in ,

Facebook-მა TikTok-ის კონკურენტი Instagram Reels შექმნა და ის უკვე ხელმისაწვდომია

Facebook-მა TikTok-ის კონკურენტი Instagram Reels შექმნა და ის უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს 50 ქვეყანაში. ჩამონათვალში, ჯერჯერობით, ვერ ვხვდებით საქართველოს. თუმცა, მოკლე, კრეატიული ვიდეოების შექმნის შესაძლებლობა Instagram-ისგან მალე საქართველოშიც გვექნება.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აშშ-ში, ტრამპის ადმინისტრაცია TikTok-ს დაბლოკვას უქადის, ხოლო ამ პერიოდში, აშშ-ში ჩნდება ახალი შესაძლებლობა მოკლე და კრეატიული ვიდეოების შექმნის კუთხით და ეს Instagram Reels-ია.

ჯერ კიდევ 2018 წელს, Facebook-მა (რომელიც Instagram-ს ფლობს), TikTok-ის კონკურენტი – Lasso შექმნა, თუმცა, გასულ წელს ეს აპლიკაცია გაუქმდა. თუმცა, ტესტირებისგან მიღებული ინფორმაცია/გამოცდილება სოციალურ ქსელს უკვე ახალი, მეტად კონკუენტუნარიანი პლატფორმის შექმნაში დაეხმარა და დღეს უკვე არსებობს Instagram Reels. პროდუქტი ტესტირების შემდეგ, დღეიდან უკვე ოფიციალურადაა ხელმისაწვდომი 50 ქვეყანაში.

TikTok-ისგან განსხვავებით, Instagram-ს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მოიხმარს. აქამდე ისინი ტვირთავდნენ ფოტოებს სიახლეების ზოლზე, დებდნენ Stories-ს და ვიდეოკონტენტს IGTV-ზე. ახლა უკვე მათ ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან 15 წამიანი ვიდეოები და მათი დამუშავებისას გამოიყენონ გაფართოებული რეალობის ფილტრები, თაიმერები და რა თქმა უნდა, მუსიკა. Instagram-ის თქმით, თქვენ არ მოგიწევთ დარდი მუსიკის გამოყენების შემდეგ, გაუქრება თუ არა ხმა თქვენს ვიდეოს, რადგან პლატფორმა ამ პრობლემას აგვარებს.

Reels-ის გამოყენება ძალიან მარტივია. ამისათვის Instagram Camera-ს გამოყენება მოგიწევთ, რაც უკვე ყველა მომხმარებელმა იცის. Reel-ის შესაქმნელად, Instagram Camera-ს გახსნის შემდეგ გაჩენილი ღილაკებიდან, Story-ს გვერდით, Reels-ს უნდა დააწვეთ. ამის შემდეგ, სხვადასხვა რედაქტირების ინსტრუმენტი pop up შეტყობინების სახით გაჩნდება თქვენს ეკრანზე, მათ შორის კი იპოვით AR ეფექტებსა თუ სხვა, კრეატიული ვიდეოს შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტებს.

სხვა Instagram პოსტების მსგავსად, Reels შეგიძლიათ მონახაზად შეინახოთ და შემდეგ მიუბრუნდეთ მის რედაქტირებას. გარდა ამისა, Reels-ებს შეგიძლიათ გაუკეთოთ აღწერები, მონიშნოთ მეგობრები, დაურთოთ ჰეშთეგები და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ ინსტაგრამის მოხმარების მაჩვენებელს, ფუნქცია მალე ვირუსულად შეიძლება მოგვევლინოს. ასევე, თუ Reels-ის გამოქვეყნებას Story-ში გადაწყვეტთ, ის 24 საათში გაქრება, სხვა შემთხვევაში კი, თუ მას Instagram-ზე დაპოსტავთ, თქვენი კრეატიული ვიდეოები პროფილში გაჩენილ ახალ განყოფილებაში მოიყრის თავს. (როგორც ქვემოთ, გამოსახულებაში ხედავთ).

Reels-ების Explore ფუნქციით აღმოჩენაც შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში, თქვენ ვერტიკალური, TikTok-ის მსგავსი სიახლეების ზოლი გექნებათ.

მიუხედავად იმისა, რომ Instagram ცდილობს TikTok-ს კონკურენცია გაუწიოს და ამისთვის ქმნის არა ცალკე აპლიკაციას, არამედ უკვე არსებულ მომხმარებლებს, უკვე არსებულ და პოპულარულ პლატფორმაზე, ახალი ფუნქციის გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, მაინც რთული იქნება TikTok-ის კრეატორების „გადმობირება“. რადგან უამრავი ტიკტოკერი სწორედ ამ პლატფორმამ გაზარდა და მათ უკვე შემოკრებილი ჰყავთ აუდიტორია. შეიძლება ითქვას, რომ თუ TikTok-ს აშშ-ში არ აკრძალავენ, მისი ჩანაცვლება Instagram Reels-ს გაუჭირდება. თუმცა, ვინ იცის.

„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ – მარკ მენსონის წიგნის პრეზენტაცია, „შერატონ ბათუმში“

როგორ მოვიქცეთ, თუკი ბოსს არ მოვწონვართ?