in

Instagram-მა ახალი აპლიკაცია Instants შექმნა

Instagram ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად კიდევ ერთ გზას ცდის და Snapchat-ის მსგავს, სრულიად დამოუკიდებელ აპლიკაციას – Instants-ს ტესტავს. ახალი პლატფორმის მთავარი მიზანი ყოველგვარი ფილტრისა და რედაქტირების გარეშე, რეალური, გაქრობადი ფოტოების გაზიარებაა. აპლიკაცია ზუსტად ისე იხსნება პირდაპირ კამერის რეჟიმში, როგორც ეს Snapchat-ის შემთხვევაში ხდება და მომხმარებლებს მეგობრებისთვის ისეთი კადრების გაგზავნის საშუალებას აძლევს, რომლებიც მალევე ქრება. ამ კონცეფციის მთავარი იდეა რეალური ცხოვრების მომენტების სწრაფად, ყოველგვარი დამუშავების გარეშე და, რაც მთავარია, კონფიდენციალურობის დაცვით გაზიარებაა. როგორც აპლიკაციების მაღაზიის ოფიციალური აღწერიდან ირკვევა, პლატფორმა რედაქტირების ფუნქციას საერთოდ არ ითვალისწინებს და აქცენტს მყისიერ კომუნიკაციაზე აკეთებს.

სინამდვილეში, Instants იმ ფუნქციის სახელშეცვლილი ვერსიაა, რომელსაც Meta გასულ წელს Instagram-ში Shots-ის სახელით ტესტავდა. წინა ვერსიაც ანალოგიურად, ყოველგვარი ფილტრისა და დამუშავების გარეშე, მეგობრებისთვის ფოტოების სწრაფად გაგზავნას ემსახურებოდა. მიმღებს სურათის ნახვა მხოლოდ ერთხელ შეეძლო, რის შემდეგაც ის სამუდამოდ იშლებოდა. კონცეპტუალურად, ეს BeReal-ისა და Snapchat-ის ნაზავს ჰგავდა, რომელიც იდეალურად დამუშავებული პოსტების საპირისპიროდ, სპონტანური ინტერაქციის წახალისებისთვის შეიქმნა. მსგავსი მიდგომა ხალხს უფრო ხშირი გაზიარებისკენ უბიძგებს. ტესტირების მონაცემებმა აჩვენა, რომ მომხმარებლებში ამ ფორმატის მიმართ ინტერესი არსებობდა, რამაც, სავარაუდოდ, Meta-ს დამოუკიდებელი აპლიკაციის შექმნისკენ უბიძგა.

ახალ, დამოუკიდებელ აპლიკაციაზე მუშაობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი პირველი კვალი Instagram-ის კოდში ჯერ კიდევ თებერვალში შენიშნეს. იმ პერიოდში Meta-ს წარმომადგენლები ადასტურებდნენ ექსპერიმენტის მიმდინარეობას, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობდნენ. ახლა კი უკვე ნათელია, რომ გეგმები სერიოზულია და Instants გარკვეულ რეგიონებში მაინც შეეცდება Snapchat-ისთვის კონკურენციის გაწევას.

ჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ მაინცდამაინც ახლა? მიზეზი, დიდი ალბათობით, Snapchat-ის ზრდის ტემპის შენელება და ზოგიერთ რეგიონში მისი პოზიციების შესუსტებაა. Meta ამას ხედავს, როგორც იდეალურ შანსს, რათა მეტოქეს წნეხი გაუძლიეროს და მისი საბაზრო წილი კიდევ უფრო შეამციროს.

ამ ორ კომპანიას შორის დაპირისპირება წლებს ითვლის და სათავეს ჯერ კიდევ 2013 წლიდან იღებს, როდესაც მარკ ცუკერბერგმა მზარდი პლატფორმის შესაძენად 3 მილიარდი დოლარი გამოყო. Snapchat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ევან შპიგელმა ეს წინადადება უარყო. პირადი შეხვედრისა და შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ, შპიგელი იხსენებდა, რომ ცუკერბერგმა ეს უარი პირად შეურაცხყოფად მიიღო.

მას შემდეგ Meta-მ Snapchat-ის ფუნქციების არაერთი ასლი შექმნა, რათა კონკურენტის გავლენა შეემცირებინა. მათ შორის ყველაზე წარმატებული Instagram Stories აღმოჩნდა, რომელიც დღეს პლატფორმის განუყოფელი ნაწილია და რომელმაც Snapchat-ის ზრდის ტრაექტორიაზე უდიდესი გავლენა იქონია. თუმცა, წარუმატებელი მცდელობებიც მრავლად იყო. 2013 წელს გამოვიდა პირდაპირი კლონი Poke, რომელიც 17 თვეში დაიხურა. 2014 წელს Meta-მ Slingshot გამოსცადა, რომელმაც მხოლოდ 6 თვეს გაძლო, ხოლო 2016 წელს Facebook-ზე ამოქმედდა ფუნქცია, რომელიც აპლიკაციაში დაუმუშავებელი კადრების გაზიარებას ახალისებდა. Stories-ის გარდა, ვერცერთმა ამ ინიციატივამ ვერ გაამართლა, რაც ახალი აპლიკაციის სამომავლო პერსპექტივებზეც გარკვეულ კითხვებს აჩენს.

მიუხედავად ამისა, Meta-ს მიზანი Snapchat-ის ბაზრიდან გაძევებაა. იმ ფონზე, რომ თავად კომპანია Snap ახლა საკმაოდ მოწყვლად პოზიციაშია და ძირითად რესურსს მომავალი AR სათვალეების გამოშვებაზე ხარჯავს, Meta-მ სისუსტე იგრძნო და შეტევაზე გადავიდა. გაამართლებს თუ არა ეს სტრატეგია? მართალია, წარსული გამოცდილება საპირისპიროს მეტყველებს, მაგრამ იმ პირობებში, როცა Snap გარკვეულ ბაზრებზე პრომოუშენისთვის რესურსებს ვერ გამოყოფს, შესაძლოა Meta-მ აუდიტორიის ნაწილის გადაბირება შეძლოს.

ერთი შეხედვით, Instants არ ჰგავს მასშტაბურ აპლიკაციას და მისი ფუნქციონალი მჭიდროდაა დაკავშირებული Instagram-თან, რამაც თინეიჯერებში შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს. თუმცა, იმ რეგიონებში, სადაც Snapchat პოზიციებს თმობს ან საერთოდ ვერ მოიკიდა ფეხი, ახალ პლატფორმას მომენტალური გაზიარების მთავარ აპლიკაციად გადაქცევის სრული პოტენციალი აქვს.

წყარო: Socialmediatoday

საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა

დედამიწა, როგორც შრიფტი – NASA-ს ახალი პერსონალიზებული პროექტი