როგორც იქნა, მრავალწლიანი საუბრების შემდეგ, ინსტაგრამის აპლიკაცია iPad-ზეც გამოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ iPhone-ის აპლიკაციის გამოყენება, რომელიც არ გვთავაზობდა დიდ ეკრანზე წვდომას და არც ვებვერსიის თვალიერება მოუწევთ თავიანთ პლანშეტებზე… ახლა ინსტაგრამი ჩვეულებრივ აპლიკაციებს შორის გამოჩნდება და ვიდეოების დიდ ეკრანზე ნახვის შესაძლებლობას შემოგთავაზებთ.
iPad აპლიკაციას თითქმის ყველა ის ფუნქცია აქვს, რომელსაც სმარტფონში ვხვდებით. თუმცა ინსტაგრამის Feed პლანშეტზე სამ ვარიანტს გთავაზობთ: All-ს რეკომენდებული პოსტებისთვის და თქვენ მიერ გამოწერილი ადამიანების რილსების სანახავად, Friends-ს იმ მეგობრების კონტენტის სანახავად, რომლებიც თქვენი მიმდევრები არიან ან, პირიქით, და Latest-ს პოსტებისა და რილსების ქრონოლოგიურად სანახავად.

აქამდე კი iPad-ზე ინსტაგრამი დიდად კარგ გამოცდილებას არ გვთავაზობდა, თუმცა ახლა ყველაფერი დიდ ეკრანს მოარგეს. ამგვარად, ახლა, როცა რილსებს უყურებთ, კომენტარებს გვერდით ჩანართში დაინახავთ, ხოლო, როცა შეტყობინებებში შეხვალთ, კონკრეტული საუბრის გახსნას ბოლოდროინდელი აქტიური ჩატებიდან შეძლებთ.

მართალია, ინსტაგრამი თითქმის 15 წელია არსებობს, მაგრამ რატომღაც აქამდე iPad-ის აპლიკაცია პრიორიტეტი არ ყოფილა. ბევრჯერაც უთქვამთ, რომ ამას დიდად არც ჩქარობდნენ, ამიტომ მესამე მხარის აპლიკაციებმა, მათ შორის Retro-მ, დიდი უპირატესობა მოიპოვა, რადგან მომხმარებლებს iPad-ზე ინსტაგრამის გამოცდილების გაუმჯობესებას ჰპირდებოდა…

ასე იყო თუ ისე, ახლა ინსტაგრამის აპლიკაცია ყველა იმ iPad-ზე გახდა ხელმისაწვდომი, რომლებშიც iOS 15.1-სა და უფრო ახალ პროგრამულ უზრუნველოფას ვხვდებით.












