Instagram-ის ახალი ხელსაწყო საშუალებას მოგცემთ, ნახოთ, როგორ მუშაობს და გააკონტროლოთ თქვენი ალგორითმი, ამ ამბავს კი Reels-ით დაიწყებს. ფუნქციასაც მარტივად Your Algorithm უწოდა და ასე შესაძლებელი გახადა იმ საკითხების ხილვა, რომლის გამოც კონკრეტული რილსის რეკომენდაცია შემოგხვდათ, შემდგომ კი ამ საკითხების საკუთარ ინტერესებზე მორგებაც, რათა გამოცდილება მეტად პერსონალიზებული გახდეს.
ამგვარად, რილსის ყურებისას ზედა მარჯვენა კუთხეში ნიშნულს დაინახავთ, ორ ხაზს გულებით, რომელზე დაკლიკებითაც ახალ ხელსაწყოზე მიიღებთ წვდომას. სწორედ აქ ნახავთ, რა თემებზე ფიქრობს ინსტაგრამი, რომ თქვენთვის საინტერესოა. როგორც პლატფორმა ამბობს, ეს ინტერესები თქვენი აქტივობების მიხედვით დგება, შემდგომ კი ხელოვნური ინტელექტის მიერ ჯამდება.

შესაძლოა, აქ მსგავსი აღწერილობა დაგხვდეთ: “ბოლო დროს თქვენ დაინტერესებული იყავით შემოქმედებითი, სპორტული, ფიტნესისა და სკეიტბორდის თემებით”. შემდგომ კი შეგეძლებათ, აღნიშნული მეგობრებსაც გაუზიაროთ, რათა მეტი გაიგონ თქვენზე, ზუსტად ისე, როგორც ეს Spotify Wrapped-ის შემთხვევაში მოხდა.
საინტერესოა, რომ ამ აღწერილობის ქვემოთ იმ თემების ჩამონათვალი დაგხვდებათ, რომლებსაც ინსტაგრამი თქვენთვის საინტერესოდ თვლის. შემდგომ კი შეგეძლებათ, მათგან ისინი მონიშნოთ, რომლითაც ყველაზე მეტად ან ნაკლებად ხართ დაინტერესებული. რეკომენდაციებიც შესაბამისად შეიცვლება. ხოლო თუ ამ ჩამონათვალში თქვენთვის საინტერესო თემა არ დაგხვდებათ, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ აკრიფოთ და დაამატოთ ინტერესებს.

ეს ცვლილება კი ცოტა ხნის წინ ტიკტოკის Manage Topics-ის ფუნქციას მოჰყვა, რაც, ასევე, მომხმარებელს იმის გაკონტროლების შესაძლებლობას სთავაზობს, თუ რას ნახავენ ფიდზე კონკრეტული მათთვის საინტერესო საკითხების მიხედვით…
ინსტაგრამის ახალი ხელსაწყო საწყის ეტაპზე ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რასაც ინგლისურ ენაზე გლობალურად ჩაშვებაც მალე მოჰყვება. თუმცა კონკრეტულ თარიღზე ჯერ არ საუბრობენ










