4
Sep
2019

Instagram Stories-ში მუსიკისა და პოდკასტების გაზიარება Pandora-თიც შეგიძლიათ

4 Sep 2019

Alta
Alta


გუშინ, მუსიკისა და პოდკასტების პლატფორმა Pandora-მ ინსტაგრამთან თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა. კერძოდ, დღეიდან, Instagram Stories-ში Pandora-დან მუსიკისა და პოდსკატების გაზიარება იქნება შესაძლებელი. მსგავსი ფუნქცია, დაახლოების ერთი წლის წინ, Spotify-საც ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ იგივე ფუნქცია Facebook Stories-ის შემთხვევაშიც აამოქმედა.

Pandora-ს შემთხვევაში, მსგავსი ტიპის კონტენტის სთორიში გაზიარება უფრო მარტივი და სწრაფი პროცესია. საჭიროა მუსიკის, ან პოდკასტის მოსმენის პროცესშივე, მხოლოდ ღილაკ Share-ზე დაჭერა და ჩამონათვალში Instagram Stories-ზე დაკლიკვა. შედეგად, აუდიოკონტენტის გარეკანი თქვენი ინსტაგრამის სთორიში აღმოჩნდება. ჩვეულებრივ, შეგიძლიათ მისი გაფორმება სტიკერებითა და გამოკითხვებით. ასევე, შეგიძლიათ თქვენი სთორი გაუგზავნოთ მეგობარს, ან მეგობართა ჯგუფს, ნაცვლად ყველა გამომწერისთვის გაზიარებისა.

ძირითადი განმასხვავებელი, რაც Pandora-სა და Spotify-ს, ინსტაგრამის სიუჟეტების შემთხვევაში აქვთ, არის ის, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც გამომწერი სთორის ნახულობს. როცა გამომწერი აჭერს Play on Pandora-ს ნიშანს, მას შეუძლია ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ კომპოზიციაზე, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას პრემიუმ ექაუნთი. ანუ მათ, ვინც არ არიან Pandora-ს გამომწერები, ანუ, არ იხდიან თანხას ამ სერვისში, შეუძლიათ Pandora-ზე განთავსებულ მასალაზე უფასოდ ჰქონდეთ წვდომა. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ რეკლამად, Pandora-ს მხრიდან, რეკლამის ავტორები კი მისი მომხმარებლები არიან, რომლებიც გადაწყვეტენ, საყვარელი მუსიკა, ან პოდკასტი ინსტაგრამის სიუჟეტში გააზიარონ. 

დასაწყისისთვის, Instagram Stories-ში გაზიარების ფუნქცია Pandora-ს შერჩეულ მომხმარებლებს ჩაერთვებათ. ერთი კვირის შემდეგ კი, ფუნქცია ყველასთან გამოჩნდება.

განხილვა