Intel-ის პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი მსოფლიოში. მის მიერ წარმოებულ პროცესორებს ბევრი ბრენდი თავისი ლეპტოპისთვის იყენებს. მაგალითისთვის, 2005 წლიდან 2020 წლამდე Intel პროცესორებს Apple იყენებდა. 1968 წელს დაარსებულმა ბრენდმა, იმ ეპოქაში, როცა ჯერ არც ინტერნეტი იყო და ტექნოლოგიებიც ასეთი განვითარებული არ იყო, უდიდეს წარმატებას მიაღწია და ამ წარმატებულ გზას დღეს ყველა ერთად, მისი ისტორიის გაცნობით გავივლით.
მოკლედ კომპანიის შესახებ
Intel 1968 წლის ივლისში ამერიკელმა ინჟინრებმა რობერტ ნოისმა და გორდონ მურმა დააარსეს. კომპანიას არ აქვს არქეტიპული ისტორია – მის დამფუძნებლებს არც 30 დოლარით დაუწყიათ ბიზნესი და არც ავტოფარეხში. პირველი ინვესტიცია, არც მეტი, არც ნაკლები, 2,5 მილიონი დოლარი იყო. ინვესტორი არტურ როკი, ამერიკელი ფინანსისტი გახდა, რომელმაც გამოიგონა ტერმინი „ვენჩურული კაპიტალისტი”.
Intel-ის დამფუძნებლები იყვნენ გამოცდილი, საშუალო ასაკის ტექნოლოგები, რომლებსაც კარგი რეპუტაცია ჰქონდათ. ნოისი იყო ინტეგრირებული მიკროსქემის გამომგონებელი, მური კი Fairchild Semiconductor-ის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელი. ინტელის დაარსებისთანავე, ნოისმა და მურმა Fairchild-ის სხვა თანამშრომლები აიყვანეს, მათ შორის უნგრელი წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ენდრიუ გროვი. შემდგომ, წლების განმავლობაში ეს სამი ადამიანი ერთად ხელმძღვანელობდა გუნდს.
სახელწოდება
თავისი ისტორია აქვს კომპანიის სახელწოდებასაც. მურსა და ნოისს თავდაპირველად Moore Noyce-ის დარქმევა სურდათ, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, დაერქმიათ Intel, რომელიც Integrated Electronics-ის აკრონიმია. აქ ისიც საინტერესოა, რომ მათ სახელი შეიძინეს სასტუმროების ქსელ Intelco-სგან.
Intel-ის პროდუქტები
კომპანიის პირველადი პროდუქტია ინტეგრირებული ციფრული ტექნოლოგიების პლატფორმა, რომელიც შედგება მიკროპროცესორისა და ჩიპებისგან. ინტეგრირებული ციფრული ტექნოლოგიების პლატფორმასთან ერთად, Intel ასევე აწარმოებს დედაპლატის ჩიპსეტებს, ინტეგრირებულ სქემებს, გრაფიკულ ჩიპებს და სხვა. საწყის ეტაპზე Intel-ის ბიზნესი ძირითადად ფოკუსირებული იყო DRAM-ზე (Dynamic Random Access Memory).
კრიზისი და გამოსავალი
მიუხედავად წარმატებული სტარტისა, მოგებამ ვარდნა დაიწყო, რადგან ამ დროს ბევრი სხვა კომპანიაც გაძლიერდა. მათ შორის იყო ტექნოლოგიების ერთ-ერთი გიგანტი, IBM-იც.
შეხედეს რა, კომპანიაში კრიზისი იყო, დამფუძნებლებმა აქცენტი მიკროპროცესორებზე გადაიტანეს. გადაწყვეტილება მოგვიანებით სწორი აღმოჩნდა, რადგან Intel აღმოჩნდა არა მხოლოდ წარმატებული საწარმო, არამედ ცნობილი ბრენდიც.
მიკროპროცესორზე ყურადღების გადატანა ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან კომპანიაში ზრდისა და ბაზარზე დომინირების წარმატებული ათწლეული დაიწყო. მისი Pentium პროცესორების ხაზის პოპულარობამ გადააჭარბა ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების ბაზარს და გახდა ცნობილი.
McAfee-ს შეძენა და გაფართოება
2010 წლის აგვისტოში Intel-მა შეიძინა კომპიუტერული უსაფრთხოების ტექნოლოგიების მწარმოებელი McAfee და ასევე, Infineon Technologies. ერთი წლის შემდეგ Intel-მა გააფართოვა თავისი ბიზნესი კაიროში SysDSoft-ის შეძენით. შესყიდვებთან ერთად Intel-მა დაიწყო დაწესებულებების გაფართოება. 2011 წლის თებერვალში Intel-მა გამოაცხადა ახალი საწარმოო ობიექტის დაარსება ჩენდლერში, არიზონაში. იმავე წელს Intel-მა დაიწყო თანამშრომლობა ZTE Corporations-თან სმარტფონების წარმოების საპილოტე პროექტზე.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრიის გამორჩეული მოთამაშის სახელის უკან ინოვაციური მარკეტინგული და ბრენდინგის კამპანია დგას, სახელწოდებით Intel Inside. 2019 წელს Intel-მა 43-ე ადგილი დაიკავა Fortune 500-ის უმსხვილესი ამერიკული კომპანიების სიაში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი