Instagram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ მოსერიმ, განაცხადა, რომ პლატფორმა დიდი ხნის ნანატრ Take a Break ფუნქციას ტესტავს. იგი მომხმარებლისთვის იმის შეხსენებას ემსახურება, თუ როდის ატარებენ პლატფორმაზე დიდ დროს.
“თუ თანახმა იქნებით, ის დასვენებისკენ მოგიწოდებთ, მას შემდე, რაც აპლიკაციაში გარკვეულ დროს გაატარებთ — იქნება ეს 10, 20 თუ 30 წუთი” — განმარტავს მოსერი. ცხადია, ეს მახასიათებელი დიდი ძალისხმევის ნაწილია, რათა მომხმარებლებმა მეტი კონტროლი მიიღონ სოციალურ ქსელზე.
ამ ეტაპზე ფუნქციის ტესტირება ინსტაგრამისა და მისი მშობელი კომპანია Meta-ს (ყოფილი Facebook) შემოწმების ფონზე მიმდინარეობს. Take a Break ერთგვარი ნაბიჯია იმის საპასუხოდ, რასაც არაერთი კვლევა ამტკიცებს… კერძოდ, კომპანიის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ინსტაგრამმა ნეგატიური გავლენა იქონიოს ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე. როგორც თინეიჯერებმა მკვლევრებს უთხრეს, ისინი პლატფორმაზე თავს დამოუკიდებლად გრძნობენ, მაგრამ ვერ განიცდიან სიმშვიდეს და ამიტომ, მისი მოხმარების დროის შემცირება სურთ.
გარდა ამისა, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა გლობალური კომუნიკაციების საკითხებში, ნიკ კლეგმა, გასულ თვეს კიდევ ერთ სასარგებლო ფუნქციაზე ისაუბრა. “როდესაც სისტემა აფიქსირებს, რომ მოზარდი გამუდმებით ერთსა და იმავე კონტენტს უყურებს და ეს შეიძლება, ცუდი იყოს მათი კეთილდღეობისთვის, პლატფორმა განსხვავებული კონტენტის ნახვას აიძულებს”.
კომპანიის სპიკერმა დაადასტურა, რომ მომხმარებლები თავად ირჩევენ სურთ თუ არა Take a Break ფუნქციის გააქტიურება. ასევე, რამდენ წუთიან შეზღუდვას დაუწესებენ საკუთარ თავს. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი თვითკონტროლის მექანიზმია. ამასთან, მოზარდებს შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნებათ, რომელიც ფუნქციის ჩართვისკენ მოუწოდებს.
მოსერის თქმით, ინსტაგრამი მესამე მხარის ექსპერტებთან მუშაობდა, რათა მათგან რჩევები მიეღო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ალტერნატიული თავშესაქცევების შეთავაზება შეიძლება მომხმარებლებისთვის. და თუ კომპანია “კმაყოფილი” იქნება ამ მახასიათებლით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეტად გაფართოვდეს.