როგორც იქნა, ინსტაგრამი მომხმარებლებს Stories-ში Spotify-ის სიმღერების მოსმენის საშუალებას მისცემს. მართალია, პლატფორმიდან სიმღერების გაზიარება უკვე დიდი ხანია შეუძლიათ, მაგრამ ეს უბრალოდ ლინკი იყო და მოსმენის შესაძლებლობას არ გვთავაზობდა. ახლა კი, როცა მომხმარებელი სიმღერას დაპოსტავს Story-ზე, მაყურებლები ჩვეულებრივ შეძლებენ მოსმენას. მართალია, მცირე ცვლილებაა, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ასე ახალი სიმღერების აღმოჩენისა და გაზიარების პროცესი მეტად გამარტივდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მას შემდეგ შემოგვთავაზეს, რაც იგი უკვე ვიხილეთ Instagram Notes-ში. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს სიმღერების პირდაპირ გაშვება Instagram Notes-შიც შეუძლიათ, რითაც გამომწერებს საშუალებას მისცემენ, ნახონ, როგორი მუსიკალური გემოვნება აქვთ მათ.
ფიქრობენ, რომ ამგვარი სიახლეებით ინსტაგრამი მუსიკების აღმოსაჩენი ჰაბი გახდება, რაც მომხმარებლებს უბიძგებთ, მეტი დრო გაატარონ აპლიკაციაში. ასე ტიკტოკსაც უკეთ გაუწევენ კონკურენციას, რომელიც დომინირებს სფეროში და ზემოქმედებს მუსიკალურ რეიტინგებზე გლობალურად.
მეტიც, ინსტაგრამი წელს Stories-სა და Reels-ში ახალი შრიფტების დამატებას გვპირდება. დასაწყისისთვის კი პლატფორმა შეზღუდული დროით გვაცნობს ფონტს, რომელიც მომღერალი Rosalia-ს ხელნაწერითაა შთაგონებული. თუ ინსტაგრამს დავუჯერებთ, მომხმარებლებს როზალიას მიერ ხელით დახატული საიდუმლო ნიშნების განბლოკვა შემდეგი სიმბოლოების აკრეფით შეუძლიათ: :-), *** და <3.