1
May
2019

Instagram მოწონებების რაოდენობის დაფარვას ოფიციალურად ტესტავს

1 May 2019

დაახლოებით, 2 კვირის წინ გიყვებოდით, რომ Instagram მოწონებების რაოდენობის დაფარვას ტესტავდა. ამ დროისთვის, სოციალური ქსელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა, თუმცა გუშინ, facebook-ის კონფერენციაზე F8 ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ამ ეტაპზე, მსგავს ექსპერიმენტს სოციალური ქსელი კანადაში ჩაატარებს. შესაბამისად, ინსტაგრამის კანადელი მომხმარებლები ვერ ნახავენ სხვადასხვა პოსტზე მოწონებების რაოდენობას. რა თქმა უნდა, პოსტის ავტორს ისევ შეეძლება დამლაიქებლების ჩამონათვალის დათვალიერება, მისი მიმდევრებისგან განსხვავებით. ცვლილებებია ინსტაგრამის აპლიკაციაშიც. რედიზაინის შედეგად, მიმდევრების რაოდენობა აქ ნაკლებად თვალსაჩინო ადგილასაა მოქცეული.

გახდება თუ არა ინსტაგრამი აპლიკაცია მეტი თვითგამოხატვისთვის, ვიდრე პლატფორმა პოპულარობის მსურველთა შეჯიბრებებისთვის? ფაქტია, რომ მოწონებების დამალვამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაკლები იმედგაცრუება – ჩვენ ვერ ვნახავთ, რამდენი მოწონება დაიმსახურა ჩვენი მეგობარი ინფლუენსერის პოსტმა. სავარაუდოა, რომ მომხმარებლები ნაკლებად წაშლიან ფოტოებსა და ვიდეოებს, გამოხმაურების არ ქონის მიზეზით.

ვიგრძნობთ თუ არა თავს მეტად თავისუფლად და ვორიენტირდებით, თუ არა ამა თუ იმ პუბლიკაციის შინაარსზე მეტად, თუ არ გვექნება ინფორმაცია პუბლიკაციის მომწონებელთა რაოდენობის შესახებ? ამ კითხვაზე პასუხი ინსტაგრამის გადაწყვეტილება იქნება. გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა, მოწონებების რაოდენობის მთელ მსოფლიოში დამალვას გულისხმობდეს.

განხილვა