ალბათ, არის ხოლმე შემთხვევები, როცა სოციალურ ქსელში ბევრ შემაწუხებელ თუ შეურაცხმყოფელ შეტყობინებას იღებთ. ახლა კი, Instagram საშუალებას მოგცემთ, მსგავსი ტიპის შეტყობინებები გაფილტროთ.
განახლება ძირითადად ისეთი ტიპის შეტყობინებებზეა ორიენტირებული, რომლებიც შეურაცხმყოფელ ფრაზებს, სიტყვებსა და ემოციებს შეიცავს და ისეთი ადამიანისგან იღებთ, ვისაც არ “აფოლოვებთ”.
სოციალურმა ქსელმა ცვლილებების შესახებ ინტერნეტ სივრცეში გამოაქვეყნა ინფორმაცია. ახალი ფუნქცია ინსტაგრამის მიერ უკვე შემოთავაზებული კომენტარების ფილტრის ანალოგიურად იმუშავებს, რომლის საშუალებითაც, შეგიძლიათ, დამალოთ შეურაცხმყოფელი კომენტარები. “ეს ინსტრუმენტი ფოკუსირებულია პირადი შეტყობინებების მოთხოვნებზე, რადგან აქ ადამიანები ხშირად იღებენ შეურაცხმყოფელ გზავნილებს, განსხვავებით ჩვეულებრივი DM-სგან, სადაც ჩვეულებრივ მეგობრებს ესაუბრებით”.
როგორც ინსტაგრამის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ისინი კარგად აცნობიერებენ, რამდენად ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიძულვილის ენის შემცველ გზავნილს – იქნება ეს რასისტული, ჰომოფობიური, სექსისტური თუ რაიმე სხვა სახის ფსიქოლოგიური ძალადობა. “ეს არავინ უნდა განიცადოს ინსტაგრამზე!”
DM მოთხოვნის ფილტრების ჩასართავად, უნდა გადახვიდეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრების ახალ განყოფილებაში, სახელწოდებით Hidden Words. ფუნქცია შესაძლოა, პერსონალურად თქვენზე იყოს მორგებული – შექმენით სიტყვების, ფრაზებისა და ემოჯის სია, რომელთა გაფილტვრაც გსურთ. რა თქმა უნდა, სიის შეცვლა ან წაშლა ყოველთვის შეგეძლებათ.
ეს ყველაფერი არ არის – არსებობს კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც კონკრეტული პიროვნების ყველა ინსტაგრამ-ანგარიშის დაბლოკვას გულისხმობს. ამ გზით არასასურველი ადამიანი ვეღარ დაგიკავშირდებათ.
აღნიშნული ფუნქციები უახლოეს კვირებში რამდენიმე ქვეყანაში ამოქმედდება, თვეების შემდეგ კი – გლობალური მასშტაბით.