შესაძლოა, ეს იდეა არ მოგწონდეთ, მაგრამ ერთი ის შეგვიძლია გითხრათ, რომ მარტო არ ხართ… როგორც გავიგეთ, Instagram Reels-ს ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც თქვენი მეგობრების მიერ მოწონებულ ვიდეოებს გაჩვენებთ და, პირიქით, მეგობრებიც შეძლებენ თქვენ მიერ მოწონებული ყველა ვიდეოს ნახვას.
„გვინდოდა, ინსტაგრამი მხოლოდ გასართობი კონტენტის მიღების ადგილი კი არ ყოფილიყო, არამედ სივრცე, რომელშიც ამ კონტენტით მეგობრები ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ“, — აცხადებს ადამ მოსერი, ინსტაგრამის ხელმძღვანელი.
ამას კი მყისიერად მოჰყვა მომხმარებელთა კომენტარები, რომ ისინი რილსებს აღარ მოიწონებდნენ, ზოგიც კი მეტად რთულად უყურებს ამ საკითხს და ფიქრობს, რომ ახალი ფუნქციის გამო შეიძლება, აპლიკაციის გამოყენებაზე უარი თქვან…
ასეა თუ ისე, Reel-ის თავზე მეგობრების პროფილის ფოტოებს დაინახავთ კუთხეში პატარა გულებით. ხოლო, თუ დააკლიკებთ, With Friends-ის ჩანართში გადაგიყვანთ — აქ ნახავთ მეგობრების მიერ მოწონებული ვიდეოების გვერდს, მათ პროფილის სურათებსა და გულის ნიშნებს. ახალი ფუნქცია შეტყობინებების ყუთსაც მოიცავს, რათა გაგიმარტივოთ იმ მეგობრისთვის პირდაპირ მიწერა, რომელმაც ვიდეო მოიწონა. შეიძლება ითქვას, რომ ინსტაგრამი ამით იმას ამარტივებს, რასაც მომხმარებელთა უმეტესობა ისედაც აკეთებდა, აქ კი პირად შეტყობინებებში მეგობრებისთვის Reels-ების გაზიარებას ვგულისხმობთ.
ინსტაგრამის ახალი ფუნქციის მიზანი მომხმარებლებისგან მეტი ჩართულობის მიღებაა. თანაც ამისთვის უკვე გაზარდა Reels-ების ხანგრძლივობა და ახალი ვიდეოს რედაქტირების ხელსაწყო Edits-იც კი შესთავაზა მომხმარებლებს. თუმცა მოწონებული ვიდეოების მეგობრებისთვის ჩვენების იდეა რამდენად წარმატებული აღმოჩნდება, ამას, ალბათ, დრო გვაჩვენებს.