ყველა ლიდერი თავის კვალს ტოვებს თანამშრომლების გულსა და გონებაში. ეს შეიძლება ორი გზით წარიმართოს: შთაგონების ან გაღიზიანების. მაინც, როგორ უნდა აირჩიო და მოიპოვო ის მდგრადი გავლენა, რაც გსურს იქონიო სხვებზე?
შთამაგონებელი ლიდერობა სამი უნივერსალური ფაქტორისგან შედგება
შთამაგონებელი და გამაღიზიანებელი ლიდერები არსებობენ მდგრად კონტინუუმზე, რომელიც სამი უნივერსალური ფაქტორისგან შედგება. ზუსტად იგივე მახასიათებლები ჩნდება ყველა კულტურასა და ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამი უნივერსალური ფაქტორია:
- ვიზიონერობა ანუ როგორ ვხედავთ სამყაროს
- სასურველ მაგალითად ყოფნა ანუ როგორები ვართ თავად
- მენტორობა ანუ როგორ ვურთიერთობთ სხვებთან
ჩვენ შეგვიძლია სხვები შთავაგონოთ ჩვენი სიტყვებით, ქმედებებითა და ურთიერთობებით. არსებობს სამი უნივერსალური ფაქტორი, რადგან თითოეული მათგანი აკმაყოფილებს ფუნდამენტურ ადამიანურ საჭიროებას:
- ვიზიონერობა აკმაყოფილებს საზრისისა და მიზნის საჭიროებას.
- მაგალითად ყოფნა აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და შთაგონების მოთხოვნილებას.
- მენტორობა აკმაყოფილებს კუთვნილებისა და სტატუსის მოთხოვნილებას.
ეს უნივერსალური განზომილებები შეგვიძლია განვიხილოთ მფრინავის, ტამი ჯო შულცის მაგალითზე. ის იყო Southwest Airlines-ის რეისი 1380-ის კაპიტანი. ნიუ-იორკიდან დალასში ფრენისას, ძრავა აფეთქდა და თვითმფრინავის გვერდითა მხარეს ხვრელი გააჩინა. ასეთ კრიტიკულ დროს, ტამი ჯომ საკუთარ თავზე ვიზიონერის როლი შეითავსა. ის ეხმარებოდა მგზავრებს გაეგოთ, რა ხდებოდა: ჩვენ არ ვვარდებით, ჩვენ მივფრინავთ ფილადელფიაში. ამით შეამცირა პანიკა.
თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, ტამი ჯო შულცი სათითაოდ მიდიოდა და ამოწმებდა, როგორ იყვნენ მისი მგზავრები. მას ესმოდა საკუთარი როლი, რომ არა მხოლოდ უნდა დაეცვა, არამედ ენუგეშებინა კიდეც მგზავრები.
შთამაგონებელი და გამაღიზიანებელი ლიდერები დიდ გავლენას ახდენენ
ლიდერები ან შთააგონებენ ან აღიზიანებენ. მათი ქცევა ზემოქმედებს სხვებზე. როდესაც ლიდერის პოზიციაზე ვართ, ჩვენი ყველა სიტყვა და გამოხატვა – დადებითი და უარყოფითი – ძლიერდება. კონსტრუქციული კომენტარები დამამცირებელ კრიტიკად აღიქმება, როცა ის ლიდერისგან მოდის. ფრაზა „უნდა ვილაპარაკოთ“ ჟრუანტელს გვგვრის, როცა ის ჩვენი ხელმძღვანელისგან მოდის. როცა ლიდერები ჩვენს შეკითხვებს არ პასუხობენ, მათი დუმილი შეიძლება გამაყრუებელი იყოს.
ლიდერები იშვიათად იწვევენ ნეიტრალურ რეაქციებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება გავლენა, მოგვწონს ეს თუ არა. ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი, შთავაგონოთ თუ გავაღიზიანოთ. ჩვენ ვირჩევთ სიტყვებს, რომლებსაც ვიყენებთ და ხედვებს, რომლებსაც ვაყალიბებთ.
შთამაგონებელი ლიდერები ყალიბდებიან
ჩვენ არ ვიბადებით შთამაგონებელ ან გამაღიზიანებელ ინდივიდებად. პირიქით, ჩვენი მიმდინარე ქცევა შთაგვაგონებს ან გვაღიზიანებს. ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარადგენთ ხედვას. შთამაგონებელი ლიდერები ამარტივებენ თავიანთ დიდ იდეებს და შემდეგ ადვილად გასაგებ ენას იყენებენ მათ გადმოსაცემად.
თანაბრად მნიშვნელოვანია, თუ როდის წარადგენთ თქვენს ხედვას. თქვენ გსურთ წარადგინოთ ის კიდევ და კიდევ და კიდევ, რადგან გამეორება ზრდის სიცხადესა და გაგებას.
იმისთვის რომ მეტად ვიზიონერულნი გავხდეთ, შეგვიძლია ვივარჯიშოთ ჩვენი გზავნილების გამარტივებასა და ვიზუალიზაციაში. შეგვიძლია საკუთარ თავს ვასწავლოთ, როგორ ვიყოთ უფრო მშვიდი და მამაცი დამცველები ისეთი ყოველდღიური პრაქტიკების მეშვეობით, როგორიცაა მედიტაცია და ვიზუალიზაცია.
შთააგონეთ ხალხი არქიტექტორის მსგავსი აზროვნებით
როგორც არქიტექტორი გეგმავს შენობას, ჩვენც შეგვიძლია დავგეგმოთ სასურველი რეაქციებისა და ქცევების წახალისება. როგორც ლიდერები, ჩვენ ვმოქმედებთ ადამიანებზე მაშინაც კი, როცა ადგილზე არ ვართ. პოლიტიკა და პროცესები, რომლებსაც ვაწესებთ, ყოველდღიურად ახდენს გავლენას ადამიანებზე, ახალისებს ზოგიერთ ქმედებას და თრგუნავს სხვებს.
არქიტექტორივით აზროვნება გვეხმარება უფრო ვიყოთ იმით, რომ ვაღიაროთ მკაფიო და კარგად გააზრებული დღის წესრიგის შექმნის საჭიროება. მაგალითად, როდესაც ლიდერი პირველი საუბრობს, ეს ქმნის ძლიერ ღუზას, რომელსაც შეუძლია მთელი დისკუსია დაამძიმოს და გაართულოს ადამიანების მიერ საკუთარი აზრის გაზიარება. საპირისპიროდ, როდესაც ლიდერი ბოლოს საუბრობს, სხვები თავს გრძნობენ თავისუფლად საკუთარი აზრების გასაზიარებლად.
რეფლექსია მეტად შთამაგონებლად გაქცევთ
იმ პერიოდებზე დაფიქრება, როდესაც თავს ძლევამოსილად ვგრძნობდით, გვაქცევს შთამაგონებელ მაგალითებად, უფრო თავდაჯერებულად, მშვიდად და მამაცად წარმოგვაჩენს.
პერიოდულად დაფიქრდით, როდის იყავით შთამაგონებელი და ასევე როდის შეიძლება ყოფილიყავით გამაღიზიანებელი. როდის დაინახეთ ან ვერ დაინახეთ ფართო სურათი? როდის იყავით აფორიაქებული და შეშინებული? როდის გააძლიერეთ ემოციურად და თანაუგრძენით სხვებს – ან ვერ შეძელით ამის გაკეთება?
გაიხსენეთ შთამაგონებელი ლიდერი თქვენი საკუთარი ცხოვრებიდან და ის, თუ როგორ შეგიძლიათ მისი მიბაძვით მსგავსი იმედისა და შესაძლებლობის განცდის გამოწვევა.
აქციეთ ეს რეფლექსიები პრაქტიკად. აი, ერთი ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც გარანტირებულად შთააგონებს თქვენს გარშემომყოფებს: ყოველ დილით ეკონტაქტეთ სულ მცირე ერთ ადამიანს და შეუქეთ დავალება, რომელიც მან კარგად შეასრულა ან მადლობა გადაუხადეთ.
წყარო: Fastcompany