in

Instagram მომხმარებლებს 3 ახალ ფუნქციას სთავაზობს

მომხმარებლები კონტენტისა და შეტყობინებების კონტროლს უკეთ შეძლებენ

იმისათვის, რომ ინსტაგრამი მომხმარებლებსა და მათ საჭიროებებზე მეტად მორგებული გახდეს, თანაც, ისე, რომ დროის უფრო ნაყოფიერად გამოყენებაში დაგვეხმაროს, ახალ ფუნქციებს გვთავაზობს.

მათ შორისაა quiet mode-იც. სწორად ფიქრობთ, იგი საშუალებას მოგცემთ, შეტყობინებებს აღარ შეაშლევინოთ ხელი და უფრო მნიშვნელოვან საქმეებზეც ფოკუსირდეთ. მართალია, თუ ნებისყოფა გეყოფათ, ამის მოგვარება უბრალოდ ტელეფონისთვის ხმის გათიშვით ან თქვენგან მოშორებით დადებითაც შეიძლება, მაგრამ Instagram ამ კუთხით მეტ მოქნილობას გვთავაზობს.

კონკრეტულად კი, როცა ფუნქციას ჩართავთ, ამის შესახებ სხვებიც გაიგებენ — თქვენი აქტიური სტატუსი quiet mode-ით შეიცვლება. თუ ამ დროს ვინმე მოგწერთ, ინსტაგრამი ავტომატურად გაუგზავნის პასუხს და შეატყობინებს, რომ თქვენ სიჩუმის რეჟიმით სარგებლობთ. ეს ფუნქცია ყველასთვის ძალიან გამოსადეგი იქნება, მაგრამ პლატფორმა, როგორც ჩანს, უფრო მეტად თინეიჯერებზე ფოკუსირდება — სურს, მათ მეტი დრო დაუთმონ სწავლას. 

ეს განახლება ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ადამიანები მათთვის სასარგებლო გამოცდილებას მიიღებენ. უფრო მეტი კონტროლი ექნებათ იმ დროზე, რომელსაც ონლაინ სივრცეში ატარებენ და იმ კონტენტზე, რომელსაც უყურებენ, — აცხადებენ კომპანიაში. 

ამასთან ერთად, ინსტაგრამი მომხმარებლებს კიდევ ერთ ახალ ფუნქციას სთავაზობს, რომლითაც შეეძლებათ, განსაზღვრონ, რა გამოჩნდეს და რა — არა, მათივე Explore Feed-ში. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენთვის არასასურველი კონტენტი Not Interested-ის ველით მონიშნოთ, ინსტაგრამი კი მომავალში ამ და მსგავს კონტენტს აღარ გაჩვენებთ. მეტიც, აქ უკვე სიტყვების, ემოჯებისა და ჰეშთეგების დაბლოკვაც შეგიძლიათ. გამოდის, თუ #fitness ძალიან მოგბეზრდათ ან რომელიმე ემოჯი ძალიან გაღიზიანებთ, გაქვთ შესაძლებლობა, აღარც იხილოთ იგი. 

თუმცა სიახლეები აქ არ მთავრდება, პლატფორმა მშობლების ზედამხედველობის ხელსაწყოსაც აუმჯობესებს — როცა შვილები პარამეტრებში რაღაცას შეცვლიან, მშობლები შეტყობინებას მიიღებენ. მათ იმ ანგარიშების ნახვაც შეეძლებათ, რომლებიც ბავშვებმა დაბლოკეს. 

საინტერესოა ისიც, რომ ამ ფუნქციებს ინსტაგრამი მას შემდეგ უშვებს, რაც სოციალურმა ქსელებმა კანონმდებლებისგან მითითებები მიიღეს, თუ როგორ შეეძლო პლატფორმებს ახალგაზრდა მომხმარებლების მავნე კონტენტამდე მიყვანა და მათი ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ, სოციალურ ქსელებს სწორედ მშობლების ხელსაწყოების გაუმჯობესება და თინეიჯერების დაცვა შესთავაზეს. როგორც ხედავთ, ინსტაგრამმა ეს გამოწვევა წარმატებით დაძლია.

ამ ეტაპისთვის კი ახალი ფუნქცია ამერიკაში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც ინსტაგრამში ამბობენ, მომავალში ქვეყნების ჩამონათვალი გაფართოვდება…

TikTok-მა იცის, რომ მას საძიებო სისტემად ვიყენებთ და ამაზე რეკლამაც გადაიღო

ვისზე უნდა იყოს ბრენდის ნარატივი ორიენტირებული — კომპანიაზე თუ ხალხზე?