2026 წლის მაისის პირველ ნახევარში Instagram-ის მომხმარებლებმა მსოფლიო მასშტაბით შენიშნეს, რომ გამომწერების რაოდენობა მოულოდნელად შემცირდა. შემცირება შეეხო როგორც კონტენტკრეატორებსა და ცნობილ ადამიანებს, ისე ჩვეულებრივ მომხმარებლებს – ზოგ შემთხვევაში რამდენიმე გამომწერის, ხოლო ზოგში მილიონობით ანგარიშის დაკარგვით.
ყველაზე თვალსაჩინო იყო ისეთი ცნობილი ფიგურების გამომწერების შემცირება, როგორებიც არიან Kylie Jenner, Cristiano Ronaldo, Selena Gomez, Ariana Grande, Beyoncé, Taylor Swift, Justin Bieber და Priyanka Chopra.
მომხდარს ზოგმა უკვე უწოდა „2026 წლის დიდი წმენდა”. გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმა აქტიურად შლის ყალბ პროფილებს, არააქტიურ ანგარიშებსა და ბოტებს. ცვლილება მცირე კონტენტკრეატორებმაც იგრძნეს, ბევრმა რამდენიმე საათში აუდიტორიის 2-5%-ის დაკარგვა შენიშნა.
გამომწერების ასეთი მოულოდნელი შემცირება მომხმარებლებისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა. ბევრი საკუთარ პროფილს მუდმივად ანახლებდა, რადგან ვერ ხვდებოდნენ, ტექნიკურ ხარვეზთან ჰქონდათ საქმე თუ პლატფორმის მიზანმიმართულ განახლებასთან.
მასშტაბური „წმენდა“ Instagram-ისთვის ახალი არ არის. Meta პერიოდულად შლის სპამანგარიშებსა და ყალბ აქტივობებს, ხშირად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეძენილი გამომწერები, ბოტქსელები და არააქტიური პროფილები ხშირად ქმნის გავლენის ილუზიას, განსაკუთრებით იმ კრეატორებისა და ბრენდებისთვის, რომელთა საქმიანობაც აუდიტორიის რაოდენობაზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პლატფორმები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ჩართულობისა და საზოგადოების მნიშვნელობაზე, რეალურად, სპონსორობები, კოლაბორაციები და ხილვადობა ჯერ კიდევ დიდწილად გამომწერების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამიტომ მსგავსი ვარდნა კრეატორების კომერციულ იმიჯზეც მოქმედებს.
ასევე იხსენებენ 2022 წლის შემთხვევას, როდესაც Instagram-ზე ტექნიკურმა პრობლემამ ანგარიშების დროებითი დაბლოკვა და გამომწერების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია, სანამ სტატისტიკა საბოლოოდ დასტაბილურდებოდა.
ამავდროულად, Instagram ბოლო პერიოდში უფრო მეტად ფოკუსირდება მცირე სოციალურ წრეებსა და რეალურ ურთიერთობებზე. მიმდინარე წელს პლატფორმამ დაიწყო ისეთი ფუნქციების ტესტირება, რომლებიც „მეგობრებსა“ და ახლო კავშირებზეა ორიენტირებული და ნაკლებ ყურადღებას აქცევს საჯარო პოპულარობის მაჩვენებლებს.












