in

Instagram-ზე მონიშნული პოსტების პროფილზე დამატება უკვე შეგიძლიათ

Instagram თავის მომხმარებლებს პროფილის ვიზუალზე მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს. პლატფორმამ ახალი ფუნქცია დაამატა, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ, მონიშნული პოსტები პირდაპირ პროფილის მთავარ ბადეში (profile grid) დაამატონ.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება არ მოგვეჩვენოს რაიმე განსაკუთრებულ განახლებად, თუმცა პრაქტიკაში საკმაოდ გამოსადეგი ფუნქციაა. მაგალითად, მეგობრებთან ერთად წვეულებიდან, კონცერტიდან, მოგზაურობიდან ან საღამოს სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, საერთო ფოტოებს ათვალიერებდეთ და აღმოაჩინოთ, რომ ერთ-ერთმა მეგობარმა საუკეთესო ჯგუფური ფოტო უკვე გამოაქვეყნა და მასში თქვენც მოგნიშნათ. იმავე ფოტოს საკუთარ პროფილზე ხელახლა გამოქვეყნება კი ცოტა უხერხული შეიძლება იყოს. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოგადგებათ ახალი ფუნქცია.

მონიშნული პოსტის პროფილის მთავარ ბადეში დამატება შესაძლებელია რამდენიმე გზით: პირდაპირ იმ DM-შეტყობინებიდან, რომელსაც მონიშვნისას მიიღებთ, თავად პოსტიდან ან “Tagged” ჩანართიდან. თუ მოგვიანებით აზრს შეიცვლით, პოსტის პროფილის ბადიდან მარტივად წაშლაც შეგიძლიათ.

ამასთან, ორიგინალ პოსტში არაფერი ეცვლება. მისი მთავარ ბადეში დამატება არც პოსტს შლის და არც მის დუბლირებას აკეთებს. ასევე, მისი პროფილიდან წაშლის შემთხვევაში პოსტი “Tagged” ჩანართში კვლავ დარჩება.

ახალი ფუნქცია შესაძლოა განსაკუთრებით საინტერესო იყოს კონტენტკრეატორებისთვისაც. მაგალითად, კოლაბორაციის დროს მათ შეუძლიათ, საკუთარ პროფილზე გამოიტანონ პოსტები, რომლებშიც მონიშნულები არიან, ისე, რომ იმავე კონტენტის ხელახლა გამოქვეყნება ან “Invite collaborators“ ფუნქციის გამოყენება აღარ დასჭირდეთ.

ეს შესაძლებლობა ბრენდებისთვისაც გამოსადეგია, განსაკუთრებით იმ კამპანიებში, რომლებშიც რამდენიმე კრეატორი მონაწილეობს და თითოეულ მათგანს სურს, საკუთარ პროფილზე გამოაჩინოს საერთო კონტენტი, რომელშიც ყველაა მონიშნული.

ახალი ფუნქცია Instagram-ის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი პროფილისა და კონტენტის მართვაზე მეტ კონტროლს აძლევს. ივნისში პლატფორმამ “Reorder your grid“ წარადგინა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს პროფილის მთავარ ბადეში განთავსებული პოსტების გადაადგილება შეუძლიათ.

Instagram ბოლო პერიოდში ასევე ამატებს ინსტრუმენტებს, რომლებიც კონტენტის შექმნასა და მართვას ამარტივებს. ერთ-ერთი ბოლო სიახლეა “First Draft“ – ვიდეორედაქტირების ფუნქცია, რომელიც არჩეულ ვიდეოკლიპებს ავტომატურად ამოკლებს, პაუზებს აშორებს და საუკეთესო მომენტებს აერთიანებს.

კიდევ ერთი ახალი ინსტრუმენტი “Replace Audio“ მომხმარებლებს უკვე გამოქვეყნებულ პოსტებზე მუსიკის შეცვლის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, ძველი პოსტის მუსიკალური გაფორმების განახლება მისი თავიდან გამოქვეყნების გარეშეა შესაძლებელი.

Instagram-ის ბოლო განახლებები აჩვენებს, რომ პლატფორმა მხოლოდ ახალი კონტენტის შექმნაზე კი აღარ აკეთებს აქცენტს, არამედ მომხმარებლებს უკვე გამოქვეყნებული მასალისა და საკუთარი პროფილის მართვის უფრო მოქნილ შესაძლებლობებსაც სთავაზობს.

„ლექსუს თბილისმა“ მეხუთედ მოიპოვა პრესტიჟული ჯილდო “KIWAMI”

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში