in

Instagram ტელევიზიის მომხმარებლებისთვის ახალ ფორმატებს ცდის

Instagram ახალ ფორმატებზე მუშაობს, რათა თავისი პლატფორმა ტელევიზიის მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს. სოციალურ ქსელში, რომელმაც გასულ წელს ტელევიზორისთვის განკუთვნილი აპლიკაცია წარადგინა, აცხადებენ, რომ გრძელფორმატიანი კონტენტის, ეპიზოდური სერიებისა და პირდაპირი სატელევიზიო ეთერების (Live TV) მიმართულებით ექსპერიმენტებს იწყებენ.

კომპანიის ინფორმაციით, განიხილება ისეთი ფუნქციების დამატება, რომლებიც ტელევიზორის აპლიკაციაში უფრო ხანგრძლივი ვიდეოების, მრავალეპიზოდიანი კონტენტისა და კონტენტშემქმნელების პირდაპირი ჩართვების ნახვის შესაძლებლობას შექმნის.

ეს სიახლე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Meta Instagram-სა და Facebook-ზე Reels-ისთვის ახალ ფუნქციას Series-ს ტესტავდა. მისი მიზანია, მომხმარებლებს გაუადვილოს სერიებად გამოქვეყნებული კონტენტის თვალის დევნება.

მიუხედავად იმისა, რომ Instagram უკვე წლებია, TikTok-სა და YouTube-ს უწევს კონკურენციას, ახლა ის სტრიმინგპლატფორმებსაც Netflix-სა და Amazon Prime Video-ს უპირისპირდება. კომპანიის მიზანია მომხმარებლების ყურადღების მოპოვება არა მხოლოდ სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებზე, არამედ მისაღებ ოთახშიც, ტელევიზორის ეკრანზე.

Instagram-მა ასევე განაცხადა, რომ მისი აპლიკაცია Samsung-ის ტელევიზორებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება. აქამდე აპლიკაციით სარგებლობა Amazon Fire-სა და Google TV-ზე იყო შესაძლებელი.

გარდა ამისა, ტელევიზორის აპლიკაციას რამდენიმე ახალი ფუნქცია ემატება, მათ შორის – არხები (Channels), ტელეფონიდან ტელევიზორზე კონტენტის გადაცემის (Cast) შესაძლებლობა, ასევე ჰორიზონტალური ვიდეოებისა და Stories-ის მხარდაჭერა.

აპლიკაციის გახსნისას მომხმარებლები იხილავენ მათ ინტერესებზე, საყვარელ თემებსა და კონტენტშემქმნელებზე მორგებულ არხებს. კომპანიის თქმით, ეს ფუნქცია ვიდეოების აღმოჩენას ამარტივებს და ადამიანებს საშუალებას აძლევს, ერთად უყურონ მათთვის საინტერესო კონტენტს – იქნება ეს კომედია, სპორტი თუ კონკრეტული ავტორების ვიდეოები.

Instagram ასევე ტესტავს სპეციალურ განყოფილებას ჰორიზონტალური ვიდეოებისთვის, რაც ტელევიზორზე კონტენტის ყურებას უფრო კომფორტულს გახდის. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ Reels-ის ან Saved განყოფილებაში შენახული ვიდეოების პირდაპირ ტელეფონიდან ტელევიზორზე გადაცემა. ამასთან, ტელევიზორის აპლიკაციაში ახლა სხვა მომხმარებლების Stories-ის ნახვაც არის შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე აპლიკაცია მხოლოდ Reels-ის ყურების შესაძლებლობას იძლეოდა.

ერიკ ბენე – R&B-ის მსოფლიო ვარსკვლავი შავი ზღვის ჯაზფესტივალს ეწვევა

დათო ტურაშვილი სტუმრად STEP სკოლაში