაქვს დამატებითი დეტალები, თუ როგორ უფრო უმჯობესი იქნება. გვაქვს მკერავის ადგილზე სტუმრობის სერვისიც.
M: რა სამომავლო ხედვის ქონის საშუალებას გაძლევთ „ინსპირაციას“ ორთვიანი ფუნქციონირების გამოცდილება?
გვაქვს ამბიცია, ვიყოთ ბრენდი, რაც ნიშნავს 100%-ით ვართ ორიენტირებული მომხმარებლის ლოიალურობაზე. პროფესიონალიზმი და ხარისხი არის ჩვენი ძლიერი მხარე. „ინსპირაცია“ არის გამოცდილი მკერავ-კონსტრუქტორების გუნდი, რომელის ქმნის იმ ტანისამოსს, რაც მომხმარებელს სურს. „ინსპირაციის“ მომავლის პოზიციონირება საკმაოდ დიდია და იმედს გამოვთქვამ, ამ მიზნების განხორციელებაში გავიმარჯვებთ. ამის მჯერა, რადგან იმ სფეროში, სადაც არ მქონდა გამოცდილება – თურმე ნულიდან სწავლა ყოფილა შესაძლებელი. მთავარია შიშის არ ქონა და ბრძოლისუნარიანობა.