in

Intel-მა შექმნა ჩიპი, რომელსაც „ყნოსვის უნარი“ აქვს

veon
veon

გუშინ (16.03.20), Intel-ის მკვლევარებმა, ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც ნეირომორფული ჩიპის შექმნაზეა საუბარი. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ მათ შექმნეს ჩიპი, რომელიც ძუძუმწოვართა (და ზოგიერთი მწერის) ტვინში არსებული ყნოსვის ბოლქვის ფუნქციასა და სტრუქტურას იმეორებს. ჩიპის გამოცდისას მან 10 სუნის ერთმანეთისგან განსხვავება შეძლო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ჯერ კიდევ საწყის სტადიაზეა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩიპი, რომელიც ბიოლოგიური ორგანიზმის ყნოსვის ფუნქციას იმეორებს. ჩიპის, სახელად Loihi შესაქმნელად „ინტელმა“ კორნელის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგებთან ითანამშრომლა.

როგორ?
როდესაც სუნს შევიგრძნობთ, იმ ქიმიური ნივთიერებების მოლეკულები, რომლებიც ამ დროს, ჰაერის ჩასუნთქვის გზით, ჩვენს ცხვირში ხვდება, ცხვირში არსებულ ყნოსვით რეცეპტორებს „აღიზიანებს“. თავის მხრივ, ეს რეცეპტორები ინფორმაციას ტვინის კონკრეტულ – ყნოსვის ბოლქვის სახელით ცნობილ უბანს გადასცემენ. სუნის აღქმა და მასზე რეაგირებაც ამ სისტემის გავლით ხდება. ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის დამახასიათებელი სისტემები ხშირად ხდება ტექნოლოგიური გადაწყვეტების შთაგონების წყარო. ამჯერადაც ასე მოხდა – მკვლევარებმა კარგად შეისწავლეს ეს სისტემა და სცადეს ტექნოლოგიურ პროდუქტში მისი გამეორება.

სუნზე რეაგირებისას ბილოგიური ტვინის ელექტროაქტივობის შესწავლის საფუძველზე, შექმნეს ხელოვნური ელექტრული ციკლი, რომელიც სუნის აღქმას მოსდევს. მათ შექმნეს ალგორითმი, რომლის დახმარებითაც ჩიპმა სახელად Loihi, ამ აქტივობის გამეორება შეძლო. მანამდე კი ალგორითმი 10 განსხვავებული „სუნით“ გაწვრთნეს (მათ შორის – აცეტონი, ამიაკი, მეთანი). სუნის აღსაქმელად ჩიპს 72 განსხვავებული რეცეპტორი აქვს. მკვლევართა მიერ აღწერილი შედეგების თანახმად, Loihi-მ თითოეული სუნი პირველივე ჯერზე ისწავლა (ანუ ისწავლა მისი განსხვავება სხვა სუნებისგან და მათზე ერთმანეთისგან განსხვავებული ელექტროაქტივობით რეაგირება). აღსანიშნავია, რომ ეს მნიშვნელოვანი შემთხვევაა, რადგან როგორც მკვლევარები ამბობენ, ძირითადად, ღრმა დასწავლისას, მსგავსი სიზუსტის მისაღწევად 3000-ჯერ მეტი საწვრთნელი მასალის გამოყენებაა ხოლმე საჭირო.

რას მოგვცემს?
სამომავლოდ, აღნიშნული ტექნოლოგიური მიღწევა შეიძლება იქცეს იმის საფუძვლად, რომ შეიქმნას რობოტები, რომლებიც იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა თუ ნარკოტიკების ყნოსვით პოვნას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩიპი ჯერ კიდევ ადრეული პროტოტიპია, თუმცა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნისათვის. გარდა ამისა, ეს არის ნეირომორფული სისტემების პოტენციალის დემონსტრირებაც.

აღსანიშნავია, რომ Intel-ისა და კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარები როდი არიან ერთადერთი მოთამაშეები ამ მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტისთვის ყნოსვის უნარის გაჩენას Google Brain Team-ის წევრებიც ცდილობენ. უბრალოდ, მათი მიზნები განსხვავებულია – Google, ამ შემთხვევაში, უფრო პარფიუმერების დახმარებას ცდილობს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა კი, ცოტა ხნის წინ, ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოცნობის მიზნის მისაღწევად კიბორგი კალიები შექმნა. რა თქმა უნდა, მსგავსი ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ჯერ არ არის, თუმცა, მალე შეიძლება გახდეს.

ქუთაისის უნივერსიტეტი სკოლის პედაგოგებს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებს შეასწავლის

სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ? – მირიან ჯუღელი