in

„ინსპირაცია“: „ყოველი კალენდარული დღე ბრძოლაა!“

Startauperi
Startauperi

ამბობენ, თუ სურვილი გაქვს, სჯობს, დაიწყო და საამისოდ, სწორი დრო სწორედ ახლაა. ბიბლიოთეკაში 13-წლიანი მუშაობის შემდეგ, PR სპეციალისტი მარი კალანდაძე მიხვდა, რომ საკუთარი საქმის დასაწყებად სათანადო მომენტის შერჩევა აღარ სურდა და მისთვის სრულიად უცხო სფეროში – მოდაში ცადა ბედი. შეისწავლა ქსოვილები, ბაზარი, სამკერვალო ბიზნესის სპეციფიკა, გაიარა ჭრა-კერვის კურსი, შეიმუშავა ბიზნესგეგმა და მცირე რესურსებით, თუმცა მაინც დაიწყო. ეს, დაახლოებით, 2.5 წლის წინ იყო. სურდა საკუთარი შთაგონება სხვებისთვისაც გაეზიარებინა, ამიტომ, ბიზნესს „ინსპირაცია“ დაარქვა. ამ დროის მანძილზე, „ინსპირაციამ“ მისამართი რამდენჯერმე შეიცვალა. მარი კალანდაძე თავიდანვე ცდილობდა საქმეში ექსპერიმენტული მიდგომა ჰქონოდა, ამიტომ მრავალფეროვანი დიზაინის გარდა, სამკერვალოს კაფეს სივრცე დაამატა, შემდეგ კი, დიდი შოუ-რუმიც გახსნა. თუმცა, თავადაც კარგად აცნობიერებს, რომ შეცდომები ბიზნესისთვის დამახასიათებელი ნაწილია.

„შეცდომა იყო, რომ სტარტაპერობის პერიოდში, მოლოდინი მქონდა, მალე დავიმკვიდრებდით საქართველოს ბაზარზე ადგილს და ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მივხვდით, ბრენდად რომ ჩამოყალიბდე, დროს უნდა გაუძლო.“

M: რა იყო ის მცირედი შეცდომები და გამოწვევები, რასაც „ინსპირაცია“ წააწყდა ბაზარზე თავის დამკვიდრების პროცესში?

ყველაზე რთული ბიზნესის დაწყების პირველი დღეებია. საკმაოდ რთული აღმოჩნდა საქართველოს ბაზარზე საკუთარი ადგილის პოვნა, უფრო მარტივად მეგონა. ბიზნესი დროში გადარჩენა-დამკვიდრებას, ულევ ენერგიას საჭიროებს და რაც მთავარია მუდმივ ბრძოლას და არ დანებებას. ბიზნესში ყოველი კალენდარული დღე ბრძოლაა და რაც მთავარია, მუდმივად „ინსპირაცია“ გჭირდება.

M: პანდემიის დროს გაფართოვდით, ჯერ კაფე იყო, შემდეგ – დიდი შოურუმი. რა სირთულეებს წააწყდით ამ პერიოდში?

პანდემიამ ძალიან შეცვალა მომხმარებელი – უმეტესად დისტანციურ ყიდვაზე გადავიდა და ამას მიეჩვია. ფაქტობრივად შოურუმში მომსვლელი შემცირდა და ონლაინ პლატფორმამ ჩაანაცვლა. აქედან გამომდინარე კაფე, რომელიც ინსპირაციას შევუთავსეთ, მოგვიწია დროებით დაგვეკეტა, სანამ ჩვეულ რეჟიმს და ცხოვრებას არ დავუბრუნდებით. ახალი გამოწვევა, რაც გვამოძრავებდა კორონა ვირუსმა შეიწირა..

M: ონლაინ გაყიდვები საკმაო სირთულე აღმოჩნდა ბევრი კომპანიისთვის. პანდემიის დროს, დისტანციური შოპინგის მკვეთრმა ზრდამ აჩვენა გაუმჯობესების საჭიროება ბევრ სტარტაპთან. რა მდგომარეობა იყო „ინსპირაციის“ შემთხვევაში?

ონლაინ გაყიდვას თავისი სირთულეები და დამატებითი ფუნქციები აქვს. მუდმივად მზადყოფნაში უნდა იყო და შექმნა ახალი კოლექცია და შემდგომ გააციფრულო. ეფექტურად მართო სოციალური მედია. ასევე, მუდმივად მოქნილი და კომფორტული უნდა იყო მომხმარებლებისათვის. ვინაიდან, მომხმარებელს არ შეუძლია ნახოს ადგილზე მაღაზიაში, დეტალურად უნდა ესაუბრო ქსოვილზე, მის შემადგენლობაზე, ტანსაცმლის ვიზუალის ყოველი ხედი აჩვენო, ზომები დაწვრილებით მოგწეროს და თუ ზომის ცდომილება მოხდა – გადაუცვალო, ახალი შესთავაზო და არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ წერტილშია. ხშირად სხვადასხვა ქვეყანაშიც რომ გაგვიგზავნია და ზომა არ მოერგო, ან მაგალითისთვის, ტანსაცმლის სახელოს სიგრძე მეტი უნდოდა, ახალი დაგვიმზადებია და ჩვენი ხარჯით გაგვიგზავნია. „ინსპირაციის“ გუნდისთვის მთავარი არის მომხმარებელი: დავამზადოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ არის მასიური წარმოების და მუდმივად განსხვავებულია და მომხმარებელს შევუქმნათ კომფორტი, რადგან დღეს, დროის ფასი კიდევ უფრო მეტად ვიცით, ნებისმიერ წერტილში – მე-12 სართულზეც და დედამიწის მეორე მხარესაც, დროულად როგორ მივიტანოთ ნივთი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Polaroid-ის 3D საბეჭდი კალამი, რომელიც რეალურ კანფეტებს ბეჭდავს

Grammarly-ს აპლიკაციას “ტონის დეტექტორის” ფუნქცია ემატება