თუ აქამდე Instagram Live-ში ყველა გადიოდა, ახლა საჯარო ექაუნთი და მინიმუმ 1000 გამომწერი იქნება საჭირო. საინტერესო ცვლილებაა, რომელიც გარკვეული გამოწვევების წინაშე დააყენებს კრეატორებს, რომელთაც ჯერ საკმარისი ოდენობის მიმდევარი არ ჰყავთ და ჩვეულებრივ მომხმარებლებს, რომელთაც უბრალოდ გართობის მიზნით სიამოვნებდათ ლაივში მეგობრებთან ერთად ჩართვა…
ამგვარად, ინსტაგრამის ის ექაუნთები, რომლებიც საჯარო არ არის და 1000-ზე ნაკლები მიმდევარიც ჰყავს, ლაივში გასვლის მცდელობისას შეტყობინებას მიიღებენ, რომ მათი ანგარიშისთვის Live-ის ფუნქცია აღარ იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული შეტყობინება შემდეგ ტექსტსაც მოიცავს: We changed requirements to use this feature. Only public accounts with 1,000 followers or more will be able to create live videos.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება ინსტაგრამის ლაივის ფუნქციას ტიკტოკთან აახლოებს — მოკლე ფორმატის ვიდეოების აპლიკაცია ასევე სთხოვს მომხმარებლებს სულ მცირე 1000 მიმდევარის ყოლას ლაივში გასასვლელად. შედარებისთვის, YouTube მინიმუმ 50 გამომწერს ითხოვს…
მართალია, კომპანიას ამ ცვლილების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნა, რომ მიზანი Live გამოცდილებების გაუმჯობესებაა.
ასე დაბალი ხარისხის კონტენტიც შეიზღუდება, რადგან მხოლოდ გარკვეული ოდენობის აუდიტორიის მქონე მომხმარებლებს შეეძლებათ ლაივში გასვლა.
რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული ცვლილება მეტას ბევრ ფულს დაუზოგავს, გამომდინარე იქიდან, რომ ე. წ. ლაივსტრიმების ფასი საკმაოდ მაღალია… ამგვარად, შეზღუდული ლაივის ფუნქცია მომხმარებელთა კეთილდღეობისთვის თუ არა, კომპანიის სასარგებლოდ ნამდვილად იმუშავებს.












