სულ ახლახან ინსტაგრამმა განაცხადა, რომ პირად შეტყობინებებს გააახლებს, რათა იმ ადამიანების გამოცდილება გააუმჯობესოს, რომლებიც ძალიან ბევრ შეტყობინებას იღებენ. აქ კი უმეტესად კრეატორებსა და ინფლუენსერებს მოიაზრებს. აპლიკაცია ხელსაწყოებს გვაცნობს, რომლებიც მომხმარებლებს შეტყობინების მოთხოვნების დახარისხებისა და გაფილტვრის საშუალებას მისცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შეტყობინება მთავარ გვერდზე არ გამოჩნდება და მომხმარებელთა მიხედვით დახარისხდება მიმდევრების რაოდენობის, ვერიფიცირებული ანგარიშების, ბრენდების, კრეატორებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.
აღნიშნული, კრეატორებს პრიორიტეტული შეტყობინებების განსაზღვრაში დაეხმარება, იმ გავლენის გათვალისწინებით, რომელიც კრეატორის ბიზნესსა თუ ურთიერთობებს შეიძლება, ჰქონდეს. რაც შეეხება ე. წ. სთორზე მოწერილ შეტყობინებებს, ამისთვის ინსტაგრამი ახალ Story Replies-ის ჩანართს გააკეთებს და მას ერთ სივრცეში გახდის ხელმისაწვდომს.
ხოლო უშუალოდ Sort & Filter-ის ჩანართი შეტყობინებების ყუთის თავში გამოჩნდება, სადაც მომხმარებლებს დახარისხება ბოლო დროს მიღებული შეტყობინებებისა თუ გამომგზავნის მიმდევრების რაოდენობის მიხედვით შეეძლებათ — კრეატორებს იმ შეტყობინებების მარტივად პოვნაში დაეხმარება, რომლებიც სხვა კრეატორებისა ან ბრენდებისგან შეიძლება მოდიოდეს, აქ კი უმეტესად ბიზნესწინადადებები მოიაზრება. თუმცა აღნიშნულის გარდა, ისინი მესიჯების დახარისხებას უფრო ვიწრო პარამეტრებითაც შეძლებენ, იქნება ეს ვერიფიცირების საკითხი, ბიზნესანგარიშები, კრეატორების ექაუნთი, ანგარიშები, რომელთაც კონკრეტული რაოდენობის გამომწერები ჰყავთ და ა. შ.
ეს ცვლილებები კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ კრეატორებისთვის ინსტაგრამზე პირადი შეტყობინებების მართვა რთული იყო… ახლა კი ამბობენ, რომ ეს ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მომავალში პირადი შეტყობინებების ჩანართის გაუმჯობესებას კიდევ უნდა ველოდოთ.