Instagram ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული პლატფორმაა. ყველაზე პოპულარული ის ბოლო წლებში, ინფლუენსერების მეშვეობით გახდა, რომლებმაც კონტენტის შექმნა დაიწყეს ამ ციფრულ არხზე. ამ აპლიკაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საზოგადოებაზე და ყველას, მათ შორის ცნობილ ბრენდებს, ადამიანებს აქვთ ინსტაგრამ ანგარიში, რათა არ დაკარგონ მომხმარებლები, ვინც ამ პლატფორმას სოციალურ ქსელად იყენებს. მათი რიცხვი კი უამრავია.
მოდი, გავიგოთ, როგორ დაიწყო ინსტაგრამის ისტორია სტენფორდის უნივერსიტეტის ორი სტუდენტით, რომლებმაც ის მილიარდდოლარიან კომპანიად აქციეს.
burbn app
ინსტაგრამის იდეა ალკოჰოლს უკავშირდება. კონკრეტულად, ბურბონსა და ვისკის. 27 წლის კევინ სისტრომს ძალიან უყვარდა ეს ორი სასმელი და დაწერა აპლიკაცია სახელად burbn. მისი მიზანი ხალხისთვის ისეთი ადგილების შეთავაზება იყო, სადაც კარგი სასმელი იყიდება, ასევე ფოტოებისა და გეგმების გაზიარება ერთმანეთისთვის.
სიმართლე რომ ითქვას, კევინისთვის ეს აპლიკაცია უბრალოდ ჰობი იყო და ის მასზე ბევრს არ ფიქრობდა, სანამ საჭირო დროს საჭირო ადგილას არ მოხვდა. ‘
ისტორიის გაგრძელება
ამბის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი გახდა სტარტაპებისთვის გამართული წვეულება სილიკონ ველიზე. კევინმა აქ თავისი აპლიკაციის პროტოტიპი წარმოადგინა და რამდენიმე ინვესტორის მოწონება დაიმსახურა, რომლებმაც ის 500,000 აშშ დოლარით დააფინანსეს. კევინმა უარი თქვა სამსახურზე, სადაც მუშაობდა და მთელი თავისი ძალები აპლიკაციის გასავითარებლად მომართა.
მან დაიწყო გუნდის შეკრება და 25 წლის მაიკ კრიგერი გახდა ადამიანი, რომელიც პირველი შემოუერთდა. მაიკმა და კევინმა ერთმანეთი სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნეს და საერთო იდეები ჰქონდათ, ამიტომ ერთობლივ პროექტზე მუშაობის გადაწყვეტილება ორივესთვის მარტივად მისაღები იყო.
burbn-იდან Instagram-მდე
მეგობრებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ ექციათ ჰიტად burbn აპლიკაცია. ისინი მომხმარებლის ქცევას აკვირდებოდნენ და დაინახეს, რომ ფოტოების გაზიარება ყველაზე პოპულარული ფუნქცია აღმოჩნდა. შესაბამისად, წინ წამოიწია აპლიკაციაში ფოტოების შექმნის, განთავსებისა და დამუშავების ფუნქციონალი, რომელსაც ექნებოდა მოწონებები და კომენტარები.
მცირე გუნდთან ერთად მუშაობის, ფოტოების გაზიარების შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მეგობრებში გატესტვის შემდეგ პროექტის ბეტა ვერსია გამოვიდა. ეს იყო 2010 წლის 6 ოქტომბერს და იმავე დღეს გადაიქცა ფოტოების გაზიარების უფასო პლატფორმად 25000-ზე მეტი მომხმარებლით. დეკემბრის ბოლოს კი მათ უკვე 1 მილიონი მომხმარებელი ჰყავდათ.
სხვა პლატფორმები
დაინახეს რა ინსტაგრამის წარმატება, რა თქმა უნდა, ძველი პლატფორმების დამფუძნებლებმა ამაზე რეაგირება მოახდინეს. პირველი იყო ჯეკ დორსი Twitter-დან, რომელიც 500 მილიონ დოლარს სთავაზობდა კევინსა და მაიკს, თუმცა მათ უარი უთხრეს აპლიკაციის მიყიდვაზე. ერთი შეხედვით, ეს თანხა არ ჩანს ურიგო, მაგრამ დამფუძნებლები ხვდებოდნენ, რომ ინსტაგრამს მეტი წარმატებისა და შემოსავლის მოტანაც შეეძლო.
ასეც მოხდა. 2012 წლის მარტისთვის, ისინი დათანხმდნენ შემოთავაზებას და მიჰყიდეს აპლიკაცია Facebook-ს, რომელმაც 1 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამ გარიგებაში მნიშვნელოვანი პირობაა ის, რომ Instagram რჩებოდა ავტონომიურ აპლიკაციად.
ამ ეტაპზე Instagram, როგორც ბიზნესი, 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს არის პლატფორმა, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად იყენებს ბიზნეს ანგარიშის შესაქმნელად ან საყვარელ ბრენდზე თვალყურის სადევნებლად. მომხმარებლის ანგარიშების 80% ბიზნეს ანგარიშების აქტიური გამომწერია.
ფეისბუკის მიერ აპლიკაციის შეძენის შემდეგ, Instagram-ის დამფუძნებლებს არ შეუტანიათ ბევრი ცვლილება მომხმარებლის გამოცდილებაში. მათ სიმარტივის დაცვა ამჯობინეს. Instagram-ის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ დამფუძნებლებმა დრო არ დაკარგეს თავდაპირველი იდეის, Burbn-ის გადასარჩენად. როგორც კი გადაწყვიტეს, რომ ეს არ იმუშავებდა, სწრაფად გადავიდნენ და გამოიგონეს Instagram. მისი პოპულარობის ზრდა ადასტურებს, რომ ადამიანებს სიამოვნებთ ისეთ სოციალურ ქსელში მუშაობა თუ უბრალოდ მომხმარებლის რანგში ყოფნა, რომელიც აქცენტს ფოტო და ვიდეო კონტენტზე აკეთებს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი