in

რას გთავაზობთ გამომცემლობა ინტელექტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

წიგნის კითხვა, ავტორთან ერთად მისსავე წარმოსახვაში ხელჩაკიდებული სიარულივითაა. მთელი სიცხადით რომ აღიქვამ ფურცლებზე გადმოტანილი სამყაროს თითოეულ დეტალს, ხან რომ გამოგონილ ამბებში გვამოგზაურებს, ხანაც ისტორიის მტკივნეულ სიმართლესთან გვტოვებს პირისპირ. წიგნები, რომლებმაც ჩვენს გულებსა და შთაბეჭდილებებში დაიბუდეს, ცვლიან ჩვენს თვალსაწიერს და ვიმედოვნებთ, კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებიან. წიგნი არამხოლოდ მის ავტორს გვაცნობს ან მონათხრობის შთაბეჭდილებებს გვიტოვებს, არამედ გვაახლოებს მათთანაც, ვისაც ეს გზა გაუვლია, წაუკითხავს იგივე ამბავი და ჩვენსავით განუცდია. ასეთებს ხომ შორიდანვე ვცნობთ? ზოგჯერ, წიგნების თაროებს შორის ცნობისმოყვარე და დაფიქრებული მზერით, ან კიდევ, ჩვენი საყვარელი წიგნი თუ დავუნახეთ ხელში, რა გული გაგვიძლებს, საკუთარი აღფრთოვანება არ გავუზიაროთ…

გულითადი მკითხველისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი, ალბათ, წიგნის ფესტივალია, სადაც ჩვენთვის უკვე ნაცნობი ან ახალი ავტორების ისეთ ნამუშევრებს ვეცნობით, რომლებშიც ჯერ კიდევ არ გვიმოგზაურია. ახლაც, 26 მაისს, როდესაც ექსპოჯორჯიაში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება, ახალი თავგადასავლების მაძიებლებს, ოთხი დღის განმავლობაში შეგვეძლება საყვარელ ავტორებთან შეხვედრა ან ახლების აღმოჩენა. არ აქვს მნიშვნელობა, ნაკლებად ცნობილ ავტორს ეძებთ თუ ხმაურიანი ბესტსელერი გირჩევნიათ, შეუძლებელია არჩევანის მრავალფეროვნებამ მღელვარება არ მოგგვაროთ.

ამჯერად, გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან გელით. წელს, გამორჩეული სივრცე მოაწყვეს მკითხველების მასპინძლობისთვის. ახალი გამოცემების, პოპულარული სერიების, თანამედროვე ქართველი ავტორების რომანების, პოეტური და პროზაული კრებულების შეძენა განსხვავებული შეთავაზებით შეგეძლებათ და მათ შემქმნელებსაც ადგილზე გაიცნობთ. სამი დღის განმავლობაში, 25 თანამედროვე ქართველი ავტორი „ინტელექტის“ საგამოფენო სივრცეში გიმასპინძლებთ: ერეკლე დეისაძე, ბასა ჯანიკაშვილი, მაკა ლდოკონენი, დათო გორგილაძე, გაბრიელ ტანიე, გაგა ნახუცრიშვილი, ნინო სამყურაშვილი, გვანცა შუბითიძე, თამარ გეგეშიძე და სხვები. ფესტივალის მასპინძლებსა და აქტივობებზე უფრო მეტს ამ ბმულზე გაეცნობით.

არ გამოგრჩეთ ახალი წიგნების წარდგენა – „ინტელექტი“ გაგაცნობთ შემდეგ გამოცემებს: გაგა ნახუცრიშვილის „კინო „ყაზბეგი“, ბათა მარსაგიშვილის „ჯორჯიო და ჯეორჯინა“, „ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“ – ილუსტრირებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის წარდგენა, ნანა აბულაძის „ახალი აღქმა“, არტურ კოესტლერის „მზის დაბნელება“, მაკა ლდოკონენის „რა ვიკითხოთ ერთად“.

თუკი წიგნს თემატურად ეძებთ, იქნებ, აკრძალული წიგნების თაროს ან გაკვეთილების შემდეგ საკითხავის სერიებმა დაგაინტერესოთ? ან Magnum Opusma? თუკი, ბოლო დროს, დიქტატორების ისტორიებმა გაგიტაცათ, შეგიძლიათ ცადოთ 10 რომანი დიქტატურაზე. განა, მარტო დიდებისთვისაა?

თუკი ჩვენსავით ინტერესით ელით წიგნის ფესტივალს, ისეთ წიგნებზე გიამბობთ, რომლებიც შესაძლოა, თქვენს პირად ბიბლიოთეკას შემატოთ.

ანა პოლიტკოვსკაია, „პუტინის რუსეთი“

უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია უშიშრად ამხელდა რუსეთის ხელისუფლებას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. მან ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, უფრო მოგვიანებით კი უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა.

ანა პოლიტკოვსკაიას მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „პუტინის რუსეთი“ 2004 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. ავტორი „პუტინის რუსეთში“ მოქალაქეების ყოფის შესახებ მოგვითხრობს, ნამდვილი ისტორიების მაგალითზე, ფაქტებით გვიჩვენებს იმას, თუ როგორ არაფრად უღირს რუსულ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები, როგორ იბადება და იკვებება სისასტიკე და ბოროტება პუტინის რეჟიმში.
ანა პოლიტკოვსკაიას სიმართლის სამსახური საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა – ის წიგნის გამოცემიდან ორ წელიწადში, რუსეთის მიერ ხელდასხმული ჩეჩნეთის ლიდერის მამხილებელ მასალებზე მუშაობისას, 2006 წლის ოქტომბერში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

ერეკლე დეისაძე, „საქართველოს მოქალაქე“

რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს პოლიციელს მაშინ, როცა პოეტი ქუჩიდან განყოფილებაში მიჰყავს? რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ პოლიციის ამ განყოფილების უფროსი ამავე პოეტს სიკვდილამდე სცემს? იქნებ, პოეტს ის ქალი უყვარს, ვინც არ უნდა უყვარდეს? იქნებ ისე არ აცვია, როგორც საჭიროა? იქნებ ვინმე ისეთზე თქვა აუგი, ვისზე ხმის ამოღების უფლებაც არ ჰქონდა? იქნებ რაიმე ისეთზე დაწერა, რაზე წერაც არ შეიძლება?

იმას, რომ მსგავს შემთხვევებში ძალაუფლების მქონესთვის მოტივად და მიზეზად ყველაფერი შეიძლება იქცეს, ან საერთოდაც არ სჭირდებოდეთ თუნდაც პირობითი მიზეზები საკუთარი სისასტიკის გასამართლებლად, მტკივნეულად შეგახსენებთ ერეკლე დეისაძის ახალი წიგნი – „საქართველოს მოქალაქე“. მაშინ, როცა „საქართველოს მოქალაქე“ საკუთარი ქვეყნის პოლიციელების მიერ სიკვდილამდეა ნაცემი, საერთოდ უნდა ვსვამდეთ კითხვას, თუ რა იყო ამის მიზეზი? არსებობს ისეთი მოტივი, რომელიც ამას გაამართლებს?

„თ“ ბგერა ზედა კბილებთან ენის შეხებით გამოითქმის, მაგრამ როცა ენის წვერი აღარ გაქვს, თ-ს ვერ ამბობ და „თავისუფლების“ ნაცვლად „ავისუფლება“ გამოგდის“, – ამბობს ცემისას ენადასახიჩრებული პოეტი და ძალაუნებურად გვიჩენს კითხვას: იქნებ ჩვენ, საზოგადოება, საკუთარ ენაზე კბილის დაჭერითა და თავისუფლებისთვის არასათანადო ბრძოლით ვაძლევთ უღირს ადამიანებს „ავისუფლებას“?

უილიამ თეკერეი, „სნობების წიგნი“  

სიმართლე ჯერ ყოველთვის საამო არ არის, მაგრამ მაინც ყველაზე უკეთესია. ეს თითქოსდა ბანალური ფრაზა სულ სხვაგვარად ელვარდება, როდესაც გამოხატავს ეთიკურ მრწამსს ისეთი მწერლისა, რომელიც მართლისმთქმელობითაც გამოირჩევა და უამრავ უსიამოვნებასაც გადაჰყრია თავისი წრფელი, ტკივილიანი და დაურიდებელი სიტყვისათვის.

არ იკმარებდა უილიამ თეკერეი სნობთა მრავალფეროვანი გალერეის წარმოსახვას თავის რომანებში, განსაკუთრებით მაინც განთქმული „ამაოების ბაზრის“ ფურცლებზე; და საგანგებოდ ჩაუჯდებოდა და ჩაუღრმავდებოდა სნობიზმის არსსა და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას ინგლისელი სნობების მაგალითზე – განაზოგადებდა, გაასიმბოლოებდა და განაცხადებდა და მთელი სიგრძე-სიგანითაც გამოხატავდა ამ მოვლენას „სნობების წიგნში“.

თან თავსაც რომ არ დაზოგავდა? იმთავითვე აუწყებდა მკითხველს, რომ ამ ყოველივეს ერთი სნობთაგანი ჰყვებოდა, რითაც დაუბეჯითებდა, რომ სნობიზმის ბაცილა მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანის არსებაში ჩაბუდებულიყო და, თუ არ მოერეოდი, იქით მოგერეოდა და მთლად გაგასნობებდა.

თამარ გეგეშიძე, „ჩუმად უნდა იჯდე“

რა ვიცით მოზარდებზე, მათ პრობლემებზე, შეხედულებებსა და უფროს თაობასთან ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას მოზარდები და ზრდასრულები და სად ეჯახება ერთმანეთს მათი ინტერესები? რა ვიცით თოთხმეტი წლის ბიჭზე, რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები, თითქოს არაფერი იტაცებს და გულგრილობის ნიღაბს ამოფარებული მხოლოდ იმას ნატრობს, მისგან არაფერი მოითხოვონ?

ან რა შეიძლება, ვიცოდეთ ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლის ცხოვრებაზე, მის განცდებზე, მიღწევებზე, შეცდომებსა თუ მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე? ამოვიცნობთ კი ადამიანს საკლასო ოთახში, სადაც ის ცდილობს, მოსწავლეებს საკუთარი ძალა და უპირატესობები აჩვენოს, თუნდაც ყველაზე მეტად მათთან მეგობრული საუბრები ხიბლავდეს?

თამარ გეგეშიძის წიგნში „ჩუმად უნდა იჯდე“, ორი მთავარი პერსონაჟია – 14 წლის შიო და მისი მასწავლებელი მაკო, შესაბამისად, მოვლენებსაც ორი მხარე აქვს. შემთხვევითობისა თუ გაუგებრობის გამო, ეს ორი გმირი ერთმანეთს უპირისპირდება და შემდეგ ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, ამ კონფლიქტს უკავშირდება – სკოლის ისტორიები, მეგობრების მოსაზრებები, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ფიქრიც კი. ორივე პერსონაჟისთვის სკოლა გადაკვეთის წერტილია, ადგილი, სადაც ყოველთვის რაღაც იცვლება და სადაც ერთ დღეში კარგავ ან პოულობ საკუთარ თავს.

ზაზა ხალვაში, „მუჭში დამალული კენჭები“, ჩანაწერები 2000-2004 

„ეს წიგნი ზაზა ხალვაშის ავტოპორტრეტია – თავისუფალი, ყოველდღიური, სახელდახელო ფუნჯით მოხაზული ავტოპორტრეტი. ტეხილ შტრიხებში ვხედავთ ზაზას ისეთს, როგორსაც გარედან ვერ ვამჩნევდით, მაგრამ ვგრძნობდით, წარმოვიდგენდით, ვვარაუდობდით. და, ამავე დროს, აქ ზაზა არის ისეთიც, როგორიც უდავოდ იყო, როგორსაც ვხედავდით. ამიტომ ორმაგი რაკურსით ვხედავთ მის სახეს: ერთი მხრივ, დაეჭვებული, სკეპტიკური, ფრთხილი; მეორე მხრივ, პირდაპირი, მართალი, უშუალო.

ამ ჭრილში ვხედავთ საინტერესო შემოქმედს, ღირსეულ პიროვნებას, ნამდვილ მოქალაქეს, რომლის შინაგანი სამყარო შენ თვალწინ იხსნება თანმიმდევრული დინამიკით – ფაქტი, მოვლენა, განცდა, განსჯა, თხრობა, დაფიქრება – დაბოლოს, ხვდები, რომ კითხულობ ზაზა ხალვაშის ავტობიოგრაფიულ პროზას“, – ივანე ამირხანაშვილი.

ზაზა ხალვაში, „იქ – ჩემთან“, სცენარები 1988-2014

„ის, რასაც ეკრანებზე ვხედავთ – სიცოცხლის, ბუნების, ადამიანის არსებობისა და გზებზე სვლის მარადიული წრებრუნვა და ქალაქების სოფლების, მტვრიანი ქუჩებისა და კამკამა ჰაერის სურნელი და შეგრძნება, მტკიცე პოზიცია, მახვილი მზერა და თავისუფალი აზროვნება, პირველ რიგში, სცენარებიდან, მათი წყობიდან, სიუჟეტის განვითარების სისტემიდან და ზიგზაგებიდან, ტემპო-რიტმიდან მოდის. პერსონაჟების დახასიათებებიც და ხასიათებიც, ატმოსფეროც და სხვადასხვა შეგრძნებაც, გარემოს თავისებურებები და დროთა კავშირის უწყვეტობა – სცენარებშივეა ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი. 

ეს ზაზა ხალვაშის სამყაროა მსოფლიო ცივილიზაციებისა და უკიდურესი ავთენტურობის საოცარი, დაუჯერებელი სინთეზით აწყობილი. თეთრი ნაკერის/ბლანდების გარეშე. ეს შეგრძნებები, ეს განწყობა, სამყაროსა და ადამიანების ასეთი ვიზუალური ხატები, ცხადი და „ხელმისაწვდომი“ სცენარებში, როგორც ეკრანზე, რა თქმა უნდა, არაა, არამედ გულისა და გრძნობებისთვის არიან განკუთვნილი. ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებითა და აღწერილობებით გადმოიცემიან. შემდეგ ზღაპრულ სურათებად ეწყობიან გამომსახველი ტექსტის მეტყველ გამოსახულებად – ცხოვრებისა და ადამიანების ყოველდღიურობისა თუ სიცოცხლის წარმავალობა-მარადიულობის შესახებ. ამ სცენარებში არაფერი გიკვირს და გაბნევს. ყველაფერს იღებ, როგორც გიყვებიან და გაჩვენებენ და შენც – მკითხველი – ცოცხლად და ნათლად წარმოიდგენ ამ შთამბეჭდავ სურათებს“, – ლელა ოჩიაური.

კლაუს მანი, „მეფისტოფელი“  

„მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ კლაუს მანის მეექვსე რომანი და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. იგი ემიგრაციაში დაიწერა და 1936 წელს გამოქვეყნდა ამსტერდამის გამომცემლობა „კერიდოში“, რომელიც აქტიურად გამოსცემდა გერმანულენოვანი ემიგრანტების ნაწერებს. თავად გერმანიაში რომანმა დღის სინათლე პირველად მხოლოდ 1956 წელს იხილა, და ისიც მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ეს რომანი ნაცისტური გერმანიის საზოგადოებაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი კრიტიკული ნაწარმოებია. იგი მოგვითხრობს მსახიობ ჰენდრიკ ჰიოფგენის სულიერი დეგრადაციის ამბავს. სცენის აღიარებული ოსტატის ზომაგადასული პატივმოყვარეობა, კიდევ უფრო დიდი სახელისა და ფულის მოხვეჭისკენ სწრაფვა მას გადააწყვეტინებს, ეშმაკს (ანუ ხელისუფლებას) გაურიგდეს. ამ გარიგების შედეგად ჰიოფგენი ბერლინის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება და ერთხანს ნაცისტური გერმანიის კულტურული ცხოვრების გავლენიან ფიგურადაც იქცევა. ეს გარემოება დიდწილად უკავშირდება მის პირად ნაცნობობას ხელისუფლების რამდენიმე მაღალი რანგის ფუნქციონერთან, უწინარეს ყოვლისა კი თავად პრემიერმინისტრთან, რომელსაც ერთგვარად ეამაყება კიდეც ხელოვანთა წრის ცნობილ წარმომადგენლებთან „მეგობრობა“. ჰიოფგენი მხოლოდ გვიან ხვდება, რომ მეფისტოფელთან პაქტის დადებით „ხელისუფალთა მაიმუნად“, „მკვლელთა გამრთობ ტაკიმასხარად“ იქცა.

ამ ნაწარმოების მნიშვნელობა არ ამოიწურება მხოლოდ მისი მაღალმხატვრული ღირსებით – იგი მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც. ნათქვამის დასტურად გამოდგება თუნდაც ის გარემოება, რომ რომანი რამდენიმე ათეულ ენაზეა თარგმნილი (მათ შორის თითქმის ყველა ევროპულ ენაზე). „მეფისტოფელის“ პირველი ქართული გამოცემა უდავოდ დიდი საჩუქარი იქნება არა მარტო გერმანული ლიტერატურითა და მესამე რაიხის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის, არამედ წიგნის ყველა მოყვარულისთვისაც.

“ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ”

No description available.
გარეკანის მხატვრობა: პიტერ სიზი, წინასიტყვაობის ავტორები: დევიდ ტენანტი და ჯონ ბოინი, ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ

ამ პლანეტაზე უკლებლივ ყველა დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ოცდაათი განსაკუთრებული მუხლით. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ვინც არ უნდა ვიყოთ, ეს ჩვენი უფლებებია და შეუძლებელია ვინმემ წაგვართვას.

ეს უნიკალური წიგნი „ამნესტი ინტერნეიშენალთან” პარტნიორობით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ხელმოწერიდან 60 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოიცა. დეკლარაციის თითოეული მუხლი უმშვენიერესადაა გაფორმებული საერთაშორისოდ აღიარებული ილუსტრატორების მიერ.

ნიკოლას ალანი, ქათრინ და ლორენს ენჰოლტები, ჯონ ბერნინგემი, ნიკი დეილი, ჰონგ სან დამი, პოლი დანბა, მარი-ლუიზ ფიცპატრიკი, მარი-ლუიზ გეი, დები გლიორი, ბობ გრეემი, ბრიტა გრენსტრომი, პიტ გრობლერი, სიბილ ჰეინი, სატოში კიტამურა, ოლე კიონეკი, ალან ლი, ფრეინ ლეზიკი გუსტი, ჯეკი მორისი, კორკი პოლი, ჟილ რაპაპორტი, ჯეინ რეი, კრის რიდელი, აქსელ შეფერი, ჯესიკა სუჰემი, იან სპივი გილქრისტი, ფერნანდო ვილელა, მარსია უილიამსი.

თუკი, ჩვენსავით გიყვართ წიგნები, შევხვდებით 26-29 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე. და მაინც, წინასწარ თუ გირჩევნიათ საფესტივალო კატალოგის ნახვა, ამ ბმულზე გამოგვყევით. საბავშვო პავილიონში კი, „ინტელექტის“ სტენდთან „ინტელექტი სკოლასა“ და საბავშვო გამოცემებსაც წააწყდებით.

[R]

აღმოაჩინე ნამდვილი ანტალია – გზამკვლევი მოგზაურებისთვის

მძიმე მეტალის ხმებით ვისკი დააძველეს!