in

Instagram-ის AI-გენერირებულ პროფილებზე წესები იცვლება

Lenovo
Lenovo

Instagram ხელოვნური ინტელექტით შექმნილი „პიროვნებების” მიმართ წესებს ამკაცრებს. პლატფორმა შეცვლის არსებულ “AI creator“ ნიშნულს და მას “AI-generated profile-ით” ჩაანაცვლებს. ახალი დასახელების მიზანია, მომხმარებლებისთვის უფრო მკაფიო გახდეს, რომ პროფილზე წარმოდგენილი ადამიანი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი ან მნიშვნელოვნად შეცვლილი.

ახალი წესების მიხედვით, თუ შემქმნელი AI-გენერირებულ პროფილს შესაბამისი ნიშნულის გარეშე გამოიყენებს, მისი კონტენტის გავრცელება შესაძლოა შეიზღუდოს. იმ შემთხვევაში კი, თუ პროფილი სწორად იქნება მონიშნული, მხოლოდ AI-თ შექმნილი პროფილის გამოყენება ანგარიშის დაჯარიმების მიზეზი არ გახდება.

ამასთან, ახალი ეტიკეტი ხელოვნური ინტელექტის ყველა გამოყენებაზე არ გავრცელდება. მაგალითად, ფოტოს AI-თ დამუშავება, ტექსტის დახვეწა, გრაფიკული ელემენტების შექმნა ან სხვა მცირე კრეატიული ცვლილებები დამატებით მონიშვნას არ მოითხოვს.

რატომ ცვლის Instagram წესებს?

Instagram-ის განცხადებით, ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი მომხმარებლების უკმაყოფილებაა. ადამიანები ხშირად ხვდებიან პროფილებს, რომლებიც რეალურ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩენენ, რომ პროფილზე წარმოდგენილი პირი მთლიანად ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება AI-ინფლუენსერების რაოდენობის ზრდასთან ერთად. სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი ვირტუალური პერსონა ჩნდება, რომლებიც რეალურ ადამიანებს ჰგვანან და ზოგჯერ აუდიტორიასთან პირდაპირ კომუნიკაციასაც აწარმოებენ.

AI-გენერირებული ინფლუენსერების გამოყენების ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა გაცნობის აპლიკაციას უკავშირდებოდა. Instagram-ზე რამდენიმე AI-ით შექმნილი მამაკაცი ინფლუენსერი აპლიკაციის პოპულარიზაციას ეწეოდა და მომხმარებლებს პირდაპირი შეტყობინებებითაც უკავშირდებოდა.

განსაკუთრებულ პრობლემად სახელდება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თემებზე შექმნილი AI-კონტენტიც. სოციალურ ქსელებში აღმოჩენილია ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ექიმების, მკურნალებისა და wellness-პერსონაჟების ასობით პროფილი, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის საკვებ დანამატებს, სთავაზობენ ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მტკიცებებს ავრცელებენ.

ახალი წესების შემოღებას წინ უძღოდა Instagram-ის AI ინსტრუმენტთან დაკავშირებული კრიტიკაც. პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ფუნქცია მომხმარებლებს სხვა ადამიანების გარეგნობის გამოყენებით AI-გენერირებული სურათების შექმნის საშუალებას აძლევდა.

მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მათი საჯაროდ გამოქვეყნებული Instagram-კონტენტი ასეთი ფუნქციისთვის შეიძლება გამოყენებულიყო წინასწარი თანხმობის გარეშე. Meta-მ კრიტიკის შემდეგ აღნიშნული ფუნქცია პლატფორმიდან ამოიღო.

Instagram-ის AI-პოლიტიკის გამკაცრება ასევე უფრო ფართო კონტექსტში ხდება. Meta-ს ბოლო პერიოდში Facebook-სა და Instagram-ზე ბავშვებისა და მოზარდების დაცვის მიმართულებითაც მოუწია ცვლილებების მიღება. კომპანიამ აშშ-ის შტატებთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მოზარდებისთვის პლატფორმების გამოყენებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება აიღო ვალდებულებად, მათ შორის ყოველდღიური გამოყენების დროის ლიმიტი, ღამის რეჟიმი და სასწავლო საათებში შეტყობინებების შეზღუდვა.

AI-გენერირებული პერსონების გავრცელების ფონზე Instagram-ის ახალი მიდგომა კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ მომხმარებელმა უფრო მარტივად გაარჩიოს რეალური ადამიანი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პერსონისგან.

Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება

მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ | რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? საქართველოს ბანკი – საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი