„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – ბესიკ ხარანაულის ეს ფრაზა გამომცემლობა ინტელექტის მთავარი გზავნილია წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.
გამომცემლობა „ინტელექტი“ განსაკუთრებული სიახლეებითა და ფასდაკლებებით ელოდება ერთგულ მკითხველს წლის ერთ-ერთ მთავარ ლიტერატურულ ღონისძიებაზე.
30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „ინტელექტის“ მრავალფეროვანი გამოცემები დაგხვდებათ, მათ შორის უმნიშვნელოვანესი პროექტები:
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ – ახალი სერიის ოთხი წიგნი
„გადაცემა დახურეს. ათ წუთში ხმა გავარდა. ორ საათში ზვიად კვარაცხელიამ დამირეკა და „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ სერიის გაკეთება შემომთავაზა.
ვიუხერხულე, ამპარტავნებაში ჩამომართმევენ-მეთქი, ვიფიქრე. გულის სიღრმეში კი, რა თქმა უნდა, მესიამოვნა. ერთი ისაა, რომ ზვიად კვარაცხელია იდეამ თუ შეიპყრო, მისი ლექსიკონიდან უარის სიტყვები ქრება, ოთხივ კუთხით ხაფანგს დაგიგებს…
ამ სერიაში ის წიგნები შევა, რომლებიც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს კვალად დაეტყო (რა დასამალია, ზოგიერთის დავიწყებაც კი ვცადე, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე). ამ ტექსტებმა აღმაფრთოვანეს, შემიფარეს, თავიანთ თავში მაცხოვრეს, დამამწუხრეს, გამაბედნიერეს და, რაც მთავარია, დამარწმუნეს, რომ მხატვრული ლიტერატურა საუკეთესო ვაქცინაა იმ ვირუსისგან თავდასაცავად, რასაც ცხოვრება ჰქვია.
საფესტივალოდ ამ ოთხ წიგნს მოგაგებებთ. სერია კი გაგრძელდება, ისევე, როგორც გადაცემა…“, – წერს ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე.
სერიის ოთხი წიგნი ფესტივალზე ელოდება მკითხველს: გაბრიელ გარსია მარკესის „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ | „ფოთოლცვენა“ | „გენერალი თავის ლაბირინთში“ (ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ), კარლოს ფუენტესის „არტემიო კრუსის სიკვდილი“ (თარგმნა ლამარა თურმანიძემ), კამილო ხოსე სელას „პასკუალე დუარტეს ოჯახი“ (თარგმნა ლამარა თურმანიძემ), ნუგზარ შატაიძის „ნოემბრის წვიმა და სხვა“.
„ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“ – ნატო დავითაშვილის ახალი წიგნი „გაკვეთილების შემდეგ საკითხავ“ სერიაში!
„ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“ ჩვეულებრივი წიგნი არ გეგონოთ, რომელსაც უბრალოდ წაიკითხავთ, იქ მოყოლილ ამბავს გაიგებთ და პერსონაჟების ბედით დაინტერესდებით, მერე კი თქვენს კლასელებსა და მეგობრებს უამბობთ. ამ წიგნის ყველა მკითხველი მისი თანაავტორი ხდება და ვინ იცის, იქნებ ჯიბის კაცუნას თავგადასავალი ვერც გაგრძელდეს თქვენი ჩარევის გარეშე, მწვანე კუნძული კი წიგნის ფურცლებიდან საბოლოოდ გაქრეს.
ერთხელ მატარებლით მგზავრობისას ამ წიგნის ავტორმა, ნატო დავითაშვილმა, სათამაშოს დაკარგვის გამო ატირებული ბავშვი ცხვირსახოცისგან გაკეთებული თოჯინათი გაართო, რომელსაც ჯიბის კაცუნა დაარქვა. შემდეგ ამ ისტორიას წლების მანძილზე თავის მოსწავლეებს უყვებოდა და ისინი ამ მხიარული გმირის შესახებ სახალისო ზღაპრებსა და მოთხრობებს იგონებდნენ და წერდნენ, – ხან ზღვის პირას ათამაშებდნენ, ხან მთებში მიჰყავდათ, ხანაც საჰაერო ბურთით ასეირნებდნენ.
ახლა კი მოყოლილი თუ დაწერილი ამბები წიგნადაც გამოიცა, მაგრამ ამ წიგნის ფურცლებიდან ქრება მწვანე კუნძულის შესახებ ჩანაწერები, ჩანაწერებთან ერთად კი სახლები, ცხოველები და ადამიანებიც ქრებიან. მათ დასაბრუნებლად ჯიბის კაცუნას თქვენი დახმარება სჭირდება. მოემზადეთ, იგი ხან მწვანე კუნძულისკენ მიმავალი ცისარტყელას ხიდის აგებას მოგთხოვთ, ხან ნაყინის ფესტივალის ჩატარებას, ხანაც ზღვის ფსკერიდან ნივთების ამოტანას. თუმცა, თუ მეგობრობის, სიყვარულისა და სიკეთის ძალის გჯერათ, და გაკვეთილების შემდეგ საკითხავ წიგნებში მოგზაურობაც გიყვართ, ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ!
„შევხვდებით აგვისტოში“ – გაბრიელ გარსია მარკესის უკანასკნელი რომანი!
რომანი „შევხვდებით აგვისტოში“ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ესპანურენოვანი მწერლის მოულოდნელი საჩუქრია მკითხველთათვის. „ზოგჯერ წიგნებსაც სჭირდებათ დასვენება“, – ფიქრი გაანდო გაბრიელ გარსია მარკესმა თავის თანაშემწეს, მონიკა ალონსოს. ეს ამბავი 2004 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც მწერალმა ჯერ კიდევ სამუშაო ვერსია „შევხვდებით აგვისტოში“ გამომცემელ კარმენ ბალცელს გადაუგზავნა ბარსელონაში.
ოცი წელიწადი გაივლის და იმავე ქალაქში მწერლის დაბადების დღეს, 6 მარტს გაიმართება წიგნის პრეზენტაცია. ასე მიიღებს გაბოს ერთგული მკითხველი მისგან გარდაცვალების შემდგომ საჩუქარს. წიგნის გამოქვეყნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მკითხველთა ნაწილმა ის მწერლის სურვილის წინააღმდეგ ჩადენილ მკრეხელობად აღიქვა, რადგან მეხსიერებადაკარგული ნობელიანტის განაჩენი „წიგნი არ ვარგა. გასანადგურებელია“ – მის შვილებს არავისთვის დაუმალავათ. თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, წიგნი მკითხველამდე მისულიყო.
„შევხვდებით აგვისტოში“ გაბოსეული მაგიური რეალიზმის გამორჩეული ნიმუშია. ეს არის ამბავი ასაკოვან დაოჯახებულ ქალზე, ანა მაგდალენა ბახზე. ის ბორანს ყოველ აგვისტოს ჩაჰყავს კუნძულზე, სადაც დედამისია დაკრძალული. ეს მოგზაურობა დროთა განმავლობაში მაცდუნებელ პირობად იქცევა, რომ ქალი წელიწადში ერთი ღამით განსხვავებულ ადამიანად იქცეს. გარსია მარკესის შეუცვლელი და მომაჯადოებელი სტილით შესრულებული ეს ნაწარმოები ერთგვარი ოდაა სიცოცხლეზე, რომელშიც ქალის ბედნიერებისა და სიამოვნების სურვილი დროის სვლას არ ემორჩილება.
მწერალი ამ თემას ასეთი სიმძაფრით არასდროს შეხებია. რომანი პირველივე ფრაზიდან გვატყვევებს და ანა მაგდალენა ბახის თანამეგზურად გვაქცევს.
გაბრიელ გარსია მარკესი 1927 წლის 6 მარტს კოლუმბიაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ერთ პატარა სოფელ არაკატაში დაიბადა. მწერალმა, რომელმაც 1982 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, ოცი წლისამ გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა „დანებება მესამედ“, ხოლო ოცდაერთი წლისამ მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად. „საბეჭდი მანქანის ძლიერი ეშხით“ მოხიბლული ნახევარ საუკუნეზე მეტი ორივე პროფესიით თანაბრად იყო გატაცებული. მისმა გამორჩეულმა თხრობის მანერამ ათასობით მკითხველის საყვარელ მწერლად აქცია.
მაგიური რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ყოველთვის ამტკიცებდა, ჩემს რომანებში ერთი ამბავიც არაა, რომელიც რეალობაზე არ იქნებოდა დაფუძნებულიო. მარკესმა, ცალსახად, მეოცე საუკუნის ესპანურენოვან ლიტერატურაში გამორჩეული სამყარო შექმნა. გარდაიცვალა ქალაქ მეხიკოში 2014 წლის 17 აპრილს.
ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ხუსკივაძემ.
მარო
ახალი საქართველოს დაბადების მომსწრენი ვართ. ევროპისკენ ნაბიჯების გადადგმის. კედლების დანგრევის. საზღვრების გადალახვის. ცვლილებების დაუსრულებელი ციკლის. ეგაა ზუსტად ჩვენი ამბავი. მეხსიერების დაკარგვა და დაბრუნება. გზას აცდენა და გზის პოვნა. კვდომა და აღდგომა. ასეთად ვგრძნობთ აქაურობას. ჩვენი საქართველო ეგაა. მარო მაყაშვილის საქართველო, რომელიც სწავლობს, შრომობს და იბრძვის. საქართველო, რომელიც გაიმარჯვებს სახელოვნად!
ლევან ბერძენიშვილის სამტომეული „ლიტერატურული წახნაგები“
„ლიტერატურული წახნაგების“ პირველ ტომში ძველი მსოფლიოს ლიტერატურა მოხვდა. ყველაფერი იწყება გილგამეშის ეპოსით. ამ ეპოსის სახით ჩვენ წინაშეა მსოფლიოს უძველესი ლიტერატურული ძეგლი. ეს ეპოსი დაიკარგა და მეცხრამეტე საუკუნეში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. მანამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი დიდი ტექსტები, „ილიადას“ და „ოდისეას“ სახით, ჰომეროსმა დაგვიტოვა. ჰომეროსი უდიდესი ავტორია, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ საკითხების მთელ წყებას, რომელსაც მეცნიერები „ჰომეროსის საკითხის“ სახელით განიხილავენ, ვისაუბრეთ აქილევსის, ჰექტორის, აიასის, ოდისევსისა და აგამემნონის სახეებზე, ტროის ომზე, მის რეალობასა და ქრონოლოგიაზე, მასში ქართველების მონაწილეობაზე და ა. შ.
ჰომეროსთან ერთად ჩვენს წიგნში საუბარია ანტიკურ თეატრზე, ესქილეზე, სოფოკლეზე, ევრიპიდეზე, არისტოფანეზე, მათს ტრაგედიებსა და კომედიებზე, მათ ურთიერთობებზე, პერსონაჟებზე, დრამის წარმოშობაზე, თეატრის განვითარებაზე, ცალკეულ გრანდიოზულ პერსონაჟებზე: ოიდიპოსზე, ანტიგონეზე, მედეაზე, ორესტეზე… ტრაგედიასთან ერთად ვისაუბრეთ ძველ ანტიკურ კომედიაზე, კომედიის მამაზე, არისტოფანეზე, და მის გამორჩეულ პიესებზე: „მხედრებზე“, „ლისისტრატესა“ და „ბაყაყებზე“. ძველი ბერძნული პროზა ჩვენს წიგნში წარმოდგენილია პლატონის უკვდავი დიალოგებით – „სოკრატეს აპოლოგიითა“ და „ნადიმით“. ყველაფერ ამას მოსდევს საუბარი პუბლიუს ვერგილიუს მაროს „ენეიდაზე“, რომაულ „ილიადაზე“, რომელიც თავისი ეპოქის უდიდეს პოეტს რომის იმპერატორმა, გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუს ავგუსტუსმა შეუკვეთა.
მეორე ტომი აერთიანებს მსოფლიო ლიტერატურას რუსთაველიდან ნიცშემდე. ანტიკურობის უკანასკნელი გრანდიოზული შედევრის, ვერგილიუსის „ენეიდის“ შემდეგ საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურამ ვერაფერი ვერ შექმნა. ქრისტიანობა ებრძოდა წარმართობას და ფიგურალურად რომ ვთქვათ, „ევლალიას წამება“, „როლანდის სიმღერა“, „ბეოვულფი“ და „ნიბელუნგები“ ებრძოდნენ „ილიადას“, „ოიდიპოს მეფეს“, „მედეასა“ და „მეტამორფოზებს“. ბუნებრივია, ქრისტიანობამ ეს ბრძოლა ვერ მოიგო. დაიკარგა ძველი ტექსტების უდიდესი ნაწილი, მაგრამ ბრძოლას მაინც ჰომეროსი და მისი მეგობრები იგებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მოიძებნა კომპრომისი: არ ივარგა ფორმულამ „როლანდი“ „ილიადის“ წინააღმდეგ, სამაგიეროდ ივარგა ფორმულამ „დანტე და ვერგილიუსი“, ქრისტიანობამ კარი გაუღო ანტიკურობას და მსოფლიო ლიტერატურა ხელახლა იშვა.
ეს მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთან დაიბადა. ამიტომ გახსნის ამ ტომს სტატია „რუსთაველი და ჰომეროსი“. რუსთაველი და ჰომეროსი, დანტე და ვერგილიუსი, რენესანსი და ახალი დრო, – აი, რაზე გვექნება საუბარი. ეს საუბარი მოიცავს: რუსთაველს, დანტეს, რაბლეს, სერვანტესს, შექსპირს, გაივლის ფრანგულ კლასიციზმს – ჟან-ბატისტ მოლიერს, ჟან რასინსა და პიერ კორნელს და მივა გუსტავ ფლობერამდე, ედგარ პომდე, ჩარლზ დიკენსამდე, ემილი ბრონტემდე და ფრიდრიხ ნიცშემდე, ანუ მეცხრამეტე საუკუნის თითქმის დასასრულამდე…
„ლიტერატურული წახნაგების“ მესამე ტომი მსოფლიო ლიტერატურას ერთ-ერთი ყველაზე უხვსიტყვიანი მწერლიდან, ფიოდორ დოსტოევსკიდან იწყება და ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სიტყვაძუნწ მწერლამდე, ხორხე ლუის ბორხესამდე გრძელდება. დოსტოევსკი და ტოლსტოი ასრულებენ კლასიკურ ლიტერატურას, მათ ბოლომდე მიიყვანეს რეალიზმის შესაძლებლობები და დასახეს ახალი, მოდერნისტული ლიტერატურის კონტურები, მათ შორის, ცნობიერების ნაკადის პირველსახეობა (ანა კარენინას სიკვდილის ეპიზოდი, დოსტოევსკის შედევრი Кроткая – „თვინიერი“).
დაიწყო მოდერნიზმი, ლიტერატურა შეიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპულსი, რომელიც ლიტერატურამ მიიღო მეოცე საუკუნეში, იყო მარსელ პრუსტის შემოქმედება, განსაკუთრებით მისი უზარმაზარი ნაშრომი „დაკარგული დროის ძიებაში“. „წახნაგების“ მესამე ტომში თომას მანის მხოლოდ ერთი ნოველაა განხილული, მაგრამ „სიკვდილი ვენეციაში“ ბევრი მწერლის დიდ რომანს გაუტოლდებოდა. უდიდესი მწერალი, ჰერმან ჰესე კი სწორედ თომას მანთან მიმოწერითაა წარმოდგენილი, ოღონდ უნდა ითქვას, რომ ეს მიმოწერაც ბევრი დიდი რომანის ტოლფასია. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ სკანდალს, რომელმაც შემდეგ კინოშიც გადაინაცვლა: იგულისხმება გენიალური ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის მრავალ ქვეყანაში აკრძალული შედევრი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. გვერდი არ ავუარეთ მეოცე საუკუნის ლიტერატურის პირმშოს, დისტოპიას, ანტი-უტოპიას, რომელიც ჩვენს წიგნში ამ ჟანრის მთავარმა დიდოსტატმა, საუკუნის უდიდესმა ინტელექტუალმა, ოლდოს ჰაქსლიმ წარმოადგინა.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საუკუნის ლიტერატურულ კერპებს, ნობელიატებს: უილიამ ფოლკნერს, იასუნარი კავაბატასა და ალბერ კამიუს. ხოლო მეოცე საუკუნის ლიტერატურაზე საუბარი დავამთავრეთ ნობელის პრემიის ყველაზე უსამართლო გამოტოვებაზე, გენიალურ ხორხე ლუის ბორხესზე.
გამომცემლობა ინტელექტის საფესტივალო კატალოგი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.