26
Apr
2016

Integral – ახალი ბრენდი ქართული მოდის ინდუსტრიაში

26 Apr 2016

Startauperi
Startauperi


ქართული მოდის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ახალბედა დიზაინერები სხვადასხვა გზებით ცდილობენ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციას და მომხმარებლების ლოიალური დამოკიდებულების დამსახურებას. მარკეტერი კიდევ ერთ ახალბედა ბრენდს “Integral” და მის დამფუძნებლებს – სოფიო სოროზნიშვილსა და ნუცა ხიზანიშვილს გაგაცნობთ.

integral 2M: გვიამბეთ ბრენდის შემქმნელების შესახებ ? 

სოფიო: “Integral “-ის, როგორც სამოსისა და ფეხსაცმელების ბრენდად ჩამოყალიბების იდეის ავტორები ვართ ჩვენ, ბრენდის დიზაინერები – სოფიო სოროზნიშვილი და ნუცა ხიზანიშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები. ჩვენ ერთმანეთი ქალბატონ ლია ლურსმანაშვილის ლექციებზე გავიცანით, ვისთანაც სამოსის კონსტრუქციებსა და ტექნოლოგიურ დამუშავებას ვეუფლებოდით. იმ პერიოდში ორივე ორიენტირებულები ვიყავით, რომ რაც შეიძლებოდა სიღრმისეულად შეგვესწავლა თარგებზე მუშაობა და საბოლოო შედეგის მასალაში მიღება.

M: როდის გაჩნდა იდეა შეგექმნათ ბრენდი “ Integral “?

ნუცა: სწავლის პროცესში, ძალიან მალე აღმოვაჩინეთ, რომ სამოსის ხელოვნების შესახებ ჩვენს ხედვას და პრინციპებს ერთი მიმართულება ჰქონდა და შეგვეძლო გადაკვეთის წერტილად ბრენდი “Integral”-ი გვექცია, ამიტომ დიდხანს არ გვიფიქრია და 2014 წლის ზაფხულში, გადავწყვიტეთ დაგვეწყო ერთად მუშაობა. დაახლოებით ერთი წელია, რაც ბრენდი არსებობს და ამ ხნის განმავლობაში “Integral “-მა შექმნა პროექტი, რომლის პრეზენტაციას თიბისი ბანკის გალერეამ უმასპინძლა. პროექტი მოიცავს საერთო კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნილ ფილმს, ფოტოსესიას ,ვიდეო-არტსა და პერფორმანსს.

M: რა სირთულეები შეგხვდათ იდეის დამუშავების გზაზე ?

ნუცა: თავიდან ორნი ვიყავით და ვიცოდით, რომ გარკვეულ სირთულეებს შევხვდებოდით.  პირველი წელი შეუსვენებელი შრომის პერიოდი იყო, პირველ რიგში მხოლოდ ის ვიცოდით, რომ უნდა გვემუშავა ქსოვილთან და გვეკეთებინა ხარისხიანი და კომფორტული პროდუქტი. მოვაწყვეთ სახელოსნო-ლაბორატორია, შევიძინეთ სამუშაოდ საჭირო ყველა დანადგარი და შევუდექით მუშაობას. გარდა იმისა რომ სამოსის დიზაინი გვეკუთვნის, მისი უშუალო შემსრულებლებიც ჩვენ ვართ. ეს იყო ერთი დიდი პროექტი, რომელმაც ერთ წელზე მეტი მოიცვა. ამ ხსნის მანძილზე გვიწევდა ისეთი ხელოვანი ადამიანების შემოკრება, რომლებიც ჩვენსავით შემართებით და მოტივაციით შეძლებდნენ ემუშავათ. დავეკონტაქტეთ რეჟისორებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებს და ათეულობით არტისტს, რომლებმაც ჩვენთან ერთად, კარგი შედეგის მისაღებად, დაუღალავად იშრომეს. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან რთულია თავის საქმის, კარგი პროფესიონალის პოვნა.

integral 3M: საქართველოში, მოდის ბაზარზე უკვე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ამ სფეროში ძალების მოსინჯვა ?

სოფიო: ბაზარი ის ადგილია, სადაც მომხმარებელი წყვეტს, რომელი ბრენდი იქნება გარკვეულ სეზონზე კონკურეტუნარიანი. ყველას გვინახავს ადამიანები, რომლებსაც საკუთარი პროფესია უყვართ, მაგრამ ვერ აკეთებენ იმას, რასაც ფიქრობენ და ვერ მეტყველებენ იმ ენაზე, რომელსაც მათი პროფესია ითხოვს. ჩვენ დასაწყისშივე ვიცოდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ პროფესიონალიზმი წყვეტს ყველაფერს. სამოსი ადამიანის სოციალური სხეულის ანალოგი უნდა იყოს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელმა უნდა მიიღოს ვიზუალური ‘მესიჯი’ და გადაწყვიტოს, უნდა თუ არა მისი მორგება, რას იტყვის მის პიროვნებაზე ეს სამოსი და ამ ყველაფერმა, თავისთავად, მომხმარებელს ფიზიკური და სულიერი კომფორტი უნდა აგრძნობინოს. ჩვენ ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები ამ საკითხში, შესაბამისად არც გვიფიქრია იმაზე, თუ ვისთვის მოგვიწევდა კონკურენციის გაწევა.

M: როგორ ფიქრობთ, რითი გამოირჩევა თქვენი ბრენდი ?

სოფიო: აღსანიშნავია, რომ ბრენდი ორიენტირებულია, შექმნას ხარისხიანი და განსხვავებული პროდუქტი. კოლექციაში შესული კოსტუმებისთვის დამახასიათებელია ნატურალური ქსოვილები, ფერის მდიდარი არჩევანი და საინტერესო სილუეტები. გვეამაყება ის ფაქტი, რომ პროდუქტი, რომელსაც ბრენდი ქმნის არის ქართული და ნატურალური მასალისგან დამზადებული. კოსტიუმების ავტორები და შემსრულებლები ვართ თავად დიზაინერები. ფეხსაცმელების დიზაიანი ეკუთვნის ” Integral”-ს და წარმოებულია საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთ ფაბრიკაში. დღეს, საქართველოში იშვიათია მამაკაცის ხაზის დიზაინერი, ძირითადად იქმნება ქალის სამოსი. ” Integral”-ი აფასებს სივრცის საჭიროებას სამოსსა და სხეულს შორის, სწორედ ამიტომ, ბრენდის მიერ წარმოდგენილი კოლექცია უნისექსის ტიპისაა. ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენს სამოსს მამაკაცებიც ატარებენ.

integral 1M: როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი, რა სიხშირით ქმნით კოლექციებს ?

ნუცა: 17 მარტს გვქონდა “Integral”-ის არტ-პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც თიბისი ბანკის გალერეამ უმასპინძლა. მაყურებელმა იხილა ბრენდის მიერ შექმნილი პირველი კოლექცია, რომელიც 20 – მდე კოსტიუმსა და ფეხსაცმელებს მოიცავდა. უკვე ვგეგმავთ ახალ პროექტს, რომელსაც ალბათ, ჩვენი შეძენილი გამოცდილების წყალობით შედარებით ნაკლებ დროს მოვანდომებთ.

M: რა გზებით ცდილობთ თქვენი პროდუქციის პოპულარიზაციას ?

სოფიო: საკმაოდ კარგი დასაწყისი იყო ჩვენი ბრენდის პრეზენტია თიბისი ბანკის გალერეაში, ამისთვის დიდი მადლობა თიბისი გალერეას, რომელმაც სწორად აღიქვა ჩვენი შესაძლებლობი. ამჯერად “Integral”-ის კოლექციის შოურუმს მასპინძლობს გობელენის მუზეუმი, რომელიც შარდენის ქუჩაზე, #19-ში მდებარეობს. ბრენდს აქვს ოფიციალური ვებ-გვერდი www.integral.ge, ასევე Facebook და Instagram გვერდები. ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ აქტიურად და სრულყოფილად მიმდინარეობს “Integral”-ის პროდუქციის პოპულარიზაცია და ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, ამ ეტაპზე ეს საკითხი დამუშავების პროცესშია, რადგან ვფიქრობთ რომ აუცილებელია ყველანაირად მომზადებულები გავიდეთ ამ ბაზარზე, რადგან ეს უკვე სხვა სპეციფიკაა და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხიც უახლოეს მომავალში დასრულებულ სახეს მიიღებს.

integralM: მას შემდეგ, რაც თქვენი ბრენდის შესახებ საზოგადოებამ გაიგო, რამდენად არის მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე?

ნუცა: “Integral”-ის კოლექცია ჯერ სამი კვირაა რაც გაყიდვაში გავიდა და საკმაოდ დიდია დაინტერესება პროდუქციის მიმართ, უკვე გვყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებელი და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან შეძენილით. გვქონდა შემოთავაზებები უცხოელი მყიდველებისგან და ორგანიზაციებისგან,  რომ კოლექცია გაგვეტანა ევროპის ბაზარზე და ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ საკითხზე, რადგან  დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი მზადაა ევროპის ბაზრისთვისაც. იმედია, დასავლეთიც მალე იხილავს “Integral”-ს.

integral coverM: სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ ?

სოფიო: როგორც მოგახსენეთ, ჩვენ უკვე ვიწყებთ ახალ პროექტზე მუშაობას და შემდეგ სეზონზე, “Integral”-ი უკვე ახალი კოლექციით წარსდგება.



განხილვა