Instagram-ის ახალი ფუნქცია Swap-ის სიახლის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, სხვის Reels-ზე არსებული ტექსტი საკუთარით ჩაანაცვლონ. აღსანიშნავია Instagram-მა სულ ახლახან ორიგინალური კონტენტის წახალისების მიზნით ახალი მკაცრი ზომების მიღება დააანონსა. პლატფორმამ აღნიშნული სიახლე მალევე წაშალა ვებიდან, ამიტომ ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, ზუსტად როგორ იმუშავებს ეს ფუნქცია სრულად ჩაშვების შემთხვევაში. თუმცა, სავარაუდოდ, ის მომხმარებლებს ტრენდულ ვიდეოებზე საკუთარი ხედვის დამატებას გაუმარტივებს – უბრალოდ, ეკრანზე არსებული ტექსტის შეცვლით. პრობლემა ისაა, რომ ეს მიდგომა ორიგინალური კონტენტის წახალისებას ნამდვილად არ ჰგავს, რაც პლატფორმის ალგორითმის ბოლო განახლების მთავარი მიზანი იყო.
პარალელურად, გასულ კვირას კომპანიამ იმ გვერდების წინააღმდეგ გააქტიურების შესახებ განაცხადა, რომლებიც სხვის კონტენტს იპარავენ ან აკოპირებენ. ახალი წესების თანახმად, მოპარული ან დუბლირებული შინაარსის მქონე პოსტების, კარუსელებისა და Reels-ების გავრცელების არეალი საგრძნობლად შემცირდება. პლატფორმის პოზიცია მკაცრია: სხვისი ნამუშევრის ხელახლა ატვირთვა, თუ მას მნიშვნელოვანი შემოქმედებითი დეტალი არ დაემატება, აპლიკაციაში ავტომატურად დაბალ ხილვადობას გამოიწვევს. შესაბამისად, ახალი ტექსტის დადების გზით Reels-ების გაზიარების გამარტივება ამ პოლიტიკას პირდაპირ ეწინააღმდეგება და დამატებით გაურკვევლობას აჩენს, თუ როგორ იმუშავებს პოსტების კოპირების გამო დაწესებული ჯარიმები.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ Instagram-ის ჯარიმები არა ცალკეულ პოსტებზე, არამედ მთლიან ანგარიშებზე ვრცელდება. კომპანიის განმარტებით, ანგარიშები, რომლებიც ძირითადად არაორიგინალურ კონტენტს აქვეყნებენ, სარეკომენდაციო ველებიდან სრულად გაქრებიან. თუმცა, „დასჯილ“ გვერდებს რეაბილიტაციის შანსიც აქვთ – თუ მომდევნო 30 დღის განმავლობაში მათი კონტენტის უმეტესობა ორიგინალური იქნება, ისინი რეკომენდაციებში დაბრუნებას შეძლებენ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მომხმარებელი ძირითადად საკუთარ, უნიკალურ შინაარსს ქმნის და დროდადრო სხვის მიმს ან პოსტსაც აზიარებს, მის ხილვადობას საფრთხე არ ემუქრება. შესაძლოა, Swap ფუნქციაც სწორედ ასეთი ერთჯერადი გაზიარებებისთვის ან სხვისი ნამუშევრის გადააზრებისთვის შეიქმნა, თუმცა, საერთო სურათი მაინც საკმაოდ ბუნდოვანი რჩება.
ჯერჯერობით, მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ სხვისი კონტენტის გამოქვეყნება და გაზიარება, იმ პირობით, თუ მას საკუთარ, უნიკალურ შტრიხს შემატებენ და ორიგინალ ავტორსაც მიუთითებენ. თუმცა, კონკრეტულად როგორ შეძლებს Meta-ს ალგორითმი ამ მიმართულებით დარღვევების სისტემატურად და ზუსტად გამოვლენას, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდის საგანია.
წყარო: Socialmediatoday














