ამასობაში Instagram Map-ის ახალი ფუნქციაც ჩაეშვა, რომელიც მომხმარებლებს სხვებთან თავიანთი აქტიური ლოკაციის გაზიარების შესაძლებლობას მისცემს, შემდგომ კი ლოკაციაზე დაფუძნებული კონტენტის აღმოჩენაშიც დაეხმარება. თუმცა სიახლეები ამით არ მთავრდება, მეტას მფლობელობაში არსებული სოციალური ქსელი Repost-საც უშვებს და Friends-ის ჩანართს რილსში გლობალურად ხელმისაწვდომს ხდის.
აღსანიშნავია, რომ რუკის ახალი ფუნქციით ინსტაგრამი Snapchat-ის კიდევ ერთ პოპულარულ ფუნქციას ჰბაძავს მას შემდეგ, რაც Stories 2016-ში „მოჰპარა“…

როგორც ინსტაგრამი აღნიშნავს, Instagram Map-ის ფუნქციის გააქტიურება ნებაყოფლობითია. ხოლო მომხმარებლების ლოკაცია მხოლოდ მაშინ ახლდება, როცა ისინი აპლიკაციას გახსნიან, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი რეალურ დროში ლოკაციის განახლებებს არ გვთავაზობს. Snap Map-ის შემთხვევაში კი მომხმარებლებს ამის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ Instagram რეალურ დროში ლოკაციების გაზიარების შესაძლებლობას პირად შეტყობინებებში გვთავაზობს — ეფლისა და სნეპჩეტისგან განსხვავებით, ეს მხოლოდ 1 საათის მანძილზე შეგეძლებათ.

რაც შეეხება ლოკაციაზე დაფუძნებულ კონტენტს, თუ მაგალითად თქვენი მეგობარი ახლომდებარე მუსიკალურ ფესტივალს ესწრება და იქ ყოფნისას Story-ს დაპოსტავს, ეს რუკაზე გამოჩნდება. მსგავსად, თუ კრეატორი ქალაქში ახლად გახსნილი რესტორნის შესახებ დადებს რილსს, მისი აღმოჩენა Instagram Map-ით იქნება შესაძლებელი. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, თავად ამჯობინებთ თუ არა ლოკაციის გაზიარებას, მსგავსი კონტენტის ნახვას მაინც შეძლებთ.
Map მოკლე შეტყობინებების დატოვების შესაძლებლობასაც მოგცემთ, რომლებსაც შემდგომ სხვები ნახავენ. ჩათვალეთ, რომ Instagram Map-ის მსგავსია, ოღონდ რუკაზე. ახალი ფუნქცია ამჯერად ამერიკაშია ხელმისაწვდომი, თუმცა გლობალურ ჩაშვებასაც უახლოეს მომავალში გვპირდებიან. მომხმარებლები Instagram Map-ის პოვნას პირადი შეტყობინებების ზედა ნაწილში შეძლებენ.

დაბოლოს, Repost-ის ფუნქცია, ტიკტოკის გაზიარებისა და X-ის Retweet-ის მსგავსია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ახლა უკვე ინსტაგრამზეც შეუძლიათ საჯარო რილსებისა და პოსტების გადაზიარება, რომელიც ახალ Repost-ის ჩანართში გამოჩნდება თავიანთ პროფილსა და მეგობრების გვერდებზე. მოკლე შეტყობინებების დამატება მსგავს პოსტებზეც იქნება შესაძლებელი. Friends-ის ჩანართიც რომ არ დაგვავიწყდეს, გეტყვით, რომ ეს გაჩვენებთ რილსებს, რომლებიც თქვენმა მეგობრებმა მოიწონეს, დააკომენტარეს, შექმნეს ან რეპოსტით გააზიარეს…













