5
Aug
2019

რატომ უცვლის ფეისბუკი სახელს ინსტაგრამსა და WhatsApp-ს

5 Aug 2019

Alta
Alta


რა შეიძლება უქნას ფეისბუკმა თავის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს? ლოგიკურად, ალბათ, ცუდი არაფერი, თუმცა… Instagram-ის სახელი მალე Instagram from Facebook იქნება, WhatsApp-ის კი WhatsApp from Facebook გახდება. ანუ, ამ ორი სოციალური ქსელის სახელში (ლოგოში და ა.შ) ხაზგასმით გამოჩნდება, ვინ არის მისი მფლობელი. აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია პირველად The Information-ზე გავრცელდა, სიახლე დაადასტურეს ფეისბუკშიც. კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა – „ჩვენ გვსურს, რომ უფრო მკაფიო ვიყოთ იმ პროდუქტებთან, თუ სერვისებთან დაკავშირებით, რომლებიც ფეისბუკის ნაწილია“. კომპანიამ უკვე შეიტანა ცვლილება მის მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი აპლიკაციის – Workplace-ის შემთხვევაში. ის უკვე გახდა Workplace by Facebook.

Workplace-ისგან განსხვავებით, ინსტაგრამისა და WhatsApp-ის სახელი ჯერ არ შეცვლილა. ორი სოციალური ქსელი, განახლებული სახელით Google Play-სა და App Store-ზე მალე გამოჩნდება, ხოლო სმარტფონში, უკვე გადმოწერილი აპლიკაციების სახელები ჯერ არ იცვლება. აღნიშნული სიახლის დაკავშირება აშშ-ს ვაჭრობის ფედერალური კომისიის პოლიტიკასთან შეიძლება. აღნიშნულ ორგანოში ტექნოლოგიური გიგანტი სულ უფრო მცირე ნდობას იმსახურებს. მაგალითად, The Wall Street Journal -ში, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ფედერალური კომისია სწავლობს ფეისბუკის კომერციულ პოლიტიკას, კერძოდ, შეიძინა, თუ არა მან სხვადასხვა კომპანია, კონკურენციის შემცირების მიზნით.

სავარაუდოდ, ფეისბუკი ცდილობს მეტად გამჭვირვალე იყოს. თუმცა, ეს ნაბიჯი მაინც გასაკვირია. ცხადია, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პლატფორმების არსებობას თავისი უპირატესობები აქვს. მათ შორის, ახალგაზრდა მომხმარებლებში ფეისბუკის მოხმარების რიცხვი იკლებს, სამაგიეროდ, იზრდება ახალგაზრდების მხრიდან, Instagram-ისა და WhatsApp-ის მოხმარების მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, რთული სათქმელია, რა შედეგს გამოიღებს აღნიშნული რებრენდინგი. თუმცა, ცხადია, რომ ფეისბუკი თავის ორ ყველაზე მნიშვნელოვან შენაძენს სახელს შეუცვლის, მათ სახელებში კი მათი მფლობელის ვინაობა მკვეთრად იქნება ხაზგასმული.

განხილვა