ლამაზი და ესთეტიკური Instagram Feed-ის შესაქმნელად მალე დამატებითი აპლიკაციები აღარ დაგჭირდებათ, რადგან პლატფორმამ ფოტოების გადაწყობის ფუნქციის გატესტვა დაიწყო. მეტიც, პოსტების ისე განთავსებასაც განიხილავს, რომ იგი მეგობრების გვერდზე არ გამოჩნდეს და სიახლეები არც ამით მთავრდება: მალე Spotify-დან სიმღერების გაზიარებას პირდაპირ Instagram Notes-ში შეძლებთ.
როგორც ინსტაგრამში ამბობენ, სურათების ბადის გადალაგების ფუნქცია ყველაზე მოთხოვნადი იყო. ამიტომ, თუ აქამდე პოსტები ქრონოლოგიურად თავსდებოდა და ერთადერთი პოსტის დაპინვა იყო შესაძლებელი, მალე ეს წარსულს ჩაბარდება. იდეა ესთეტიკური გვერდების შექმნაში და სასურველ კონტენტზე ფოკუსირებაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციას ინსტაგრამი 2022 წელს ავითარებდა, თუმცა მას შემდეგ თაროზე შემოდო…
რაც შეეხება პოსტების ჩუმად განთავსების იდეას, ესეც სატესტო რეჟიმშია, თუმცა ინსტაგრამი მის საჯაროდ ჩაშვებას მალევე გეგმავს — „მომხმარებლებს დამატებით მოქნილობას ვთავაზობთ თუ როგორ და სად გამოჩნდეს მათი კონტენტი, ეს მათ დამატებითი წნეხის გარეშე შექმნისა და გაზიარების პროცესში ეხმარება“.
მესამე სიახლე კი Spotify-ის ინტეგრაციაა, მომხმარებლებს თავიანთ Instagram Notes-ში რეალურ დროში შეეძლებათ ნებისმიერი სიმღერის გაზიარება, რომელსაც უსმენენ და ასე შესაძლებლობაც ექნებათ, გამომწერებს თავიანთი მუსიკალური გემოვნება გაუზიარონ…