in

ინსტაგრამის კარუსელში ფოტოების თანმიმდევრობის შეცვლას გამოქვეყნების შემდეგაც შეძლებთ

ინსტაგრამმა მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სიახლე დააანონსა. ამიერიდან, ავტორებს უკვე გამოქვეყნებულ კარუსელში ფოტოებისა თუ ვიდეოების თანმიმდევრობის შეცვლა შეეძლებათ. ეს ფუნქცია კონტენტის შემქმნელებს საკუთარ მასალაზე გაცილებით მეტ კონტროლს აძლევს. პროცესი ძალიან მარტივია და ეკრანზე ხანგრძლივი დაჭერითა და თითის გაყოლებით მუშაობს, რაც სასურველი ვიზუალების უსწრაფეს ადგილმონაცვლეობას უზრუნველყოფს.

პლატფორმის წარმომადგენელთა განმარტებით, მომხმარებლებს უჩნდებათ მოქნილობა, ნებისმიერ დროს შეცვალონ კონტენტის წყობა და ის ზუსტად მოარგონ თავიანთ შემოქმედებით ხედვას. თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვაც – უკვე გამოქვეყნებულ პოსტში ახალი ფაილის დამატება კვლავ შეუძლებელი რჩება. თუკი ავტორს დამატებითი ფოტოს ან ვიდეოს ატვირთვა სურს, მას ახალი კარუსელის შექმნა მოუწევს. ინსტაგრამის გუნდის თქმით, წლების განმავლობაში მომხმარებლები ხშირად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ამ მარტივი ცვლილების განხორციელება არ შეეძლოთ და სწორედ ამიტომ, პოსტების გადაადგილების ფუნქცია პლატფორმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი განახლება იყო.

ახალი შესაძლებლობა კრეატორებს კონტენტის ვიზუალური მხარის ტესტირებისა და ექსპერიმენტებისთვის კიდევ უფრო მეტ სივრცეს აძლევს. ზოგადად, კარუსელის ტიპის პოსტები აპლიკაციაში აქტივობის გასაზრდელად ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტად ითვლება. ჯერ კიდევ 2024 წელს, ინსტაგრამის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ აღნიშნა, რომ ასეთი პოსტები ჩართულობისა და წვდომის ზრდის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის. ლოგიკა მარტივია – რაც უფრო მეტია პოსტში ფაილების რაოდენობა, მით მეტ დროს ატარებს მომხმარებელი მის დასათვალიერებლად და შესაბამისად, ყურადღების მიქცევის შანსიც იზრდება. ამ მოსაზრებას ამყარებს 2025 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევაც, რომლის თანახმადაც, კარუსელები საშუალოდ 12 პროცენტით მეტ ჩართულობას აგენერირებს. ასე რომ, ახალი ფუნქცია მარკეტერებსა და კრეატორებს პლატფორმაზე წარმატების მისაღწევად კიდევ უფრო მეტი სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისცემს.

წყარო: socialmediatoday

Wikipedia სტატიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ამკაცრებს

Airbnb „ჰანა მონტანას” სახლში უფასოდ გვეპატიჟება